LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასახდომი ინექციები თუ ბარიატრია – ექიმი ლაშა სარალიძე განმარტავს, ვის რომელი მეთოდი სჭირდება

12652
ლაშა-სარალიძე

„რა განსხვავებაა ბარიატრიულ ოპერაციასა და სხვადასხვა გასახდომ საშუალებას შორის, როდის დგება ბარიატრიული ოპერაციის აუცილებლობა, რაზეა დამოკიდებული ოპერაციის სირთულე, როგორია ოპერაციის მოსამზადებელი პერიოდი, რა აუცილებელი კვლევები და პროცედურები ესაჭიროება პაციენტს და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი“ – ამ და სხვა თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ქირურგმა, „ჯეო ჰოსპიტალსის“ აბდომინალური მიმართულების ხელმძღვანელმა – ლაშა სარალიძემ ისაუბრა.

ბატონო ლაშა, რა განსხვავებაა ბარიატრიულ ოპერაციასა და დღეს ყველაზე აქტუალურ და მოდაში შემოსულ გახდომის საშუალებებს შორის, მაგალითად, როგორიცაა ოზემპიკი, მუნჯარო და სხვა?

ბარიატრიული ქირურგია ეს გახლავთ ქირურგია, უხეში ჩარევა ადამიანის ორგანიზმში, იქ ჩვენ ვცვლით ანატომიას, ფიზიოლოგიას, რაც იმ ხანგრძლივი ეფექტის საწინდარია, რაც არის წონის კორექცია. 

ის პრეპარატები, რაც გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გვეხმარება, მაგრამ დღესდღეობით, ისინი მხოლოდ ბარიატრიული ქირურგიის დამხმარე საშუალებებად მოიაზრება, რადგან მხოლოდ მედიკამენტით მიღებული შედეგი ეს არის დროებითი ეფექტი, შესაბამისად, დროთა განმავლობაში და ეს დრო არ არის დიდი ხანი, შეიძლება, რამდენიმე თვის შემდგომაც კი, ისევ ძველ წონას დაუბრუნდეს პაციენტი.

ჯერჯერობით, ბარიატრიულ ქირურგიას ბარიატრიულ და მეტაბოლურ პრობლემებთან ბრძოლაში ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ვითარდება მედიცინა და ვნახოთ, შეიძლება, ხვალ-ზეგ გამოჩნდეს რამე ისეთი საშუალება, რაც ამ ქირურგიულ ჩარევას ჩაანაცვლებს, მაგრამ დღეს, ეს უალტერნატივოა, ხანგრძლივი და მყარი შედეგებიდან გამომდინარე.

ხშირად, დიეტა, ვარჯიში პაციენტის მრავალი მცდელობის მიუხედავად ეფექტური არ არის… როდის დგება ის ზღვარი, როცა აღარ მუშაობს დიეტები, ფიზიკური აქტივობა და ბარიატრიული ქირურგია სამედიცინო აუცილებლობა ხდება? ვინ იღებს გადაწყვეტილებას საჭიროა ბარიატრიული ქირურგია თუ ჯერ სხვა ტიპის ღონისძიებებია საჭირო, ამას წყვეტს ექიმთა გუნდი თუ შესაძლოა, პაციენტმაც გადაწყვიტოს?

თქვენ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ ის გზა, რასაც  ჭარბწონიანი ადამიანი, რომელსაც აქვს სხვადასხვა დარღვევები, გადის ბარიატრიულ ქირურგიამდე, როცა მან სცადა დიეტა, სწორი კვება, მედიკამენტი, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, საინიექციო მედიკამენტები, მაგრამ ვერ მიიღო შედეგი და ვერ მოახერხა თავისი სასურველი წონის მიღება და იმ დარღვევების კორექცია, რაც თან სდევს ამ წონას, მაგალითად, ეს არის შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა დისლიპიდემია, ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები, ასევე, შეიძლება, ბარიატრიული და მეტაბოლური პრობლემებით გამოწვეული იყოს უშვილობაც და ბევრი სხვა რამ.

