LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანი, რომელიც ნორმალური წნევით ცხოვრობს, უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც მაღალ წნევაზე ამბობს, რომ „ჩემი წნევაა, არ მაწუხებს“ – კარდიოლოგი გიორგი კაპანაძე

1520
გიორგი-კაპანაძე

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ კლინიკა „ჰელსიკორის“ ინტერვენციული კარდიოლოგიგიორგი კაპანაძე სტუმრობდა, რომელმაც გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მნიშვნელოვან სიგნალებზე, ექიმთან დროული ვიზიტის აუცილებლობაზე, თვითმკურნალობის უარყოფით მხარეებზე, ხელოვნური ინტელექტით დასმულ დიაგნოზებზე თუ დანიშნულ მკურნალობებზე ისაუბრა.

გიორგი, ტკივილს გულის მიდამოში, რომელიც ჭეშმარიტად გულით არის წამოსული, განპირობებულია გულთან დაკავშირებული პრობლემით, ახლავს რაიმე ისეთი სიმპტომატიკა, რომელიც პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ აქ სხვა პრობლემა არ არის და ნამდვილად გულთან დაკავშირებული პრობლემაა?

საკმაოდ რთულად გასაცემი პასუხი მაქვს ამ კითხვაზე, რადგან ტიპური გულის ტკივილი, რომ ადამიანს გული სტკივა, მარტივად აღსაქმელი არ არის, ნამდვილ, ჭეშმარიტ გულის ტკივილს უამრავი გამოვლინება აქვს, მაგალითად, ჩვენ გვყოლია პაციენტები, რომელთაც თვეების განმავლობაში კუჭზე ჰქონიათ ეჭვი, კუჭის ტკივილი ჰქონიათ და სინამდვილეში გული ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს გამონაკლისებია, მაგრამ ასეთი რამ არც თუ ისე იშვიათად არის. გარდა კუჭისა, ბევრი სხვადასხვა სიმპტომატიკა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, ამიტომ ასე ერთი წინადადებით ჩამოყალიბება, რომ სახეზე ნამდვილად გულის ტკივილია, სწორი არ იქნება და ამას ვერავინ მოახერხებს. პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ რაც არ უნდა მოისმინონ გადაცემაში, ყოველთვის ძალიან ინდივიდუალურია თითოეული ადამიანი და თუ რაიმე პარალელს გაავლებენ ან არ გაავლებენ, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაისვან დიაგნოზი ან პირიქით, გამორიცხონ პრობლემა. ძალიან საშიში მიდგომაა, რომ მხოლოდ ინტერვიუს, რჩევების მეშვეობით ადამიანმა თვითმკურნალობა და თვით დიაგნოზის დასმა დაიწყოს, გამოიტანოს დასკვნები, ნამდვილად აქვს თუ არა მას გულის პრობლემები. ექიმთან კონსულტაცია გადამწყვეტია.

პირველ რიგში, ხშირად რის გამოც შედიან შეცდომაში ადამიანები, ეს არის გულის მარცხნივ ტკივილი. რა თქმა უნდა, ასეც გამოვლენილა ნამდვილი, ჭეშმარიტი გულის ტკივილი, მაგრამ ძალიან იშვიათად, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს. უკვირთ ხოლმე, რომ ვეუბნები – „გული მარცხნივ არ არის“, რეალურად, გული არის შუაში, უბრალოდ, გულის მარცხენა პარკუჭი გაცილებით დიდია და იქ ანატომიური თავისებურებები არის ისეთი, რომ საძგერიც უფრო მარცხნივ აქვს ადამიანს, ვიდრე შუაში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, გულმა ტკივილი იცის მკერდის ძვლის უკან, შუაში, ეს საკმაოდ ტიპური სიმპტომია და აუცილებელია, რომ დაუკავშირდეს რაიმეს, ეს რაიმე, პირველ რიგში, არის ფიზიკური დატვირთვა. ფიზიკური დატვირთვის დროს გულს მეტი ჟანგბადი სჭირდება, მეტი ჟანგბადის მიწოდება იქ რაღაც პათოლოგიურ პროცესებს არ შეუძლიათ, იქ არის ხოლმე შევიწროება, სტენოზი სისხლძარღვების და ამან შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს. ამიტომ, როცა ფიზიკურ დატვირთვას, მაღალ არტერიულ წნევას, რაიმე ემოციურ სტრესს უკავშირდება გულის სიმპტომატიკა, თუ გვაქვს რისკფაქტორები, ამას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. სიმპტომატიკა არ არის აუცილებელი გულის ტკივილით გამოვლინდეს, რადგან ხანდახან, საერთოდ არ სტკივათ ადამიანებს გული, მაგრამ სინამდვილეში, საკმაოდ დიდი პათოლოგია აქვთ და ამ დროს, პაციენტს შეიძლება, ჰქონდეს უჰაერობა, ადვილად დაღლა და ა.შ.

დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკსაც, როცა მირეკავენ და მეუბნებიან, რომ 20 – 25 წლის ადამიანს სტკივა გული, ნაკლებად, რომ ეს იშემიით გამოწვეული გულის ტკივილი იყოს, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და გვყოლია ისეთი პაციენტები, რომელთაც ჭეშმარიტად გულის ტკივილი ჰქონიათ, მაგრამ ეს იშვიათია. ამ დაავადებასაც თავისი ასაკი აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ასაკი არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება 35 წლის ადამიანს დაემართოს, გამორიცხული არაფერია და ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.

ინფარქტზე მინდა გკითხოთ, რატომ არის, რომ ზოგიერთი ადამიანი აღწერს მდგომარეობას ისე, რომ ის მან ფეხზე დგომის პერიოდში გადაიტანა, რომ არ ჰქონია მწვავედ გამოხატული იმდაგვარი კლინიკა, რომ ჰოსპიტალიზაცია დასჭირვებოდა, რასთან არის დაკავშირებული, რომ ვიღაცასთან საკმაოდ მწვავე მიმდინარეობის შეიძლება იყოს კლინიკა, ვიღაცასთან კი უსიმპტომოდ წარიმართოს, ასევე, რა შეიძლება, რომ შემდგომ ეტაპზე ამან გამოიწვიოს?

ამის ბევრი ფაქტორია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფაქტორი დიაბეტთან არის დაკავშირებული.

დიაბეტის დროს ძალიან ხშირად ხდება, რომ ინფარქტის დროს გულის ტკივილი არ ვლინდება, ასეთ შემთხვევაში, პაციენტებს უფრო აქვთ ხოლმე ადვილად დაღლა, უჰაერობა და ეს გამოწვეულია ნეიროპათიებით, რომელიც დიაბეტს ახლავს.

ალბათ, გაგიგიათ ტერმინი დიაბეტური ტერფი, რომლის დროსაც, ხშირად არის, რომ ადამიანს ტერფზე ვიზუალურად ბევრი დაზიანება აქვს, ზოგს, ამპუტირებაც კი აქვს, იმის გამო, რომ განგრენოზული პროცესები მიდის და იქ არის ხოლმე პათოლოგიური პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლძარღვებთან, მიკროცირკულაციასთან, რომელიც ირღვევა და ხშირად, ასეთ ადამიანებს ვერც შეუმჩნევიათ, ისე დანეკროზებიათ ქსოვილი. საკმაოდ უცნაურია ხომ, ადამიანს ფაქტობრივად ულპება თითი და შეიძლება, ტკივილი ვერ აღიქვას, ვერც გაიგოს, სანამ ვიზუალურად ვერ დაინახავს, რაც დაკავშირებულია ნეიროპათიებთან, სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესებთან, რომლებიც არ არის გამოვლენილი. ამიტომ არის, რომ ასაკიდან, რისკფაქტორებიდან გამომდინარე ადამიანებმა პერიოდულად უნდა ჩავიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები. რაც არ უნდა ჯანმრთელად გრძნობდე თავს, ადამიანმა რაღაც ასაკში ერთხელ მაინც უნდა მიმართო კარდიოლოგს და არა მარტო, არსებობენ ოჯახის ექიმები, ზოგადი პროფილის ექიმები, რომლებიც, მერე, სწორ მიმართულებას აძლევენ პაციენტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი ნაბიჯით შეგვიძლია დავასწროთ ისეთ მძიმე გართულებას, გულის იშემიურ დაავადებას, როგორიცაა ინფარქტი და არა მარტო, მართლა ერთი ნაბიჯით შეიძლება დაასწრო და მოწმენდილ ცაზე გაიგო, რომ გჭირს სერიოზული პრობლემა, რომელსაც შეიძლება, უფრო სერიოზული პრობლემები გამოეწვია, თუ დროულად არ მივიდოდით ექიმთან.

