„რა ძირითადი ტიპის თავის ტკივილები იჩენს თავს და როგორ უნდა განვასხვაოთ, თუ საიდან მოდის ეს პრობლემა, როგორ ამოვიცნოთ შაკიკი, თავის ტკივილის შემთხვევაში რა დროს ინიშნება MRI კვლევა, კავშირშია თუ არა თავის ტკივილი ინსულტის შესაძლო განვითარებასთან“ – ამ და სხვა საკითხებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა-ნევროლოგმა, კახა ახვლედიანმა ისაუბრა.
ბატონო კახა, თქვენი დაკვირვებით, რა ძირითადი ტიპის თავის ტკივილები იჩენს თავს და როგორ უნდა განვასხვაოთ, საიდან მოდის ეს პრობლემა, რატომ გვტკივა თავი?
პირობითად, ითვლება, რომ თავის ტკივილი შეიძლება, ყველამ განვიცადოთ, მიუხედავად ასაკის, სქესის და ჯანმრთელობის მდგომარეობისა. დიახ, სრულად ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება, რომ ჰქონდეს ამა თუ იმ ტიპის თავის ტკივილი და ეს განიხილება ისეთ ფენომენად, რომელიც შეიძლება, რომ თავისითაც გადიოდეს, ანუ არ საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას. მინდა, ყურადღება გავამახვილო სწორედ იმაზე, თუ როდის არის სამედიცინო ჩვენება და როდის არის მდგომარეობა, რომელიც შეგვიძლია, რომ თვითდინებაზე მივუშვათ.
პირველ რიგში, თავის ტკივილი არ არის დაავადება, ეს არის მდგომარეობა, როცა გრძნობ ტკივილის და ეს ტკივილი შეიძლება, რომ სავსებით ყოფითი იყოს, მაგალითად, მშიერ, დაღლილ, გამოუძინებელ მდგომარეობაში, დახუთულ გარემოში ხანგრძლივი ყოფნისას, ასევე სიცივის ან სითბოს, ტემპერატურული მერყეობის ზეგავლენითაც შეიძლება, რომ თავი გვეტკინოს.
შესაბამისად, თავის ტკივილი არის სხეულის გარკვეული რეაქცია, რომელიც აღნიშნული ფაქტორების გასწორებასთან ერთად გაივლის, მაგალითად, მშიერი ხარ, ისაუზმებ, გამოუძინებელი ხარ, გამოიძინებ, დაღლილი ხარ, დაისვენებ, მაშინვე ან ნელ-ნელა გაივლის. შესაბამისად, ეს შეიძლება არ იყოს არანაირი განგაშის ან ექიმთან მიმართვის საფუძველი, მაგრამ ამავდროულად, ეს შეიძლება, იყოს ისეთი ფენომენი, რომელიც ისევ და ისევ მეორდება და გარკვეულ გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე, ანუ იმაზე, თუ როგორ გრძნობ თავს და რამდენად შეგიძლია ჩვეული საქმიანობა. შესაბამისად, ეს მდგომარეობა შეიძლება, რომ საჭიროებდეს გარკვეულ განათლებას და სამედიცინო მიმართვას, რომ მასთან ერთად თანაცხოვრება შეძლო. მაგალითად, შაკიკის ან სხვა ციკლური მოვლენის დროს, რომელიც მეორდება რაღაც პერიოდულობით, მასთან თანაცხოვრება გიწევს გარკვეული პერიოდით, შესაბამისად, ამის მართვა უნდა იცოდე და აქ სამედიცინო განათლება და ექიმის რჩევა შეიძლება, რომ ძალიან გამოსადეგი გახდეს. როგორც უკვე ვთქვით, არსებობს სხვადასხვა სახის ტკივილი, შესაბამისად, სამედიცინო მიდგომის და ჩარევის მოცულობა, ინტენსიურობა შეიძლება, რომ ძალიან განსხვავებული იყოს. მოგეხსენებათ, ძალიან ხშირად, ტკივილის დროს იყენებენ ტკივილგამაყუჩებელს და ტკივილიც გასდით და შესაბამისად, ეს რაღაცნაირად თვითმართვის ფორმაში გადადის. თუ ეს ტკივილი არ არის ხშირი და შემაწუხებელი, შეიძლება, ჩვენ ამას არც აღვიქვამდეთ, როგორც რაღაც სერიოზულ პრობლემას, მაგალითად, „თავი წამომტკივდა“, „ დღეს, რაღაც კარგად ვერ ვარ“.