სწორედ ასეთ დროს, როცა უშედეგოა კონსერვატიული მეთოდები, ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა, დგება ბარიატრიული და მეტაბოლური ოპერაციის საკითხი.

ბარიატრიულ ოპერაციას თავისი ჩვენებები გააჩნია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის პაციენტის სურვილი, პაციენტმა უნდა მოინდომოს და მიბრძანდეს ენდოკრინოლოგთან ან ქირურგთან. შემდეგ, ჩვენ შევისწავლით პაციენტს. ძირითადი კრიტერიუმი, რაც ყველაზე მარტივი განსასაზღვრია, ეს არის სხეულის მასის ინდექსი. სხეულის მასის ინდექსთან დაკავშირებით, სამედიცინო საზოგადოება შეთანხმებულია გარკვეულ სტანდარტებზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, მაგალითად, ჩვენთან სხვა არის, ევროპაში სხვა, ამერიკაში სხვა. ზოგადად, შეთანხმებულები ვართ ისე, რომ 40 და ზემოთ როდესაც არის სხეულის მასის ინდექსი, ასეთ პაციენტს არ არის აუცილებელი, რომ სხვა რამე დაავადებაც სჭირდეს, ეს უკვე ოპერაციის ჩვენებაა და ასეთ დროს, თუ პაციენტს სურს და არ არის ოპერაციის რაიმე სხვა უკუჩვენება, შეიძლება, რომ ბარიატრიული ოპერაცია დაიგეგმოს.

როცა სხეულის მასის ინდექსი 35-ია, პაციენტი შედარებით დაბალ წონიანია, მაგრამ აქვს ისეთი თანმხლები პათოლოგიები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა მხრივ მაღალი ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ძილის აპნოე, ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემა, როცა პაციენტებს, ელემენტარული გადაადგილება უჭირთ მაღალი წონიდან გამომდინარე, ესეც ჩვენებაა. 

არის მესამე კრიტერიუმიც, შეიძლება, 30 იყოს სხეულის მასის ინდექსი და იყოს გაუკონტროლებელი შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია, ის მძიმე ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, რომლებიც შეჭიდულია ამ მაღალ წონასთან და ესეც უკვე ჩვენებაა.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად ხდება, აუცილებელია, რომ ქირურგმა, ენდოკრინოლოგმა, ფსიქოლოგმა, მულტიდისციპლინარულმა გუნდმა დაარწმუნოს პაციენტი, აუხსნას, რომ მას ეს ოპერაცია ესაჭიროება და რომ ეს ოპერაცია მის მდგომარეობას გააუმჯობესებს. საბოლოო გადაწყვეტილებას ერთად იღებენ პაციენტი და მულტიდისციპლინარული გუნდი.

რა ტიპის, რა სირთულის ოპერაცია ჩატარდება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სირთულის პაციენტი გყავთ, რა თანმხლებ ქრონიკულ დაავადებებთან არის შეჭიდული მაღალი წონა თუ იმაზე, რამდენად მაღალია მისი სხეულის მასის ინდექსი თუ კიდევ რაიმე დამატებითი სირთულე არსებობს? ასევე, როდესაც ჩვენ სოციალურ ქსელში ბარიატრიული ოპერაციის შესახებ დავსვით კითხვა, უმრავლესად ასეთი ტიპის კომენტარებს წერდნენ, რომ „ვერ მოვერიე ზედმეტ 10 კილოგრამს“, ანუ აქ საუბარი არ იყო მაღალ სხეულის მასის ინდექსზე, აქ საუბარი იყო ზედმეტ 10 კილოგრამზე და ამ დროს როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება და რა ტიპის ჩარევას ახორციელებთ?