მართალია, რომ მამაკაცები უფრო მიდრეკილნი არიან გულის დაავადებებისკენ, ვიდრე ქალები?

იშემიურ დაავადებას და ინფარქტს თუ გულისხმობთ, ქალბატონებში და მამაკაცებში ნამდვილად განსხვავდება რისკფაქტორები გარკვეულ ასაკთან მიმართებაში. როგორც წესი, მამაკაცებში უფრო ადრე იწყება ეს პროცესი, ვიდრე ქალბატონებში და ეს, პირველ რიგში, ქალბატონების, ასე ვთქვათ, ჰორმონული სტატუსით არის განპირობებული.

მენოპაუზამდე თვითონ ეს ქალური ჰორმონები, ესტროგენები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ათეროსკლეროზული პროცესების, ასე ვთქვათ, დასტაბილიზებაში, გაჩერებაში. შესაბამისად, ქალებს, სანამ ეს მენოპაუზის პერიოდი დაუდგებათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორა აქვთ, რადგან მამაკაცებში დაავადება უფრო პროგრესირებს, ქალებში, კი სანამ მათ ციკლი მოწესრიგებული აქვთ, ამის ნაკლები შანსი არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალს, ვისაც მენოპაუზა არ აქვს, გულის იშემიური დაავადება არ დაემართება.

მენოპაუზის შემდეგ პირიქით დგება საკითხი. მწეველი ქალბატონები მენოპაუზის შემდეგ გაცილებით მაღალი რისკჯგუფის წარმომადგენლები არიან, ვიდრე მწეველი მამაკაცები.

ახალგაზრდა ასაკში ინფარქტი უფრო ხშირი არის მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, რასაც ვეღარ ვიტყვით 55 – 60 და ა.შ. ასაკებში, აქ ქალების იშემიური დაავადება უფრო აგრესიულად მიმდინარეობს, ვიდრე მამაკაცების.

რასაც ჰქვია უეცარი სიკვდილი და ახალგაზრდა ასაკში პირველადად გამოვლენილი გული იშემიური დაავადებები მამაკაცებში უფრო ხშირი იმ მიზეზით არის, რომ ისინი არასწორი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, უფრო ხშირად ეწევიან სიგარეტს.

აუცილებლად უნდა გკითხოთ სიმპტომებზე, რომლებიც შესაძლოა, რომ უშუალოდ გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებდეს, მაგალითად, ქოშინი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სხვა დაავადებებსაც შეიძლება, რომ ახასიათებდეს, ამიტომ როგორ მივხვდეთ სიმპტომები, რომლებიც გვაწუხებს, ნამდვილად გულიდან გამომდინარეობს თუ არა, სად დავსვათ სწორად აქცენტი?

ექიმთან კაბინეტში… ასე ვერ გავცემ ვერანაირ რეკომენდაციას, რომ ჰაერის უკმარისობა ნამდვილად გულის პრობლემიდან გამომდინარეობს თუ არა.

ზოგადად, ჰაერის უკმარისობა და ადვილად დაღლა ერთ-ერთი ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ ნებისმიერ პაციენტში, მაგრამ ეს ჰაერის უკმარისობა და დაღლა მხოლოდ გულისგან არ არის წამოსული, ბევრი სხვა მიზეზიც შეიძლება იყოს. მაგალითად, გვყავდა პაციენტი, რომელმაც 1 წელიწადში 20 კილო მოიმატა და ასეთ პრობლემებს აღნიშნავდა. ფაქტია, რომ ადამიანს, როცა ასე სწრაფად გივითარდება ასეთი ჭარბი წონა, იმ ფიზიკურ დატვირთვას ვეღარ გაუძლებ, რასაც მანამდე უძლებდი და ეს ადვილად დაღლა გექნება, თუმცა ამით ვერ გამორიცხავ, რომ აქ გულიც არ არის ჩართული. შესაბამისად, საჭირო არის სპეციფიკური კვლევები, რომელსაც ინდივიდუალურად ექიმი განსაზღვრავს.

ჰაერის უკმარისობა ვისაც აქვს, არ ნიშნავს აუცილებლად, რომ მას გული აწუხებს, მაგრამ ეს საყურადღებო ნამდვილად არის.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას, გენეტიკურ განწყობას. თუ ვიცით, რომ ჩვენს მშობლებს, ჩვენს სისხლით ნათესავებს ჰქონდათ გულის იშემიური დაავადება, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ჩვენc გვექნება, მაგრამ რისკჯგუფი ნამდვილად მაღალია.

აქედან გამომდინარე, სულ ვეუბნები ჩემი პაციენტების შვილებს, თუ მათ მამას 60 წლის ასაკში ინფარქტი დაემართა და თუ ისინი სიგარეტს ეწევიან, დიდი ალბათობით, მათაც დაემართებათ, ამიტომ სიგარეტის მოწევას თავი უნდა დაანებონ, რადგან ამას მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს. გენეტიკური განწყობა ერთია, მაგრამ მეორეა – შენ როგორ უწყობ ხელს გენეტიკური განწყობის პროგრესირებას.

ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველასთვის კარგია, მით უმეტეს, იმ პაციენტებისთვის ვისაც, გენეტიკური განწყობა აქვთ.

ძალიან ბევრ დაავადებას აქვს გენეტიკური წინასწარ განწყობა, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა რისკჯგუფში ვართ და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები.

კიდევ ერთი გავრცელებული მოსაზრება წნევას უკავშირდება, მართალია, რომ გულის პრობლემების ნაწილში, ადამიანები, რომლებიც შედარებით უფრო მაღალი ციფრებისკენ არიან მიდრეკილნი, უფრო მოწყვლადი ჯგუფია?

კი, რა თქმა უნდა.

როცა ადამიანს მაღალი წნევა აქვს, ეს შემდგომ, ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის გულს და არა მარტო, სხვა ორგანოებსაც. რა თქმა უნდა, მაღალი წნევის მქონე ადამიანები გულის დაავადებების განვითარების რისკჯგუფში არიან.

მაღალი წნევა ვისაც არ აქვს დაცულია გულის პრობლემებისგან?

სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით, თუმცა, რა თქმა უნდა, ის, რომ ადამიანს ნორმალიზებული აქვს წნევა, ეს გულს ძალიან ეხმარება და გულის პათოლოგიების განვითარებაში ნორმალური წნევა ძალიან ხელის შემშლელი ფაქტორია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც ნორმალური წნევა აქვს, არ შეიძლება, რომ გულის პათოლოგია ჰქონდეს.

რატომ შეიძლება, რომ ადამიანს ადრეულ ასაკში დაეწყოს წნევის პრობლემები და ესეც წარმოადგენს თუ არა ექიმთან ვიზიტის აუცილებელ მიზეზს, ასევე რა სიხშირით დაფიქსირებული წნევა გვაძლევს სიგნალს?

რა თქმა უნდა, კვირაში ერთხელ ახალგაზრდა ასაკშიც და ნებისმიერ ასაკშიც მაღალი წნევის დაფიქსირება, უკვე ნიშნავს, რომ გაქვთ რაღაც ჰიპერტონიული დაავადება, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება.