ასევე, გასათვალისწინებელია, თუ წინა დღეს ძალიან ინტენსიური სუფრის წევრი იყავით ან მონაწილეობა მიიღეთ რაღაც ტიპის საზოგადოებრივ საქმიანობაში, სადაც გამოიყენეს დემონსტრაციის მართვის სხვადასხვა საშუალებები, ჰაერში რაღაც გააფრქვიეს, მრავალი ექსპოზიცია არსებობს. ასევე, ქალაქში არის არანორმალური ავტოსაგზაო მოძრაობა და ძალიან ბევრი გამონაბოლქვი, ანუ არსებობს რაღაცები, რის გამოც ჩვენ შეგვიძლია რაღაცას დავაბრალოთ თავის ტკივილი, რაღაცას შევეგუოთ, რადგან ადაპტაციის უნარი ყველას გაგვაჩნია და აქ არის სწორედ ის მომენტი, როცა ექიმთან მიმართვა და სწორი რჩევების მიღება შეიძლება, რომ დაგვიანდეს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რამდენიმე წელი პაციენტი ამ ტკივილს იტანს, ითმენს, რაღაცნაირად შეეგუა კიდეც და თურმე, რა ადვილია ამისგან თავის არიდება. ეს არის ის მომენტი, როცა უკვე საჭირო ხდება სამედიცინო დახმარება.
არსებობს კიდევ ძალიან სერიოზული დაავადებები, რომელთა ერთ-ერთი გამოვლინებაც შეიძლება, რომ თავის ტკივილი იყოს და ამ შემთხვევაში, რადგანაც თავის ტკივილის უკან სერიოზული დაავადება დგას, აუცილებლად საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, რადგან შეიძლება, რომ სავალალო შედეგი დადგეს. ამ დროს, დროული მიმართვა და დროული დიაგნოსტიკა აუცილებელია.

აქვს თუ არა ე.წ. საშიშ თავის ტკივილს კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატული სიმპტომატიკა, მაგალითად, ხანგრძლივობის, ინტენსივობის კუთხით?
არა. ზოგადად, თავის ტკივილები კლასიფიცირებულია, როგორც პირველადი და მეორადი.
პირველადი ნიშნავს, რომ არაფერი მიზეზი არ აქვს და თავისთავადია, იქ შეიძლება, იყოს რაღაც მაპროვოცირებელი, მაგალითად, შავი ღვინის ან შოკოლადის გავლენით, ქარიან ამინდში, უძილობისას შეიძლება, რომ შაკიკის შეტევის პროვოცირება მოხდეს, მაგრამ ამ წითელი ღვინის, შოკოლადის გამო არ არის შაკიკი, ის არის თავისთავადი, პირველადი თავის ტკივილი, შესაბამისად, ყველა გამოკვლევა, რომელსაც ჩავატარებთ, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა იქნება თუ სხვა, აბსოლუტურ ნორმას აჩვენებს. ზოგადად, ავად არ ხარ, თუ ეს ეპიზოდურ ხასიათს ატარებს, რომლის მართვაც იცი და რომელთან ერთადაც თანაცხოვრება შეგიძლია რაღაც ასაკობრივ პერიოდში.
ასევე, არსებობს თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია სხვა მიზეზით და ამას მეორადი თავის ტკივილი ჰქვია. ეს სხვა მიზეზი შეიძლება, რომ სასიცოცხლოდ საფრთხის შემცველი იყოს, მაგალითად, იყოს ანევრიზმული სისხლჩაქცევა, რაღაც ანთება და ინფექცია, მოცულობის მატება და ზრდა, ანუ დაავადებები, რომელთაც ტკივილის გარდა, ახლავს სხვა სიმპტომებიც და ეს მიზეზი თუ არ დაფიქსირდა, თუ არ მოხდა ამოცნობა, მისი დროული მკურნალობა, ტკივილი ტკივილად, მაგრამ სხვა ბევრი სავალალო გამოსავალიც შეიძლება დადგეს.
პარადოქსი იმაშია, რომ პირველადი თავის ტკივილი, რომელიც დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, შეიძლება, რომ გაცილებით ინტენსიური იყოს და უფრო ითხოვდეს მიშველებას და მეორადი თავის ტკივილი, რომელიც უფრო სერიოზული გამოსავლით შეიძლება, რომ იყოს დამძიმებული, ნაკლების ინტენსივობის ან სხვა ფაქტორების გამო, შეიძლება, რომ ექიმთან მიმართვიანობა გადაიდოს და იმის გამო, რომ ტკივილი ინტენსიური არ არის, ძალიან მნიშვნელოვანი დრო დაიკარგოს და ძალიან მნიშვნელოვანი შანსები იყოს ხელიდან გაშვებული.
