LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (25-31 მაისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

160
მიხეილ ცაგარელი

27 მაისამდე პერიოდი მეტ-ნაკლებად სასიკეთო ტენდენციებს ინარჩუნებს, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, მოლაპარაკებები თუ შეხვედრები უმჯობესია კვირის პირველ ორ დღეში დაგეგმოთ. 27 მაისიდან უკვე იწყება რთული ფაზა – დედამიწა გადადის უარყოფით ენერგოველში, რაც დაახლოებით 5 ივნისამდე გასტანს. აქედან გამომდინარე, კვირის მეორე ნახევარში მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, მით უმეტეს, რომ კვირას სავსემთვარეობაა – ენერგეტიკულად საკმაოდ მძიმე დღე.

ვერძი – კვირის პირველი ორი დღე მაქსიმალურად აქტიურად გამოიყენეთ, რადგან ყველა მიმართულებით პოზიტიური შანსები გეძლევათ. 27 რიცხვიდან კი მეტი ყურადღება გმართებთ: შესაძლოა საოჯახო პრობლემებმა იჩინოს თავი, რის გამოც მოგიწევთ კონკრეტული საყოფაცხოვრებო საკითხებით დაინტერესება და მათი მოგვარება. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში თქვენი მოტყუების ალბათობა მაღალია. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სტაბილურობა პარტნიორულ ურთიერთობებში. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისა და მოგზაურობის დროსაც, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებთან, მათ შორის მეგობრებთან ურთიერთობას, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე სახის დაძაბულობა.

კურო – 27 რიცხვიდან შესაძლოა გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას პროფესიულ სფეროში. მოსალოდნელია ურთიერთობების დაძაბვა ხელმძღვანელობასთან ან კოლეგებთან, ან საკუთარი პასუხისმგებლობის არასათანადო დონეზე გამოვლენა, რაც საპასუხო ნეგატიურ რეაქციებს გამოიწვევს და შეაფერხებს თქვენს კარიერულ განვითარებას. თუ გეგმავთ ინვესტიციებსა და კაპიტალდაბანდებებს, სჯობს ყოველივე ეს 27 მაისამდე განახორციელოთ, რადგან შემდგომი ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს ან გარკვეულ დანაკარგებთან იყოს დაკავშირებული; მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს. თუმცა, თქვენი ენერგოტონუსი სტაბილურია – ხართ შრომისუნარიანი, ენერგიული და დისციპლინირებული. ეცადეთ, ეს კვირა სიფრთხილით განვლოთ.

ტყუპები – მზე თქვენს ნიშანს გადის, შესაბამისად, ახლა თქვენი დროა და თორმეტ ზოდიაქოს ნიშანს შორის პრინციპში ყველაზე წარმატებული ხართ. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გაითვალისწინოთ დედამიწის უარყოფითი ენერგოველის გავლენა. თქვენს შემთხვევაში დადებითი ტენდენციები ჭარბობს: ჯანმრთელობა მდგრადია, მატულობს შრომისუნარიანობა და ოპტიმიზმი, მეგობრული კონტაქტებიც წარმატებით წარიმართება. კვირა ხელსაყრელია საინტერესო იდეების რეალიზაციისთვის, ასევე მოსალოდნელია თქვენს მიერ ავტორიტეტის მოპოვება და გაზრდა. თუმცა, ამავდროულად, სხვადასხვა მიზეზით შესაძლოა ზედმეტი ფინანსური ხარჯის წინაშე აღმოჩნდეთ, რაც დროებით ფინანსურ არასტაბილურობას გამოიწვევს.

კირჩხიბი – 27 რიცხვიდან მართებულად გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან სამსახურებრივ სფეროში შესაძლოა გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას. კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დაძაბვა ხელს შეუშლის სამუშაო პროცესს. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სტაბილური კავშირები მეგობრებთან და მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, აუცილებელია კონსულტაცია კომპეტენტურ პირებთან გაიაროთ. რაც უფრო მეტად შეიკავებთ თავს ზედმეტი საუბრისგან და დაიცავთ საიდუმლოებებს, მით უფრო მეტად წახვალთ წინ. კვირის მეორე ნახევრიდან იგრძნობთ ენერგიის კლებას და შრომისუნარიანობა აღარ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც კვირის დასაწყისში იყო.

ლომი – 27 მაისიდან შესაძლოა გარკვეულმა გულაცრუებამ იჩინოს თავი. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა სულიერი კრიზისის წინაშე დადგეს, ან რადიკალურად შეგეცვალოთ იდეალები. მატულობს ფინანსური დანაკარგების ტენდენციაც, ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ გაუაზრებელ ხარჯებს. მაღალია ყალბი ინფორმაციის („ფეიკების“) გავრცელების ალბათობაც. მაქსიმალურად ეცადეთ, თავი აარიდოთ კონფლიქტებს მეგობრებთან. კვირის პირველი ორი დღე – 25 და 26 მაისი  მაქსიმალურად გამოიყენეთ, რადგან ამ დროს პოზიტიური შანსები გაქვთ. ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და ეს ამ პერიოდის მთავარი დადებითი ტენდენციაა.

ქალწული – 27 მაისიდან გმართებთ ყურადღება, რადგან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის წინაღობებისა და კონფლიქტების წარმოქმნა, მათ შორის კოლეგებთან (განსაკუთრებით მანდილოსნებთან). იყავით ფრთხილი და წინდახედული, ნუ გამოიჩენთ სიხისტეს, სიჯიუტეს და მოერიდეთ გადამეტებულ პირდაპირობასა თუ სარკაზმს, რადგან ეს მხოლოდ დააზიანებს ურთიერთობებს. ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციისას მეტი ტაქტი და თავდაჭერა გმართებთ. მიუხედავად ამისა, თქვენი ენერგოტონუსი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სტაბილურობას, რის წყალობითაც შრომისუნარიანობა და შეუპოვრობა სათანადო დონეზე იქნება.