აუცილებელი არ არის, რომ აქ საჭირო იყოს წამალი და წამალს სვამდეთ, საერთოდ, ასე იწყება ჰიპერტენზიის მოწესრიგება, რომ ხდება მარილის შეზღუდვა, ასევე ხდება წონის კლება, ფიზიკური აქტიურობა. ეს სამი მეთოდი, რაც ჩამოვთვალე, ძალიან ბევრ პაციენტზე ძალიან კარგად მოქმედებს და ასეთ პაციენტებს საერთოდ არ სჭირდებათ ხოლმე წამლები, მაგრამ რადგან ეს ჩვენს რეალობაში ძალიან რთულია, იძულებულნი ვართ ხოლმე, რომ მალევე ჩავრთოთ პრეპარატი.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელი არ არის, რომ წნევას რაიმე მიზეზი ჰქონდეს, წნევა თვითონ არის ფიზიოლოგიური პროცესი, რა თქმა უნდა, პათოლოგიური ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც  რაღაც ასაკში ვითარდება. ის ზოგს ადრეულ ასაკში ეწყება, ზოგს ცოტა მოგვიანებით, ზოგს კი საერთოდ არ ეწყება, რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, რომ ყველას განუვითარდეს.

არსებობს პირველადი და მეორადი ჰიპერტენზიები. პირველადი ჰიპერტენზია უფრო ხშირია, ამ დროს, არანაირი წნევის გამომწვევი მიზეზი პაციენტს არ აქვს, არც ორგანული პათოლოგია და თვითონ წნევა არის პათოლოგიური პროცესი, რომელიც შემდეგ იწვევს უკვე სხვა ორგანოების დაზიანებას, ამიტომ არ გვჭირდება ჩვენ აქ არანაირი თირკმელების აუცილებლად გამოკვლევა და ა.შ. მოდაშია – „თირკმელები ხომ არ მაწუხებს, რატომ მაქვს წნევები“, რა თქმა უნდა, რეალობასთან ესეც ახლოს არის და არის ხოლმე რაღაც შემთხვევები, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია.

წნევას უნდა მივხედოთ და ნორმალური წნევით უნდა იცხოვროს ადამიანმა. ადამიანი, რომელიც ნორმალური წნევით ცხოვრობს, უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრობს, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც მაღალ წნევაზე ამბობს, რომ „ჩემი წნევაა, არ მაწუხებს“.

მინახავს, რომ ადამიანი ამბობს – „160 ჩემი წნევაა“, მისი წნევაა მისი გაგებით ნიშნავს, რომ მას თავი არ სტკივა, ცუდად არ გრძნობს თავს და ამ წნევით ცხოვრობს, მაგრამ ეს ასე არ არის 160 წნევით ცხოვრება იწვევს გულის და არა მარტო გულის, სხვა ორგანოების მნიშვნელოვან დაზიანებებს,  რაღაც დროის შემდეგ. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ წნევა იყოს ნორმალურ ციფრებში, 140-ზე დაბალი.

ყველა, ნებისმიერი პროფილის ექიმი ერთხმად თანხმდება, რომ ფიზიკური აქტივობა ადამიანისთვის აუცილებელია, მაგრამ აქაც ხომ გადის ზღვარი? რა თქმა უნდა, მე არ გეკითხებით პროფესიონალ სპორტსმენებზე.

კი, აქ საუბარია ზომიერ ფიზიკურ აქტივობაზე.

პირდაპირ ვამბობ, ძალიან ბევრი პროფესიული სპორტი უკვე რისკჯგუფშია შესული გულის დაავადებების განვითარების კუთხით.

ანუ გარდა იმისა, რომ ფიზიკური დატვირთვა კარგია, შეიძლება ის გულის პრობლემების ტრიგერიც გახდეს?

რა თქმა უნდა.

მაგალითად, მარათონელების, ველოსპორტით დაკავებული ადამიანების რეგულარული კარდიოლოგიური შემოწმება აუცილებელია და არა მხოლოდ კარდიოლოგიური, იმისთვის, რომ მათ მათი ფიზიკური დატვირთვიდან გამომდინარე პათოლოგიური პროცესები არ განუვითარდეთ.

თანამედროვე ფეხბურთი რომ ავიღოთ, ფეხბურთელები გაცილებით დიდ დატვირთვებს უძლებენ და გადიან ახლა, ვიდრე ადრე და ამის შედეგები უკვე გამოვლენილია იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრ პროფესიონალ ფეხბურთელს, არასწორი, გადაჭარბებული დატვირთვის გამო, ადრეულ ასაკში გამოუვლინდათ გულის პრობლემები.