ზედმეტი 10 კილოგრამის მოსაშორებლად ოპერაციული ჩარევა არ კეთდება და ეს ოპერაციის უკუჩვენებაა. ვთქვათ, პაციენტი არის 90 კილო და უნდა იყოს 80 კილო, ამისთვის ოპერაციული ჩარევა არ შეიძლება.

თუმცა ჩვენ ვხედავთ ასეთ შემთხვევებს…

საქართველოში, არა მგონია, იყოს ასეთი შემთხვევები, რომ 10 კილოს გულისთვის, დაბალ BMI-ზე გაკეთდეს ეს ოპერაცია, რადგან მხოლოდ ადამიანის სურვილი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოპერაცია დაიგეგმოს. საინიექციო საშუალებები, აბები ზუსტად ასეთი 10 კილოს მოსაშორებლად ძალიან კარგია და ნაჩვენებია. 

კიდევ არის არაინვაზიური, ჩარევის გარეშე მეთოდი, როგორიცაა კუჭის ბალონირება, რა დროსაც კუჭში თავსდება სითხით სავსე ბუშტუკი, რომელიც იწვევს კუჭის გავსებას და დანაყრების შეგრძნებას, რაც თრგუნავს მადას, ამცირებს საკვების მოთხოვნილებას, რასაც კალორიულ დეფიციტამდე და შესაბამისად, წონის კლებამდე მივყავართ.

ზუსტად ასეთი 10-15 კილოგრამის გულისთვის შეიძლება ასეთი მარტივი და არაინვაზიური მეთოდი იქნას გამოყენებული, ასევე შეიძლება, გამოყენებული იყოს ინიექციები, მაგრამ ამასაც ჩვენება უნდა, ეს უკვე ენდოკრინოლოგმა უნდა დანიშნოს, მანამდე კი გამოკვლეული უნდა იყოს ყველაფერი, ორგანიზმის ენდოკრინოლოგიური სისტემა, რადგან ამას ბევრი გვერდითი ეფექტიც ახასიათებს და ასევე, არის ბევრი ისეთი დაავადება, რომელიც უკუჩვენებაა და რომელიც შეიძლება, პაციენტმა სულ არ იცოდეს, რომ სჭირს.

ბალონირება, რომელსაც ცოტა ხანში ჩვენს კლინიკაში უკვე შევთავაზებთ პაციენტებს, არის ძალიან მარტივი მეთოდი. ადრე, ეს კეთდებოდა გასტროსკოპიით, ანუ იძინებდა პაციენტი და ენდოსკოპით ხდებოდა მისი კუჭში შეტანა და ეს მაინც არასასიამოვნო მეთოდი იყო, მაგრამ ახლა, არის მხოლოდ ერთი ცოტა მოზრდილი აბის ზომის ტაბლეტი, რომელსაც პაციენტი ყლაპავს, რაც ჩვეულებრივად ამბულატორიულ რეჟიმში ხდება და მხოლოდ რენტგენის კონტროლი სჭირდება. პაციენტი 2-დან 3-თვემდე განაგრძობს წონის კლებას, კალორიული დეფიციტის ხარჯზე, ანუ მიღებული საკვების შემცირების ხარჯზე. მას აღარ სჭირდება ბევრი საკვები, მცირე საკვებითაც ნაყრდება. ამას შევთავაზებთ, როცა პაციენტს მხოლოდ 10-15 კილო აქვს მოსაკლები და ეს პაციენტები ბარიატრიულ პაციენტებად ნაკლებად ითვლებიან. შეიძლება, ეს მეთოდი უფრო მოთხოვნადი იყოს საზოგადოებაში.  

რამდენად მარტივი გზაა ბარიატრია გახდომისთვის თუ ეს საბოლოო გზაა?