რა დგას შაკიკის უკან? როგორ უნდა განვასხვაოთ თავის ტკივილი შაკიკით არის გამოწვეული თუ რაიმე სხვა პრობლემით?
შაკიკი ეს არის მიგრენოზული თავის ტკივილი. ტკივილს ძალიან ტიპური ფორმა ახასიათებს, ეს არის ცალმხრივი თავის ტკივილი, ტკივილი არის ლოკალიზებული ცალ მხარეს, მარჯვნივ ან მარცხნივ. შაკიკის მეორე თავისებურება ის არის, რომ ის მუდმივად ერთ მხარეს არ არის, ის ხან ერთ მხარეს არის, ხან მეორე, მონაცვლეობით.
მაგალითად, თუ ტკივილი მუდამ მარჯვენა მხარეს არის, ეს შეიძლება, აღარ იყოს შაკიკი და სხვა ტიპის პრობლემა, რომელსაც სხვანაირი მკურნალობა სჭირდება.
შაკიკისთვის კიდევ დამახასიათებელია ის, რომ ცალმხრივობა 10-დან 9 შემთხვევაში შეიძლება, მარჯვენა იყოს და ერთ შემთხვევაში მარცხენა და პირიქით, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ ეს არის შეტევითი, ცალმხრივი თავის ტკივილი, რომელსაც შეიძლება, რომ თანმხლები სიმპტომების სახით ახლდეს გულისრევა, სინათლის, ხმაურის აუტანლობა.
არსებობს შაკიკის ფორმები, როდესაც ტკივილს წინ უსწრებს რაღაც ფენომენი, რომელსაც აურას ვეძახით, როდესაც შეიძლება ვიგრძნოთ ვიზუალური, სმენითი ფენომენი ან იყოს თვითგრძნობის გაუარესება, როცა ვიცით, რომ ახლა, თავი აგვტკივდება.ასეთ ფენოტიპს უკვე ძალიან შეგვიძლია ვენდოთ და ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს შაკიკთან.
არსებობს მცირე შესაძლებლობა, რომ შაკიკის ფენოტიპის უკან იმალებოდეს პირველადი სხვა მიზეზი.
როგორც გითხარით, ნამდვილ შაკიკს სხვა მიზეზი, მაკრო დონეზე არ აქვს.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ნორმაზეა ნაჩვენები და ზოგადად, ადამიანი შეიძლება, იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი და ჰქონდეს შაკიკი, ეს არ არის პრობლემური საკითხი, მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ტიპურობა ირღვევა, მაგალითად, დაწყების ასაკი, რადგან როგორც წესი, შაკიკი მოზარდობის ასაკში იწყება და ფორმირდება, ასევე თუ დარღვეულია სიმპტომების თანწყობა, იქ შეიძლება, ამის უკან რაღაც იმალებოდეს. არსებობს ე.წ. წითელი ალმები, რომლებიც უკვე ჩაღრმავებული გამოკვლევებისკენ, როგორიცაა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და ა.შ. გვიბიძგებენ.
რა არის შაკიკის გამომწვევი მიზეზი, გენეტიკური ფაქტორი თუ რაიმე თანმხლები გარე ფაქტორი?
მთავარი არის გენეტიკური ფაქტორი, რადგან არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ შაკიკი და არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ. შესაბამისად, მათი გენები განსხვავებულია.
შაკიკი არის მდგომარეობა, რომელთანაც თანაცხოვრება თუ ისწავლე, მოგვარებულ პრობლემას ჰგავს, მაგრამ არის მდგომარეობები, როდესაც ის ხდება დომინანტური და ძალიან ავადმყოფური სტატუსის წინაპირობა, როცა ის უმართავი ან არასწორად მართულია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რისი მართვაც შეგვიძლია, მართული იყოს.
შაკიკის მქონე ადამიანები, რომელთაც აქვთ 24 საათიანი, 48 საათიანი ტკივილის ეპიზოდები, ხშირად სვამენ კითხვას – „ნუთუ ვერ მოიძებნა წამალი, რომელიც ამ ტკივილის კუპირებას მოახდენს, მისი არსებობის ყველაზე მწვავე პროცესში?“, არის რაიმე სიახლე ამ მიმართულებით?
სინამდვილეში, ბევრი წამალი მოიძებნა. არსებობს მისი მართვის მედიკამენტური და არამედიკამენტური საშუალებები, ძველი სტილის, ახალი სტილის.