ხშირად ადამიანები დამოუკიდებლად, თვითნებურად იღებენ გადაწყვეტილებას წამლის მიღებასთან დაკავშირებით და მათი არგუმენტი არის, რომ „მარტივი წამალია, ჩემი ახლობელიც სვამდა და არაფერს მავნებს თუ არ მიშველის“, აქ, ასეთ ადამიანებთან რა პასუხი გაქვთ?

რა თქმა უნდა, ძალიან სარისკოა, როცა გაუთვითცნობიერებელი ადამიანი თვითონ ინიშნავს წამალს ან სხვას ურჩევს.კი, შეიძლება, ეს გამოადგეს კიდეც, საბედნიეროდ, ყოველთვის ფატალურად არ მთავრდება ასეთი რაღაცები, მაგრამ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

მე თვითონ ექიმი ვარ და ხანდახან, როცა მე მჭირდება წამალი ჩემს კოლეგებს ვეკითხები.

პაციენტებთანაც კი მარტო არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, სიტუაციას ხშირად განვიხილავთ ერთმანეთში კოლეგები, რადგან მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა და ამ ყველაფერს გათვალისწინება და სწორი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების გაცემა და მკურნალობა სჭირდება.

რას ნიშნავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები?! ეს არის დიდი ინფორმაცია, უამრავი მასალა, სადაც არის ძალიან კარგი სტატისტიკური და არა მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები, რის საფუძველზეც პაციენტებს ვმკურნალობთ და ამის სწავლა და ამის აღქმა ასეთი ადვილი არ არის, ამას წლები სჭირდება. კარგია, როცა ადამიანები კითხულობენ, ეცნობიან თავიანთ დაავადებას, აქვთ რაღაც ინფორმაცია, მაგრამ ჯობია, რომ საქმე პროფესიონალებს მიანდონ.

მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს ახლობელი, მეგობარი ექიმი და მინიმუმ, მასთან მაინც გაიარონ სატელეფონო კონსულტაცია. ყოველთვის ჯობია და რა თქმა უნდა, აუცილებელიც არის, რომ ექიმი საქმის კურსში იყოს, რომ ექიმის რეკომენდაციით მიიღოთ წამლები.

მესმის, რომ ამდენი ინფორმაციაა, თანამედროვე საშუალებები, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ნამდვილად გამოსადეგია და მე არ ვიძახი, რომ არ უნდა გამოვიყენოთ, რას ჰქვია არ გამოვიყენოთ?! მომავალი, მგონი, მაგის არის, არა მარტო მედიცინაში, ბევრ რამეში და ის ძალიან დიდი ნაბიჯებით შემოაბიჯებს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა პროფესიონალების ადგილი ჯერჯერობით ვერ ჩანაცვლდება ვერანაირი ვერც ხელოვნური ინტელექტით და ვერც ინტერნეტ პლატფორმით მოწოდებული ინფორმაციით.

ერთხელ, მცდელობა მქონდა რაღაც ბლოგის ჩაწერის, რომლის თემაც ტკივილი გულ-მკერდთან დაკავშირებით იყო.  პირველი საცდელი გადაცემა ჩემს მეგობრებთან ერთად გავაკეთე, მაგრამ იმდენად არასაჭიროდ შეიძლებოდა, რომ მიმეცა რჩევა,  მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული. პირადად მე, სწორად არ მიმაჩნია, რომ დავდგე და ვილაპარაკო, რომ თუ ასე გტკივა, ეს აუცილებლად გულია და ორი დღის სიცოცხლე გაქვს დარჩენილი ან თუ ყოველდღე ერთ ჭიქა ღვინოს სვამ, კიბო დაგემართება. ვფიქრობ, რომ ასეთი რაღაცების მიწოდება სწორი არ არის, შეიძლება სხვა ძალიან დიდი ზიანი მიაყენო ადამიანს. ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული საჯაროდ კონსულტაციების გაცემა და მერე, ამის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება პაციენტების მხრიდან. თან, ეს ახლა ძალიან მოდური გახდა ჩემს კოლეგებშიც. მე არ ვიძახი, რომ ცუდია, რა თქმა უნდა, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ბევრი მათგანი, მაგრამ დრო და ძალიან სწორი გაანალიზება სჭირდება იმას, რომ თითოეული გაცემული რეკომენდაცია იყოს უფრო მეტად სარგებლის მომტანი, ვიდრე საზიანო.