მარტივის რა მოგახსენოთ, არც ერთი ოპერაცია მარტივი არ არის, მით უმეტეს, ბარიატრიული ოპერაცია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბარიატრიული ოპერაცია კეთდება ისეთ პაციენტზე, რომელსაც მაღალი სხეულის მასის ინდექსი აქვს, აქვს უამრავი თანმხლები დაავადება, ამიტომ ეს მარტივი გზა არ არის.

შეუძლებელია, მხოლოდ კალორიული დეფიციტით 60-80 კილო დაიკლო, ბარიატრიული ოპერაცია კი ამის საშუალებას აძლევს პაციენტს.

რა თქმა უნდა, ეს უხეში ჩარევაა, ჩვენ ვცვლით ანატომიას, ვცვლით ფიზიოლოგიას და ზუსტად ამის ხარჯზე მიიღწევა ის, რომ მიღებული შედეგი არის მყარი, თუმცა თუ პაციენტი არ მიჰყვება ექიმის რჩევებს, შეიძლება, რომ წლების შემდგომ წონა კვლავ დაბრუნდეს და შეიძლება, პაციენტს განმეორებითი ოპერაცია დასჭირდეს.

გარდა წონის კორექციისა, როგორც ვიცით, ბარიატრია სხვადასხვა დაავადებების დამარცხებაშიც დიდ როლს ასრულებს, აქ რა დაავადებებზეა საუბარი?

ბარიატრიული ოპერაციის შედეგად მიღწეული შედეგით თითქმის ყველა იმ დაავადების დამარცხება ხდება, რომელიც შეჭიდულია სიმსუქნესთან, ჭარბ წონასთან.პირველი, ყველაზე უფრო გავრცელებული დაავადება, ეს არის შაქრიანი დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორის დროს, ჩვენ შეგვიძლია, რომ სრულფასოვანი რემისია მივიღოთ, ანუ გავაჩეროთ ეს დაავადება, მოწესრიგდეს შაქრის ციფრები, შეჩერდეს ის დარღვევები, რაც უკვე დააზიანა შაქრიანმა დიაბეტმა.

უკვე რაც დაზიანდა, იმის უკან დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მაგრამ პროგრესირებას ვაჩერებთ ამ დაავადების და ვაღწევთ მყარ რემისიას, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადება, ფაქტობრივად, აღარ ვლინდება. მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტი ნებისმიერ სისხლძარღვს აზიანებს და შეიძლება, რომ მისით ორგანიზმის ყველა უჯრედი დაზიანდეს. შაქრიანი დიაბეტის დამარცხება ბარიატრიული ქირურგიის ყველაზე დიდი მიღწევაა.

აღსანიშნავია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, როცა ადამიანს ზედმეტი 90-100, თუნდაც 50 კილო აქვს და ის ამას იკლებს, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები, ფაქტობრივად, უკუვითარდება.

პაციენტს, რომელიც ვერ დადიოდა, შეიძლება, ითქვას, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, რომ დაფრინავს.

ერთი წლის მერე მოსულან და უთქვამთ, „მე სხვა ადამიანი ვარ, როგორ ვახერხებდი, როგორ ვცხოვრობდი აქამდე…“. ავიწყდებათ და უკვე ზღაპარი ჰქონიათ, როგორ დადიოდნენ 1 წლის წინ ზედმეტი 80 კილოგრამით.

დისლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, ძილის აპნოე ეს ყველაფერი უკუვითარდება, ასევე ცხიმოვანი ჰეპატოზი.

ასევე, აღსანიშნავია რეპროდუქციული უნარი, რადგან როდესაც ადამიანი ჭარბწონიანია, იქ ძალიან დიდი ენდოკრინოლოგიური დარღვევებია და შეიძლება, ჭარბწონიანობამ უშვილობაც გამოიწვიოს. ამ წონის კორექციის, წონის დაკლების შემდგომ, ბევრ ქალბატონს, როცა 5-7 წელი არ უჩნდებოდათ ბავშვი, ეს ბედნიერება ეწვევათ ხოლმე.