როგორც უკვე ვთქვით, ეს გარკვეულწილად, გენეტიკურად არის განპირობებული. ამ გენეტიკური წყობის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის CGRP კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდი, რომლის რეცეპტორების წყობაც და ამ პეპტიდის გარკვეული მერყეობა განაპირობებს იმას, რომ თქვენ შეიძლება, გქონდეთ შაკიკური ტკივილი და სხვას შეიძლება, არ ჰქონდეს.
აქედან გამომდინარე, მედიკამენტების წყობა, თავის ტკივილთან მიმართებაში, მიმართულია ორ მიზანზე.
სამკურნალო საშუალების და მედიკამენტების, რომელიც გამოიყენება თავის შეტევითი ტკივილის და მიგრენოზული თავის ტკივილის დროს, პირველი სამიზნე არის ტკივილის კუპირება.
ყველაზე ხშირი შეცდომები, რასაც ადამიანები ამ კუთხით ჩავდივართ, არის ორი მიმართულებით.
ერთი, რომ ვითმენთ ამ თავის ტკივილს და თავის ტკივილის მოთმენა საჭირო არ არის, მეტს მოითმენთ, მეტს გატკენთ. საჭიროა ტკივილგამაყუჩებელი საშუალების დროული მიღება. ტკივილგამაყიჩებელი საშუალების დროულად მიღება ზოგჯერ ნიშნავს იმას, რომ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ტკივილის დაწყებისთანავე უნდა მიიღო, რადგან ის მაშინ უფრო პასუხობს ტკივილის გაყუჩებას. თუ ტკივილი უკვე დადგა და ე.წ. პლატო შექმნა რამდენიმე საათი, ამ დროს მიღებული გამაყუჩებელი საშუალებები ან ნაკლებად გაძლევს შედეგს ან სულ არ გაძლევს, განსაკუთრებით, თუ ამას მოჰყვა გულისრევა, ღებინება. როდესაც გაღებინებთ და აბს ყლაპავთ, რა შედეგს უნდა ელოდოთ ამ ჩაყლაპული აბისგან, როცა შეიძლება, რომ ჩვენ ის სულაც არ ავითვისოთ და უკან ამოვიღოთ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები დროულად და სწორად იყოს მიღებული
მეორე ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის, რომ პაციენტს რაც ხელში ჩაუვარდება, ყველა გამაყუჩებელს ყლაპავს, ხშირად კი, ეს არის ერთი და იგივე მედიკამენტი, უბრალოდ, სხვადასხვა დასახელებით, რომელსაც შედეგი იმდენი არ აქვს, რამდენიც შეიძლება, რომ მავნებლობა ჰქონდეს.
საერთოდ, ტკივილგამაყუჩებელი საშუალების ხშირ და არასწორ მოხმარებას მოსდევს წამლით ინდუცირებული თავის ტკივილი ან შაკიკის ტრანსფორმაცია, ანუ ის კარგავს თავის ტიპურ მახასიათებლებს, ხდება სხვანაირი და შეიძლება, რომ ის დიაგნოსტიკისთვისაც გართულებული იყოს. შესაბამისად, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გახშირებული მოხმარება შეცდომაა.

როდესაც ტკივილს ითმენ და არ გინდა, რომ წამალი დალიო, ესეც შეცდომაა და როდესაც რაც ხელში ჩაგივარდება, ყველაფერს ყლაპავ, ესეც შეცდომაა. შუაში არის რაღაც ვიწრო კორიდორი, რომელიც არ არის შეცდომა და ეს არის როდესაც სწორად დანიშნულ, სწორად შერჩეულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას იღებ და ის გაძლევს ეფექტს.
მეორე სამკურნალო მიდგომა, ეს არ არის ტკივილის გაყუჩება, ეს არის პროფილაქტიკური მკურნალობა. თუ თქვენ თვეში 2 ან 3 დღე გაქვთ თავის ტკივილი და დანარჩენი დღეები ტკივილი არ გაქვთ, სავსებით საკმარისია, რომ თვეში 2-3 დღე თქვენ ეს ტკივილი გაიყუჩოთ სწორად შერჩეული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებით, რომელიც შეიძლება, ძალიან მარტივი კოფეინიანი პარაცეტამოლი იყოს ან ჩვენთან სახალხოდ ციტრამონის სახელით ცნობილი მედიკამენტი.
თუ ტკივილის, მაგალითად შაკიკურის, დღეების რაოდენობა აღემატება თვეში რვას ან თავის ტკივილის რაოდენობა აღემატება თვეში თხუთმეტს, უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ, ეს არის კვირაში 2 დღეზე მეტი, ეს ნიშნავს, რომ ყოველ მეორე დღეს თავი გტკივათ და ყოველ მეორე დღეს და ყოველ დღე ტკივილგამაყუჩებლების მიღება, აუცილებლად რაღაცას გავნებთ, აუცილებლად მოიტანს რაღაც მავნებლობას, გარდა იმისა, რომ შედეგს დაკარგავს. ასე შეიძლება, რომ წამოვიკიდოთ, როგორც წამლით ინდუცირებული თავის ტკივილი, ისე კუჭ-ნაწლავის დაავადება და სხვა პრობლემები და ეს იქნება სუფთა იატროგენი, ანუ როცა სამედიცინო ჩარევა ან მკურნალობა თვითონ იწვევს რაღაც ავადმყოფობას. ეს იატროგენია რომ არ მოხდეს, აქ შემოდის მეორე მკურნალობის აუცილებლობა, რასაც პროფილაქტიკური მკურნალობა ჰქვია.
პროფილაქტიკური მკურნალობა არ არის ტკივილის გაყუჩება, ეს არის რაღაც მკურნალობა, მედიკამენტური ან სხვა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რაღაც რეგულარობით, რომ თვეში 15 და მეტი დღე ტკივილი, ისევ 2-3 დღეზე დავიყვანოთ. როცა ჩვენ ამ ქრონიკული ფორმის თავის ტკივილიდან თავის დაძვრენას ვახერხებთ და ისევ გაიშვიათებული ეპიზოდები გვრჩება, მაშინ, უკვე პროფილაქტიკური მკურნალობის საჭიროება აღარ არის და ისევ სიმპტომურ მკურნალობაზე გადავდივართ და საჭიროების მიხედვით ვიყენებთ მედიკამენტს.
შეიძლება, შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ რას ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება უნდა იმკურნალო?! ჯერ ერთი, მთელი ცხოვრება – არა.
შაკიკისთვის ძალიან ტიპური პერიოდი არის მოზარდობის ასაკიდან, თუმცა ეს იწყება ბავშვობის ასაკშიც, სხვათა შორის, მუცლის ტკივილით.
თუ ბავშვი ტიპურად ჰყვება თავის ტკივილს, ეს ძალიან ხშირად არის მიმიკი, ანუ ის შეიძლება, ბაძავდეს ოჯახის წევრს, მის სიტყვებს იმეორებდეს, კი, შეიძლება, გრძნობდეს ტკივილს, მაგრამ ეს, ძირითადად, მაინც გავლენაა.
თითქოს, საკვირველია ხომ, სად თავის ტკივილი და სად მუცლის ტკივილი, მაგრამ ბავშვებში ასეთი უმიზეზო მუცლის ტკივილი შეიძლება, დამაფიქრებელი იყოს.
როგორც გითხარით, მისი მანიფესტირების და გამოვლენის ტიპური ასაკი არის მოზარდობის ასაკიდან და შემდეგ, შუახნის ხანამდე, როცა გადავდივართ ხანდაზმულობაში, როცა ჰორმონული აქტივობა კლებულობს, ქალებში ეს არის მენოპაუზა და ა.შ.
ასაკოვან ხალხს შეიძლება, თავისით აღარ ჰქონდეს მიგრენოზული ტკივილი.
სხვათა შორის, ქალების შემთხვევაში, ძალიან კარგი მომენტია ის, რომ როგორც წესი, ორსულობის პერიოდში შაკიკი გადის, იკარგება და შეიძლება, აღარც დაბრუნდეს.
შაკიკთან ერთად თანაცხოვრება ნიშნავს, რომ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ეპიზოდური ტკივილი თვეში 2-3 დღე არ გადავიყვანოთ ქრონიკულში, თვეში 8-15 და მეტი დღე და თუ რაღაც მომენტში გადავიდა, სწორად წარვმართოთ, სწორად ვიმკურნალოთ, რომ ის ისევ ეპიზოდურში დავაბრუნოთ, რომ დანარჩენი 27-28 დღე ამაზე საერთოდ აღარ ვიფიქროთ. ამასთან ერთად თანაცხოვრება სავსებით რეალისტურია, ისე, რომ ეს ხელს არ გვიშლიდეს.
გაიდლაინით, პროტოკოლით, თავის ტკივილის შემთხვევაში რა დროს ინიშნება MRI კვლევა პაციენტებში?
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ეს არის ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ვიზუალური გამოკვლევის საშუალება, რომელიც ძალიან ბევრ და დიდ ინფორმაციას გვაძლევს, მიმდინარე მდგომარეობის შესახებ და წარსულის შესახებ. ეს მონაცემები შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს, რომ მიხვდე ბავშვობის ასაკში თუ იყო რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა. ერთადერთი, რასაც ეს კვლევა არ აჩვენებს, არის მომავალი, რა იქნება, იმას არ აჩვენებს.
ამასთან ერთად, ეს არ არის მაიონიზებელი რადიაციის გამოკვლევა.
ვერ ვიტყვი, სასიამოვნო არის-მეთქი, მაგრამ უმტკივნეულო გამოკვლევაა, ასევე მავნე არ არის რადიაციის თვალსაზრისით. უბრალოდ, ხმაური არის და ცოტა გახანგრძლივებული წოლა გიწევს გვირაბში.
ეს არ არის სინამდვილეში დასხივება, ამიტომ ამის გაკეთება ზოგადი შემოწმების გასამყარებლად, შეიძლება, მაგრამ ეს უნდა იყოს არა ემოციური და გაწონასწორებული გადაწყვეტილება, ექიმის მიერ მიღებული. აქ, ასევე, შემოდის ხელმისაწვდომობის კომპონენტიც, რადგან ძვირად ღირებული გამოკვლევაა და იყო დრო, როცა ამ კვლევის ჩატარება უმეტესობას არ შეეძლო. დღეს, ვითარება შეცვლილია უკეთესობისკენ, უმრავლესობას შეუძლია კვლევის გაკეთება, რადგან სადაზღვევო სექტორი ფარავს ამას, ასევე საყოველთაო ჯანდაცვა, როცა ეს ჰოსპიტალური შემთხვევაა. შესაბამისად, კვლევაზე მოთხოვნილება და მისაწვდომობა გაიზარდა.
ექიმებიც ადამიანები ვართ და ზოგჯერ, გვინდა, რომ თავი დავიზღვიოთ შემთხვევითი შეცდომისგან, რომელიც მერე, აღმოჩნდება, რომ „თურმე ეს ყოფილა და ვერ ამოიცნეს“, ამიტომ გვირჩევნია გავაკეთოთ ეს კვლევა, ვნახოთ და დავწყნარდეთ.
რაციონალურად, ცივი გონებით თუ ეს არის ტიპური მიმდინარეობის, კლასიკური, მარტივი შაკიკი ან დაძაბვის თავის ტკივილი ან თუნდაც, თუ წინა დღეს სუფრაზე იყავით და დღეს თავი გტკივათ, ამის გამო მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვის გაკეთება სულ არ არის საჭირო.
პირველ რიგში, მე არავის ვურჩევ კვლევის თავისი ნებით გაკეთებას, ეს ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული, ექიმმა უნდა დაინახოს მისი საჭიროება და ექიმმა უნდა წაიკითხოს მონაცემი.
მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის მონაცემი, ზოგჯერ, შეიძლება, რომ თქვენთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდეს. შეიძლება, თქვენ ასე უბრალოდ, ინტერესის გამო გაიკეთოთ კვლევა და მიიღოთ ამხელა ჩამონათვალი, აღწერილობით, სადაც ეწერება, ისეთი სიტყვები, როგორიცაა კეროვანი, დეგენერაცია, სისხლძარღვოვანი, იშემიის კერები, ატროფია და ა.შ. ისეთი სიტყვები, რომელთა გამოც შეიძლება, რომ სერიოზული შფოთი აიკიდოთ და შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ რაღაც გჭირთ, მაგრამ ამ დროს, ეს განსაკუთრებული არაფერია, აღწერილობითი ნაწილია.
დღეს, ხელოვნური ინტელექტის რჩევებსაც მიმართავს ხალხი და ისინი შეიძლება, მეტ-ნაკლებად ხარისხიან რჩევებს იღებდნენ, თუმცა ეს საკითხი, მაინც ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული, რადგან არის ისეთი რამ, რისი გაგებაც რთულია. ზოგიერთი რაღაცის გაგება შეიძლება, რომ ექიმებსაც გვიჭირდეს და იქ საჭიროა პრიორიტეტების დაყენება, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რას – არა და როცა სუბიექტურად ხარ ჩართული პროცესში, იქ ძნელია, რომ რაღაცას ყურადღება არ მიაქციო.
მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა ამაში რაციონალობას ვხედავთ და აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით, რომ გყავდეთ წამკითხავი კლინიცისტი და არა მხოლოდ რადიოლოგი, რომელიც იმ სურათს შეიძლება, რომ ძალიან დეტალებში აღწერდეს, ორი გვერდი გამოვიდეს და ეს ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ რაღაც საშინელება გჭირთ.
როცა ოჯახის ექიმთან მივდივართ თავის ტკივილის გამო, პირველი კითხვა ყოველთვის არის – „როგორია წნევები, ხომ არ არის მაჩვენებელი მაღალი?“, ასევე გვეუბნებიან – „მოდი, გამოვიკვლიოთ თვალები“… შეიძლება, რომ წნევა, თვალთან დაკავშირებული პრობლემები იწვევდეს იმ ტიპის თავის ტკივილს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წეღან?
დავიწყებ მხედველობის თემით. ჩვენ თვალებით ბევრს ვმუშაობთ, რადგან ცალკე ყოფით საჭიროებას წარმოადგენს, რომ ახლოს, შორს რაღაც დაინახო, გვერდითი მხედველობითაც რაღაცას ხედავდე და თუ მხედველობა იდეალური არ არის, გვიწევს თვალების დაძაბვა, როცა ეს თვალების დაძაბვა ხშირია, აქედან შეიძლება, რომ გარკვეული მტკივნეული შეგრძნებები ვრცელდებოდეს სკალპის მუსკულატურაზე და იყოს დაძაბვის ან დაღლილობით გამოწვეული თავის ტკივილი. შესაბამისად, კი, ეს მნიშვნელოვანი მომენტია, განსაკუთრებით, როდესაც შეიძლება, რომ სათვალე ამას ასწორებდეს. ვისაც თვალებით განსაკუთრებით ინტენსიურად უწევს მუშაობა, კომპიუტერთან, ცხრილებთან და ა.შ. უნდა ჰქონდეთ მხედველობის ისეთი რაკურსი და ფოკუსი, რომელიც შედარებით კომფორტულია და ამ გადაღლილობას არ იწვევს.
კიდევ, არსებობს თვალის დაავადებები, როგორიცაა გლაუკომა ან სხვა ანთებითი დაავადებები, რომელთა დროსაც, გარდა იმისა, რომ ზარალდება მხედველობა, შეიძლება, რომ თავის ტკივილი ერთ-ერთი თანმხლები სიმპტომი იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა თავის ტკივილი თანმხლებ სიმპტომებთან ერთად ვლინდება, ეს თანმხლები სიმპტომებიც მოქცეული იყოს სათვალავში.
რაც შეეხება წნევას, მოგეხსენებათ, ზოგადად, წნევის მატება და წნევის ვარდნა, ორივე პრობლემატურია, მაგრამ აქ რა არის მიზეზი და რა არის შედეგი, ცოტა ძნელი გასარჩევია. მაგალითად, როდესაც თქვენ გაქვთ თავის ტკივილი, შაკიკის შეტევა და ტკივილის პიკზე წნევას გაიზომავთ, შეიძლება, მომატებული იყოს, რადგან ამ დროს არის აფექტური რეაქცია, მაგრამ როდესაც წნევა მომატებულია სხვა მიზეზით და ხდება სისხლსავსეობა, ვენების გადავსება, ამ დროსაც, შეიძლება, რომ თავის ტკივილი ვიგრძნოთ, მაგრამ ტიპურად, როგორც წესი, კეფაში არის ხოლმე რაღაც ტეხვითი შეგრძნება.

შესაძლოა, რომ თავის ტკივილი ინსულტის პირველი ნიშანი იყოს?
როგორც გითხარით, მედიცინის ყველა ნიუანსის გაგება ერთნაირად ადვილი არ არის.
დავიწყოთ იმით, რომ ინსულტი არის ცენტრალური ნერვული სისტემის უსერიოზულესი, სისხლძარღვოვანი დაავადება, რომელსაც მაღალი სიკვდილობა აქვს, სიკვდილობას კიდევ ვინ ჩივის, უფრო მეტი უნარშეზღუდულობის შემოტანა შეუძლია საზოგადოებაში და ოჯახებში. რეალურად, იწვევს პიროვნების ინვალიდიზაციას და იცვლება ცხოვრება.
პრევენტირებადი დაავადებაა, შესაძლებელია მისი თავიდან აცილება და ამაზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ თავის ტკივილი ინსულტს არ ახასიათებს, მეტსაც გეტყვით, იშემიური ინსულტების დროს თავის ტკივილი საერთოდ არ არის, არ უნდა იყოს, როცა არის თავის ტკივილი, ინსულტის სხვა ნაირსახეობებს ვეძებთ, როგორიცაა ვენური თრომბოზი, სისხლძარღვის განშრევება.
არის ერთი ფენომენი, რასაც ჰქვია ცხოვრებაში პირველად ინტენსიური თავის ტკივილის ეპიზოდი, როდესაც თავის უეცარი ძლიერი ტკივილი აღიწერება, როგორც – „ასეთი ტკივილი ცხოვრებაში არ მქონია“, ეს არის იცით, როგორი წითელი ალამი?! შეიძლება, მანდ ადგილი ჰქონდეს ფენომენს, რასაც ჰქვია გარსებში სისხლჩაქცევა, რომლის მიზეზიც უფრო ხშირად არის ხოლმე ანევრიზმების გარღვევა, სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო მდგომარეობა.
უეცარი ძლიერი ტკივილის გამო აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, სპეციალიზებულ სამსახურს, ინსულტის, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის სამსახურებს, რომ სავალალო შედეგები ავირიდოთ.
შესაბამისად, როდესაც იგრძნობთ უეცარ ტკივილს, განსაკუთრებით დაძაბვაზე, ჩახველებაზე, გაჭინთვაზე, სიმძიმის აწევაზე და ა.შ. აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, ეს იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა, სისხლჩაქცევით მიმდინარე ინსულტი გქონდეთ.
სხვა ტიპის ინსულტები, რომლებიც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, თავის ტკივილით საერთოდ არ ხასიათდება.
არსებობს ასეთი ძალიან მარტივი, გასაგები სლოგანი, რომელმაც ძალიან წარმატებულად იმუშავა დასავლეთ სამყაროში იმისთვის, რომ არასამედიცინო განათლების მქონე ხალხმა ზუსტად 5 წამში ამოიცნოს ინსულტი, ეს არის – „სახე, ხელი, მეტყველება“.
თუ სახე მოგექცა, ხელი დაგისუსტდა, მეტყველება გაგიძნელდა, ე.ი. ეს შესაძლო ინსულტია და ამას რამდენიმე წამში უნდა მოჰყვეს სწორი რეაქცია, გადაუდებელი სამსახურების მობილიზება, სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა და ასე ინსულტიც შეიძლება, რომ ძალიან კეთილსაიმედო გამოსავლით დასრულდეს.
რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შესაძლო შაკიკის განვითარება, სხვა შესაძლო ნევროლოგიური პრობლემების განვითარების რისკები, რომ როგორმე ავირიდოთ თავის ტკივილი ან ინტენსივობა მინიმუმამდე დავიყვანოთ?
პროფილაქტიკა შესაძლებელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული ექსპოზიცია კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდების და მათი რეცეპტორების თანწყობასთან, ჩვენ შაკიკი გვექნება, მიუხედავად იმისა, თუ რას გავაკეთებთ, ამას ვერ ავიცილებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, გარკვეული ცხოვრების სტილის აწყობით, ავირიდოთ მაპროვოცირებელი ფაქტორები, მაგალითად, უარი ვთქვათ წითელ ღვინოზე, ქარიან ამინდში გარეთ არ გავიდეთ ან სათვალე გავიკეთოთ და ა.შ. მაპროვოცირებელი ფაქტორების შემცირებით პრობლემის გაქრონიკულების და გამწვავების ტენდენცია კლებულობს.
შემდეგია, ტკივილგამაყიჩებელი მედიკამენტების სწორი ან არასწორი გამოყენება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.
შაკიკის და თავის ტკივილის თემასთან მიმართებაში, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არ არის და რომელთანაც თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, აქტუალურია სიტყვა – პროფილაქტიკა. პროფილაქტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ეპიზოდები იყოს მინიმალური, ხანმოკლე, ადვილად ექვემდებარებოდეს გაყუჩებას და არ გვიქმნიდეს ცხოვრებაში პრობლემას.
რაც შეეხება ინსულტს, აქ უკვე უფრო სარგებლიანია ტერმინი – პრევენცია, აქ პროფილაქტიკას ნაკლებად ვიყენებთ. კი, თითქმის სინონიმებია პროფილაქტიკა და პრევენცია, მაგრამ პრევენცია მაინც ნიშნავს, რომ რაღაც აიცილო თავიდან, ნიშნავს სწორ დაგეგმვას. არსებობს ინსულტის პირველადი პრევენცია, რომ საერთოდ არ დაგემართოს და მეორადი, ერთხელ თუ დაგემართა, ხელახლა რომ არ დაგემართოს და ამაში საკმაოდ ინტენსიურად უნდა იყოს ჩართული სამედიცინო რგოლი.
თუ შაკიკის პროფილაქტიკაში შეიძლება, რომ სამედიცინო რგოლის, ექიმის ჩართულობა სიმბოლური იყოს, თუ შეიძლება, რომ ერთჯერადი კონსულტაცია საკმარისი აღმოჩნდეს, ინსულტის პრევენციაში ეს ჩართულობა უფრო ინტენსიური უნდა იყოს და ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა პროფილის ექიმი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოჯახის ექიმი, ეს უფრო კომპლექსური საკითხია.