დღეს, ყველა აქტიურად მოვიხმართ ხელოვნურ ინტელექტს, ვაშიფვრინებთ დიაგნოზებს, ვეკითხებით რჩევებს და ა.შ. ხშირად, ეს რჩევები საკმაოდ ადეკვატური და სასარგებლოა, მაგრამ როგორც ექიმს, მინდა გკითხოთ, შეიძლება, რომ ამას რაიმე რისკი ახლდეს თან?

სამწუხაროდ, შეიძლება.

ხელოვნურ ინტელექტს ჩვენ, ექიმებიც ვიყენებთ, ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება, ძალიან კარგი რაღაცაა, ძალიან შველის დროის დეფიციტს, თუმცა არ არის იმ დონეზე დახვეწილი და ალბათ, არც არასდროს იქნება, რომ მხოლოდ ამით მივიღოთ გადაწყვეტილებები, რადგან არის შეცდომების ალბათობა. რა თქმა უნდა, შეცდომების ალბათობა ადამიანებსაც გვაქვს და სამწუხაროდ, შეიძლება, ზოგჯერ, ბევრ ექიმზე უკეთესი რეკომენდაციაც მოგვცეს ხელოვნურმა ინტელექტმა…

შეგვიძლია, ხელოვნური ინტელექტით მივიღოთ ინფორმაცია, მარტივ რაღაცებში ვენდოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მაინც რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან ზოგადად, იქაც არ არის ყველა ეს ინფორმაცია გადამოწმებული და თვითონ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმიც ისეთია, რომ აუცილებლად უნდა დაგიბრუნოს რაღაც პასუხი და ბევრ შემთხვევაში, ეს შეიძლება, რომ ძალიან საზიანო აღმოჩნდეს.

რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კარგია, აუცილებელია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.

თქვენი დაკვირვებით, რა არის ის ძირითადი შეცდომა, რასაც ჯანმრთელობასთან მიმართებაში ყველაზე ხშირად უშვებენ ადამიანები?

ალბათ, შიში, ბევრ ადამიანს ეშინია ექიმთან მისვლის, რადგან არ უნდა, რომ პრობლემას პირისპირ შეეჯახოს და ეს არ არის სწორი. დღეს, მედიცინა ძალიან განვითარებულია და ნამდვილად ძალიან ბევრ დაავადებას ვშველით, მით უმეტეს, თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზეა საუბარი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 21-ე საუკუნეში თითქმის არ არსებობს პრობლემა, რომ სწორად ვერ ვმართოთ და რაღაც შეგვეშალოს. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი კარდიოლოგი და კარდიოლოგიური კლინიკაა.

ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო მალე მივხედავთ პრობლემას.

ადამიანებს ძალიან ეშინიათ ხოლმე წამლებისაც და ესეც ძალიან დიდი შეცდომაა. წამლებს მხოლოდ იმიტომ არ ვსვამთ, რომ ავად ვართ, დღეს, ბევრი წამალი ინიშნება იმიტომ, რომ ადამიანი ავად არ გახდეს. ამიტომ, როცა სჭირდება ადამიანს, წამალი უნდა დალიოს. რომ ვიცოდეთ წამალი, რომელსაც დღეში ოთხჯერ დავლევდით და კიბო არ დაგვემართებოდა, ხომ დავლევდით?! სამწუხაროდ, ასეთი წამალი არ არსებობს, მაგრამ ბევრი ისეთი წამალი არსებობს, რომლის მეშვეობითაც ადამიანს ინფარქტი, ინსულტი და ბევრი სხვა დაავადება არ დაემართება.

ადამიანმა უნდა დალიოს ექიმის მიერ დანიშნული წამალი, მას არ უნდა ჰქონდეს პროტესტი და შიში ან ექიმთან მისვლის ან წამლის მიღების.