ბარიატრიულ ოპერაციასთან მიმართებაში, პაციენტებს ყველაზე ხშირად რისი ეშინიათ ხოლმე, რა არის ის, რის გამოც მათ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა?

პირველ რიგში, ყოველთვის არის ოპერაციის შიში და ეს ბუნებრივია. ძალიან ბევრს ეშინია ნარკოზის, რომ „გავიღვიძებ?“, „როგორ გავიღვიძებ?“… ზოგს იმის ეშინია, რომ ვეღარ შეჭამენ.

არის ადამიანების ტიპი, რომელთაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ და კვება მათთვის არის, როგორც ჰაერი, ჰაერივით აუცილებელია, რომ იკვებონ. ამბობენ, „მე თუ ვერ შევჭამე ის რაოდენობა, რაც მინდა, თუ ვერ შევჭამე ის, რაც მინდა, შეიძლება, ვერ ვიცოცხლო“ და ჩვენ ვეუბნებით, რომ მოვა დრო და თქვენ ყველაფერს შეჭამთ, მაგრამ რაოდენობას იმდენს ვეღარ შეჭამთ, მაგალითად,  თუ იღებდით 700 – 800 გრამს, ახლა 50 – 60 გრამს მიირთმევთ. ადამიანი საკვებს იღებს სიამოვნებისთვის… მიიღებ ამ სიამოვნებას, შეჭამ იმას, რაც გინდა, ოღონდ რაოდენობა იქნება მცირე.

როგორია ბარიატრიული ოპერაციის მოსამზადებელი პერიოდი, რა ტიპის მომზადებას, რა ტიპის კვლევებს საჭიროებს პაციენტი ოპერაციის დაგეგმვამდე და როგორ მართავთ პაციენტს ოპერაციის შემდგომ, შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით?

პაციენტი მომართვის დროიდან უკვე ხვდება მულტიდისციპლინარულ გუნდთან. პაციენტი, რა თქმა უნდა, მოდის ქირურგთან, თუმცაღა ჩვენ ვმუშაობთ ენდოკრინოლოგთან, ნუტრიციოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან ერთად. ვიკვლევთ, ფაქტობრივად, მთლიან ორგანიზმს, ყველა ორგანოს ფუნქცია უნდა იყოს შესწავლილი, რადგან ეს ოპერაცია პაციენტისთვის უსაფრთხო უნდა იყოს, ყველა ის პრობლემა, ყველა ის გართულება, რაც გაუთვალისწინებლობამ, გამოუკვლეველობამ შეიძლება, რომ გამოიწვიოს, თავიდან აცილებული უნდა იყოს.

ამის შემდგომ, პაციენტთან ერთად ხდება ოპერაციის დაგეგმვა და ოპერაციის ტიპის შერჩევა. ძირითადად არის ორი ტიპის ოპერაცია, ეს არის რესტრიქციული ბარიატრია, კუჭის დაპატარავებას, სლივ–გასტრექტომიას რომ ვეძახით და მეორეა ბაიპას ოპერაცია, როდესაც კუჭის მოცულობის შემცირებასთან ერთად, ვუმატებთ მალაბსორბციას ანუ მიღებული საკვების შეწოვის შემცირებას და ამით მიიღწევა ის შედეგი, რაც ჩვენ გვჭირდება.

ოპერაციის შემდგომ, პაციენტი სასურველი შედეგის მიღწევამდე, ფაქტობრივად, ჩვენი, ქირურგის, ენდოკრინოლოგის, ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ არის, თუ ამის საჭიროებაა.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა საქართველოში, დღესდღეობით, ისეთი პოპულარობით არ სარგებლობს, როგორც ევროპაში და ამერიკაში, თუმცა ჩვენთანაც არის უკვე, რომ ფსიქოლოგის მეშვეობით უფრო იოლია პაციენტისთვის იმ სხვადასხვა გამოწვევების დამარცხება, რაც პოსტოპერაციულ პერიოდში დგება, წონის კლებასთან და მისი ცხოვრების სტილის თუ რეჟიმის შეცვლასთან ერთად.

მულტიდისციპლინარული გუნდი ყველანაირად ვეხმარებით პაციენტს, სანამ სასურველ შედეგს მიიღებს, თუმცა შემდგომაც, გარკვეული პერიოდულობით პაციენტს კვლავ ესაჭიროება ვიზიტი ქირურგთან, ენდოკრინოლოგთან. შეიძლება, მას არც არაფერი არ აწუხებდეს, მაგრამ მაინც სასურველია, რომ წელიწადში ერთხელ პაციენტი, რომელმაც ჩაიტარა ბარიატრიული ოპერაცია და დაამარცხა ის დაავადებები, რომელიც მას აწუხებდა, მივიდეს ექიმთან პროფილაქტიკური გასინჯვების დროს და შეიმოწმოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ბაზაზე უკვე დაგეგმილია და მიდის მუშაობა, იქმნება გარკვეული კლუბი, სადაც ჩვენ ვაპირებთ, იმ პაციენტების ერთმანეთთან დაკავშირებას, რომელთაც უკვე გაიარეს ეს გზა, დაამარცხეს სიმსუქნე, თავიანთი დაავადებები და იმ პაციენტების, ვინც ახლა აპირებს ამ ყველაფერს, რომ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება.  დიდი სტიმული იქნება პაციენტებისთვის, როცა ნახავენ შედეგს, თუ რას შეიძლება მიაღწიონ ერთ წელიწადში.

რა არის ის ცვლილება, რასაც ძირითადად ხედავთ პაციენტებში, რამდენად შესამჩნევია ფსიქოლოგიური ცვლილება და ეს ფსიქოლოგიური ცვლილება უფრო დადებითია თუ უარყოფითი?

ჭარბი წონის კლების შემდგომ, როდესაც ნახავენ შედეგს, როდესაც რეგულირდება წნევა, დიაბეტი, როცა მშვიდად სძინავთ ღამე, როცა მარტივია გადაადგილება და როცა იმდენად დადებითია ის შედეგი, რასაც ჩვენ წარმატებული ბარიატრიული ოპერაციით ვიღებთ, დანარჩენი უკვე მეორე ფონზე გადადის. მე ჯერ არ მინახავს პაციენტი, რომელიც ამ ყველაფრით უკმაყოფილოა. თეორიულად, შეიძლება, იყოს პირიქითაც, მაგრამ ფსიქოლოგიური დახმარების შედეგად ესეც გაივლის. იმ დადებითის არ დანახვა, რაც ამ ოპერაციებს ახლავს თან, ძალიან რთულია.

არსებობს რაიმე სტატისტიკა, რომელიც გვეუბნება, ჭარბი წონის შემთხვევაში, სად არის მეტი პრობლემა თანმხლები დაავადებების კუთხით, მამაკაცებში თუ ქალებში და თქვენი გამოცდილებით, ვისთან უფრო მარტივია მუშაობა?

ძალიან ინდივიდუალურია, ქალებთან უფრო მარტივია მუშაობა თუ მამაკაცებთან, ეს ადამიანის პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული.

რა არის ის ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია, რომლის გახსენებაც შეგიძლიათ?

ერთი ისტორიის გამორჩევა ძალიან რთულია. ყველა პაციენტი, ვისაც აქვს ძალიან მაღალი სხეულის მასის ინდექსი, 180-200 კილო რომელიც არის და მას წელიწად ნახევრის შემდგომ, ოპერაციის შემდგომ, რომ ნახულობ, საერთოდ სხვა ადამიანი რომ არის, რომელიც მხოლოდ ღიმილით შეიძლება, რომ იცნო, ასეთი ადამიანები არიან და ინდივიდუალურად ერთის გამორჩევა შეუძლებელია. ადამიანი 130 – 140 კილოს რომ დაიკლებს, სულ სხვა ადამიანს ხედავ. 

მედიცინის ყველა დარგს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ჩვენ, ბარიატრიულ ქირურგებს გვაქვს სიამოვნება, რომ ვნახოთ ასეთი ეფექტი, რომ ადამიანი საერთოდ შეიცვალოს ოპერაციის შემდგომ და სხვა ადამიანი გახდეს, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

რამდენ ხანს გრძელდება კლების პროცესი და როდის იყინება ეს პროცესი, როდის შეიძლება, დავდგეთ რისკის წინაშე, რომ წონამ თავიდან დაიწყოს მატება?

ერთი წლის, წელიწადნახევრის მანძილზე ხდება წონის კორექცია.

შემდგომ, გააჩნია ოპერაციის ტიპს და ცხოვრების სტილს, როგორ იცხოვრებს ეს ადამიანი.

რესტრიქციული ოპერაციის, სლივ–გასტრექტომიის დროს უფრო მეტია რისკი, რომ თუ ადამიანი არ დაიცავს მითითებებს, დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა, 3-5 წლის შემდგომ, დაიწყოს წონის აკრეფვა და განმეორებითი ოპერაციის საჭიროების წინაშე დადგეს.

ბლიც კითხვები:

ოპერაციის მერე ისევ მოიმატებს თუ არა ადამიანი?

არ მოიმატებს, თუმცა როგორც გითხარით, არის გარკვეული რისკფაქტორები.

თუ პაციენტი დაიცავს იმ მითითებებს, დარიგებებს, რასაც ჩვენ მას ვურჩევთ, მაშინ არ მოიმატებს.

დაპატარავებული კუჭი ისევ იზრდება?

თუ პაციენტი დაიცავს ყველა მითითებას და რჩევას, არ გაიზრდება, თუმცა თეორიულად, შეიძლება, გაიზარდოს.

ხაჭაპური და ტკბილეული მუდმივად ეკრძალება თუ არა ადამიანს?

არა, მუდმივად არ ეკრძალება, ხაჭაპურიც შეიძლება, რომ მიირთვას და გარკვეული დოზით, ტკბილეულიც, აქ მხოლოდ რაოდენობაზეა საუბარი.

პაციენტმა საკვების ნებისმიერი სახეობა შეიძლება, რომ მიიღოს, ოღონდ მცირე რაოდენობით.

მოგვანიჭებს თუ არა საჭმელი ისეთივე სიამოვნებას, როგორც ადრე?

ზუსტად იგივე სიამოვნებას მიიღებთ საკვებით, როგორსაც იღებდით და შეიძლება, უფრო ცოტაც გეყოთ ამისთვის.

ამბობენ, რომ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ასეთი ჭარბი წონა, არ აქვთ ნებისყოფა, მართალია?

ამას ვერ ვიტყვით, რადგან შეიძლება, რომ სიმსუქნე სხვადასხვა ქრონიკულმა დაავადებამაც გამოიწვიოს.

თუ პაციენტი გკითხავთ, „ხომ არ შევიცვლები ისე, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვიცნობ?“, რა პასუხს გასცემთ?

შეიცვლებით  უკეთესობისკენ ისე, რომ შეიძლება, საკუთარი თავიც ვერ იცნოთ.

ოპერაციის მერე, პირველ რიგში რა იცვლება, თვალები, გამოხედვა, განწყობა?

თვალები და ღიმილი იგივე რჩება, იცვლება სხეულის ფორმები, ფიზიოლოგია, ანატომია.

ოპერაციის შემდგომ იცვლება ფიზიოლოგია, რომელიც ვლინდება წონის კლებაში და იმ დაავადებების უკუგანვითარებაში, რაც მანამდე აწუხებდა პაციენტს.

<