სასწორი – ენერგოტონუსს არ უჩივით, პირიქით, სასიცოცხლო ენერგია გემატებათ, მატულობს კომუნიკაბელურობა და გონებახვილობა. ეს ყოველივე ძალიან პოზიტიურ ტენდენციებს ქმნის, თუმცა აღნიშნული მხოლოდ კვირის პირველ ორ დღეს ეხება. 27 რიცხვიდან შესაძლოა პრობლემებმა იჩინოს თავი პროფესიულ სფეროში – მოიმატებს ზედმეტი ფინანსური ხარჯების, არასწორი კაპიტალდაბანდებებისა და წარუმატებელი ინვესტიციების ალბათობა. თუ 27 მაისიდან მგზავრობა ან მოგზაურობა გიწევთ, გამოიჩინეთ სიფრთხილე; ყურადღებით გააკონტროლეთ ბარგი და საბუთები, რათა თავიდან აიცილოთ სხვადასხვა სახის გაუგებრობა.

მორიელი – 27 რიცხვიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის ურთიერთწინააღმდეგობები და არასტაბილურობა, რაც საქმეებში გარკვეული პრობლემების აღმოცენების წინაპირობა გახდება. აუცილებელია, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ზედმეტი საუბრისგან და საიდუმლოებები შეინახოთ. ნუ იქნებით გადამეტებულად ეჭვიანი და სარკასტული, მოერიდეთ ადამიანებისთვის საკუთარი ნააზრევის პირდაპირ მიხლას, რადგან ეს მწვავე საპასუხო რეაქციებს გამოიწვევს. თქვენში შესაძლოა იმატოს წყენამ და სამაგიეროს გადახდის სურვილმა, ამიტომ მეტი დიპლომატია გამოიჩინეთ და ეცადეთ, პარტნიორულ ურთიერთობებში სტაბილურობა შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი – პირველ რიგში აღსანიშნავია თქვენი ენერგოტონუსის მატება, ხართ ფიზიკურად ძლიერი, იმატებს ემოციური სტაბილურობა, ინტუიცია და ოპტიმიზმი. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თქვენს წარმატებას. ეს პერიოდი საკმაოდ ხელსაყრელია ქორწინებისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის – როგორც ბიზნესის, ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. შეძლებთ, ახლებურად წარმოაჩინოთ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი. თუმცა, რადგან 27 რიცხვიდან ნეგატიური ტენდენციები ძლიერდება, გმართებთ სიფრთხილე: არ გაიფუჭოთ პარტნიორული კავშირები, მოერიდეთ კონფლიქტებსა და ინტერესთა დაჯახებას, რადგან ეს თქვენს რეპუტაციას ნეგატიურ დაღს დაასვამს.

თხის რქა – 27 რიცხვიდან შესაძლოა კვლავ შეგახსენოთ თავი ძველმა, გადაუჭრელმა პრობლემებმა, მათ შორის საოჯახო საკითხებმა. მოსალოდნელია ურთიერთობების დაძაბვა ახლობლებსა და ნათესავებთან, რომელთა მხრიდანაც თქვენს მიმართ კრიტიკა გაძლიერდება. კრიტიკას უნდა ელოდოთ კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხრიდანაც, რამაც შესაძლოა სამსახურებრივი კომუნიკაცია გაართულოს. ამიტომ გამოიჩინეთ წინდახედულება და ნუ აჰყვებით დაძაბულობას. ამავდროულად, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და გადადით ცხოვრების მშვიდ, ყოველდღიურ რიტმზე – ასე უფრო სტაბილურად განვლით ამ კვირის რთულ პერიოდს.

მერწყული – 27 რიცხვიდან თქვენს შემთხვევაში სირთულეები მოსალოდნელია ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. კონფლიქტებმა და ინტერესთა დაპირისპირებამ შესაძლოა იჩინოს თავი კოლეგებთან, ბიზნესპარტნიორებთან და ზოგ შემთხვევაში შვილებთანაც კი. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, წინდახედულება და სიფრთხილე. მთლიანობაში კვირა მაინც პოზიტიურია, რადგან გარკვეულწილად ხელს უწყობს ახალი იდეების რეალიზაციასა და კარგი ორგანიზატორული უნარების გამოვლენას. პერიოდი ხელსაყრელია რომანტიკული კავშირებისა და ქორწინებისთვის.

თევზები – 27 რიცხვის შემდეგ მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. ნუ აჰყვებით ბუზღუნს, მოერიდეთ დეპრესიულ განწყობებს და ეცადეთ, არც საკუთარი თავი და არც გარშემომყოფები არ აანერვიულოთ. ამ კვირაში ყველა საკითხი მშვიდად, გონივრულად და ზედმეტი ემოციების გარეშე გადაწყვიტეთ. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა ზოგიერთი გეგმა შეგეცვალოთ, იჩინოს თავი კონფლიქტებმა და ურთიერთგამომრიცხავმა მოვლენებმა. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა სხვების ან ოჯახის წევრების კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდეთ და საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ. აქედან გამომდინარე, 27 რიცხვიდან ეცადეთ მშვიდი ცხოვრების რიტმზე გადახვიდეთ, საკითხები დიპლომატიურად, საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით მოაგვაროთ და მეტი ყურადღება დაუთმოთ ჯანმრთელობას.

გეომაგნიტური დღეები – მიმდინარე კვირის განმავლობაში გეომაგნიტური აქტივობით ხასიათდება 27, 28, 30 და 31 მაისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები