„რატომ ვითარდება თირკმლის დაავადებები და როგორ ვლინდება ისინი, რამდენად მნიშვნელოვანია კრეატინინის განსაზღვრა და რამდენად საგანგაშოა შეცვლილი ციფრები, როგორია მაღალი წნევის, შაქრიანი დიაბეტის გავლენა თირკმელებზე, რა უდევს საფუძვლად თირკმელში კენჭების განვითარებას, რასთან გვაქვს საქმე კიდურების, სახის შეშუპების დროს…“ – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის“ თავმჯდომარემ, ირმა ჭოხონელიძემ ისაუბრა და არაერთი რეკომენდაცია გაგვიზიარა.
ქალბატონო ირმა, საზოგადოებაში საკმაოდ ხშირად დასმული კითხვაა, თუ როგორ შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის დაავადებები… რატომ გვახსენდება თირკმელები მაშინ, როცა სახეზე ვლინდება სიმპტომატიკა, როცა მოდის პირველი სიმპტომები და რატომ ვითარდება ბევრი დაავადება ჩუმად?
თირკმლის ქრონიკული დაავადება, ალბათ, უნდა განვიხილოთ, როგორც ფარული ეპიდემია, რადგან ადამიანს არ სტკივა და ის ყოველგვარი სიმპტომის გარეშე ვითარდება.
სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ 2006 წელს შემოიღეს თირკმლის დღე, რათა მოსახლეობამ იცოდეს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროს სკრინინგი.
თირკმლის დაავადება იმით არის საშიში, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, რომ მისი ფუნქციონირება აღარ იყოს და საჭირო გახდეს ორგანიზმისთვის დახმარება. დახმარებაში იგულისხმება, რომ ან უნდა ჩავანაცვლოთ ეს თირკმელი, რასაც თირკმლის ტრანსპლანტაციას ვეძახით ან კიდევ, მივმართოთ მეთოდს, რომელსაც ჰქვია თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, დიალიზი.
ამ დროს, ვანაცვლებთ თირკმელს გარკვეული მეთოდით, რომელიც საშუალებას მისცემს ორგანიზმს, რომ გააგრძელოს სიცოცხლე. ეს არ არის სრულყოფილი, თუმცა ის შეძლებს მოღვაწეობას და აქტიურ ცხოვრებას. ეს არის ჰემოდიალიზი და მეორე მეთოდი ეს არის – პერიტონეული დიალიზი.
ამიტომაც არის მოსახლეობა შეშფოთებული, რადგან ძალიან ხშირად, დროულად ვერ ხვდებიან, რომ ეს პროცესი დაიწყო.
თუ პროცესი დაიწყო და ჩამოყალიბდა, პროგრესირების შეჩერება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ პროგრესირების შენელება, ამიტომაც პრევენცია არის ის აუცილებელი მესიჯი, რომელიც უნდა გავაჟღეროთ.
რამდენად მნიშვნელოვანი კვლევაა კრეატინინის განსაზღვრა, რა დროს შეიძლება, რომ ის დაინიშნოს, რას გვეუბნება შეცვლილი ციფრები და მცირედით შეცვლილი მაჩვენებელიც კი უკვე საყურადღებოა?
დიახ, რა თქმა უნდა, საყურადღებოა.
პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვა შემდეგს, რომ თავისთავად, კრეატინინი არაფერს არ ნიშნავს, ჩვენ უნდა გვესმოდეს კრეატინინი რას ასახავს. კრეატინინი არის კრეატინის მეტაბოლური ცვლის პროდუქტი, ანუ ეს არის ჩვენი კუნთის ცილა. კრეატინი გარდაიქმნება და საბოლოო ჯამში, წარმოიქმნება კრეატინინი და კრეატინინი ორგანიზმიდან გამოიყოფა მხოლოდ თირკმლის ფილტრაციის მეთოდით, ანუ კრეატინინის გაზომვით, ჩვენ ვითვლით, თუ როგორ ფილტრავს თირკმელი, ანუ ფილტრაციის სიჩქარეს. ზუსტად ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება არის მაჩვენებელი თირკმლის პრობლემის და კრეატინინის გაზომვა, არა პირდაპირ, არამედ გადათვლებით, დამოკიდებულია სქესზე, კუნთის მასაზე, რადგან მხოლოდ კრეატინინი 21 წლის სპორტსმენი მამაკაცისთვის და 80 წლის ქალისთვის აბსოლუტურად სხვადასხვა თირკმლის ფუნქციის მაჩვენებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გვესმოდეს.
თუ კრეატინინი ოდნავ მაინც არის მომატებული, ჩვენ არაფრით არ უნდა ვუთხრათ ადამიანს, რომ არაუშავს, რამეთუ ამის უკან უნდა იდგეს განმარტება… კრეატინინი შეიძლება, რომ იყოს მერყევი, იყოს დაკავშირებული გარკვეულ პირობებთან და ასახავდეს მწვავე, ჰემოდინამიკურ პროცესს, შეიძლება, იყოს მედიკამენტური ზეგავლენა, გაუწყლოვნება, ძალიან ბევრი ისეთი მიზეზი, რომელიც შექცევადია. თუმცა, შეიძლება, ის არ იცვლებოდეს და თუ ის არ იცვლება და არის სტაბილური სამი თვის განმავლობაში, მაშინ ამას უკვე ჰქვია თირკმლის ქრონიკული დაავადება. შესაბამისად, როდესაც პირველად რეგისტრირდება კრეატინინის აწევა, ადამიანები უნდა გავაფრთხილოთ, რომ ისინი აუცილებლად უნდა დარჩნენ დაკვირვების ქვეშ 90 დღის განმავლობაში, იმისთვის, რომ მიიღონ საბოლოო პასუხი, თუ რა დაავადება აქვთ, ეს არის შექცევადი თუ შეუქცევადი, რომელიც რეალურად, დიდი პრობლემაა და არის თირკმლის ქრონიკული დაავადება.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ კრეატინინი ზოგადად ყველასთან იყოს გაზომილი, იმისთვის, რომ თირკმლის ქრონიკული დაავადება გამოვავლინოთ, შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ რისკები. ამიტომ როდესაც საუბარი არის მოსახლეობის სკრინინგზე, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ რა იწვევს თირკმლის ქრონიკულ დაავადებას ფარულად, მაგალითად, ეს არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, მეტაბოლური დისფუნქცია, შაქრიანი დიაბეტი, იგივე ასაკის მატება, 55 წლის ზევით ყველას ეკუთვნის ამის გაზომვა, თუმცა თუ ცნობილია, რომ ადამიანს ბავშვობიდან აქვს რაღაც თანდაყოლილი პრობლემა, თირკმლის, საშარდე სისტემის განვითარების პრობლემა, კენჭოვანი დაავადება ან შარდში ცილის არსებობა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მას უკვე აქვს თირკმლის ქრონიკული დაავადების რისკი, მაგრამ მე ვსაუბრობ ისეთ მოსახლეობაზე, რომელსაც არ აქვს არანაირი დაავადება, მაგრამ იცის, რომ ვთქვათ, გადატანილი აქვს ინფარქტი, აქვს მაღალი წნევა რამდენიმე წელია, რადგან ეს საბოლოოდ, იწვევს თირკმლის ქრონიკულ დაავადებას, რამეთუ თირკმელი არის სისხლძარღვოვანი ორგანო, ეს არის კაპილარების ერთობლიობა, ის დღეში ფილტრავს 180 – 200 ლიტრ სისხლს, ანუ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ 24 საათის მანძილზე ხდება გაფილტვრა, შეწოვა და შესაბამისად, ეს სისხლძარღვოვანი წნულები რომ არა, რომლებიც რომ გადავჭიმოთ, 16 კილომეტრზე გადაიჭიმება, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ რაოდენობის სისხლის გაფილტვრა და ჩვენი სისხლის ნორმალური ჰომეოსტაზის უზრუნველყოფა. მე ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ სისხლძაღვია თირკმელი, ეს არის წამყვანი და თუ მე ვიცი, რომ ათეროსკლეროზული ფოლაქი აზიანებს გულის შემომხვევ სისხლძარღვებს, შესაბამისად, ფარულად, ყოველგვარი სიმპტომის გარეშე ზიანდება თირკმელი.

ახსენეთ მაღალი წნევა და თირკმელები… ხშირად, გვსმენია კიდეც, რომ როდესაც ადამიანი მიდრეკილია მაღალი წნევისკენ და უჭირთ დადგენა თუ რა შეიძლება, რომ ამის მიზეზი იყოს, რადგან არ არის ასაკი ისეთი, წონაც არ არის ისეთი, რომ ამას დავაბრალოთ, რომ ისმის საკითხი, „მოდი, ვნახოთ თირკმელები“, მართლაც ასეთი მჭიდრო კავშირია თუ არა მათ შორის და რატომ? მაღალი წნევის დროს ყოველთვის უნდა გამოირიცხოს თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები?
დიახ, რამეთუ თირკმელი არის წამყვანი ორგანო, რომელიც აწესრიგებს და არეგულირებს ჩვენს ორგანიზმში მარილისა და წყლის ცვლას, ასევე ის გამოიმუშავებს იმ წამყვან ნივთიერებებს, რომლებიც წამყვანი არის არტერიული წნევის გენეზში. შესაბამისად, იმ ცვლილებების დროს, რომლებიც არის თირკმელში, მაგალითად, ანთებითი პროცესის დროს, როგორიცაა გლომერულონეფრიტი ან უკვე დაწყებული დაზიანების, ანუ დაბერების პროცესის დროს, თირკმელში ირღვევა წყალ-მარილოვანი ცვლის რეგულაცია, ანუ შეიძლება, რომ ადამიანმა მარილიანი შეჭამოს და მეორე დღეს ჰქონდეს შეშუპება, მაღალი წნევა, შესაბამისად, არტერიული წნევა არის პირველი ნიშანი თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ანთებითი პროცესის და ამ შემთხვევაში, წამყვანი არის უუნარობა გამოყოს მარილი, ნატრიუმი და წყალი, რაც მაღალ წნევაში აისახება.
ფეხების, ხელების, სახის შეშუპების დროს, რასთან გვაქვს საქმე?
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პროფილი და ერთ-ერთი გამოვლენა თირკმლის დაავადების ზუსტად არის შეშუპება, თუმცა თირკმლის დაავადების გამოსარიცხად ძალიან მარტივი ანალიზებია საკმარისი და ეს არის სისხლში კრეატინინის განსაზღვრა, სისხლში ალბუმინის განსაზღვრა, რამეთუ თუ არის გლომერულონეფრიტი და ცილა არის შარდში, მაშინ ალბუმინი შეიძლება ქვეითდებოდეს, ასევე საჭიროა შარდის საერთო ანალიზი.
შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც არის გარკვეული ტიპის შეშუპება და აქვს მღელვარება, აქვს თუ არა თირკმლის დაავადება, შეუძლია, რომ ეს ანალიზები გაიკეთოს.
კენჭი თირკმელში… განმეორებადია თუ არა ის, ვინ შედის რისკჯგუფში და საერთოდ, რატომ შეიძლება დავდგეთ ამ ტიპის საშიშროების წინაშე?
განმეორებადი შეიძლება იყოს კენჭოვანი დაავადება, თუ მას საფუძვლად უდევს თირკმლის მილაკების ფუნქციონირების დარღვევა და ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი და ამას თირკმლის მილაკოვანი აციდოზი ჰქვია.გარდა ამისა, შეიძლება იყოს შარდმჟავა ცვლის დარღვევა, პირველადი ჰიპერპარათირეოზი. ყველა ეს დაავადება მაშინვე უნდა იყოს გამოვლენილი, როცა ადამიანს კენჭოვანი დაავადება აქვს.
ინფორმაციის დონეზე ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც გაქვს კენჭოვანი დაავადება, პირველი შეკითხვა უნდა იყოს – „რა ქიმიური შემადგენლობის არის კენჭი“, რადგან ზუსტად კენჭის ქიმიური შემადგენლობა მიგვანიშნებს იმაზე, თუ რა უნდა გამოვიძიოთ, თუ რა მიმართულებით უნდა ჩავატაროთ კვლევები.
გარდა ამისა, თირკმლის მილაკებს თანდაყოლილად აქვთ უნარი გამოიმუშაონ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლის კენჭის წარმოქმნას.
ჩვენ ვიცით, რომ ცხოველქმედების პროცესში ჩვენ გამოვყოფთ დიდი რაოდენობით კრისტალებს და რომ არა არასაკმარისი წლის რაოდენობა, ყველა ჩვენგანს შეიძლება, რომ ჰქონდეს კენჭის ე.წ. გავლა, ანუ თუ სტრესულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, არ მივიღებთ წყალს დიდი რაოდენობით, მივიღებთ მარილიან საკვებს, დიდი რაოდენობით ცილით დავიტვირთებით, შეიძლება, რომ ზუსტად ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, მაგრამ ეს არ განმეორდება, თუ ყოველდღიურობას გამოვასწორებთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი გვექნება, თუმცა ეს განმეორებადია იმ შემთხვევაში, თუ მას საფუძვლად უდევს რაღაც სხვა დაავადება, შესაბამისად, ზუსტად ამის კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ ასეთი რეკომენდაცია, რომ თუ ადამიანს აქვს განმეორებადი კენჭოვანი დაავადება, ის აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ კენჭის ქიმიური შემადგენლობით. კენჭი უნდა შეინახოს, თუ მოშარდვისას მოიპოვებს და შემდეგ, ამის მიხედვით უნდა გაგრძელდეს კვლევები.
ასევე, არსებობს კვლევები, რომლებიც მიანიშნებს სისხლში კალციუმის რაოდენობაზე, შარდმჟავას რაოდენობაზე და რაც მნიშვნელოვანია, შარდში ციტრატის რაოდენობაზე. ვისაც აქვს ციტრატის დეფიციტი, ის ადვილად შეიძლება მიიღოს საკვებით. ხშირად, ციტრატის დამატებაც საკმარისია განმეორებითი კენჭოვანი დაავადების პრევენციისთვის.
რა ინფორმაციას გვაძლევს შარდის საერთო ანალიზი? ცილა შარდში ყოველთვის საგანგაშო ნიშანია თუ შეიძლება ის ერთჯერადი პრობლემის მანიშნებელი იყოს?
უნდა ვიღელვოთ, რამეთუ ცილა შარდში არ უნდა იყოს. დეფინიციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას ვუწოდებთ ცილას შარდში. ცილა შარდში უნდა იყოს პერმანენტული, ანუ ერთჯერადი ანალიზი არაფერს არ ნიშნავს. პერმანენტული ნიშნავს, რომ განმეორებით ანალიზებში ცილა მუდმივად არსებობს და ეს ცილა არ ქრება დაახლოებით 3 თვის განმავლობაში.
რეალურად, ფილტრაციული ბარიერი ისე არის მოწყობილი, რომ ცილა არაფრით არ უნდა მოხვდეს შარდში. თითო თირკმელში თითო მილიონი ფილტრაციული გორგალია.
ცილის სტრუქტურას, ხასიათს და რაოდენობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ თუ რა ტიპის ცილა რა რაოდენობით აქვს ადამიანს.
შესაბამისად, როდესაც ადამიანს აქვს ცილა, პირველი, ვიგებთ, თუ 24 საათში რამდენს კარგავს. თუ ის არ აღემატება 500 მილიგრამს დღე-ღამეში, შეიძლება, ჩაითვალოს, რომ არ არის საგანგაშო, თუ უფრო მეტია, ის საგანგაშოა და უფრო ღრმა კვლევების მაჩვენებელია.

რატომ არის ასეთი მჭიდრო კავშირი დიაბეტსა და თირკმელს შორის და როგორ ვიცავთ პაციენტს შაქრიანი დიაბეტით თირკმლის პრობლემების შესაძლო გამწვავებისგან?
დაცვა ნიშნავს, რომ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისთანავე, პაციენტს მივაწოდოთ ინფორმაცია გრძელვადიანი პროგნოზების და გართულებების შესახებ. მხოლოდ ეს არის პრევენციული ზომა.
შაქრიანი დიაბეტი არის სისხლძარღვების დაავადება, სისხლძარღვი კი არის ყველგან, შესაბამისად, ამიტომაც ზიანდება ყველა ორგანო. თირკმელში არის მილიონამდე პატარა გორგალი, წნული სისხლძარღვების და რადგან შაქრიანი დიაბეტი აზიანებს სისხლძარღვებს, შესაბამისად, ეს პატარა წნულებიც ზიანდება დროთა განმავლობაში. თუ ადამიანის შაქარი არ არის მოწესრიგებული, გარკვეული წლების მერე ხდება ამ პატარა გორგლების დაზიანება და შარდში ჩნდება ცილა, რაც შაქრიანი დიაბეტით თირკმლის დაზიანების პირველი ნიშანია.
როგორია თირკმლის პრობლემებთან დაკავშირებული საგანგაშო სიმპტომები და რა შემთხვევაში აღარ უნდა გადადოს პაციენტმა ექიმ-ნეფროლოგთან ვიზიტი?
ასეთი სიმპტომები, რა თქმა უნდა, არსებობს.
რადგან თირკმელი პასუხისმგებელია არა მხოლოდ ფილტრაციაზე, არამედ ჰემოგლობინზეც, რადგან მასში გამომუშავდება ნივთიერება ერითროპოეტინი, რომელიც მნიშვნელოვანია ნორმალური ჰემოგლობინისთვის, რადგან ერითროპოეტინის გარეშე არ ხდება ერითროციტების საბოლოო ფორმად მომწიფება და არ ხდება ჰემოგლობინის ჩამოყალიბება, შესაბამისად, ერითროპოეტინის დეფიციტია და პაციენტებს აქვთ ანემია. სამედიცინო ტერმინოლოგიაში ამას რენული ანემია ეწოდება და ის ტიპური მხოლოდ თირკმლის ქრონიკული დაავადებისთვის არის.
შესაბამისად, ყველამ იცის, რომ თუ ჰემოგლობინი დაბალია და არის ანემია, არის სისუსტე.
ჩვენ გვყავს ე.წ. გვიანი მომართვით პაციენტები, რომელთაც არანაირი სიმპტომი არ ჰქონდათ და მხოლოდ ანემია, სისუსტე იყო ის ნიშანი, რის გამოც ექიმს მიმართეს და აღმოჩნდა, რომ მათ უკვე ჰქონდათ თირკმლის ქრონიკული დაავადების ძალიან შორეული სტადია და სჭირდებათ ჰემოდიალიზი, თირკმლის გადანერგვა.
სიმპტომი, ასევე, შეიძლება იყოს გულისრევა, სიარულის გაძნელება და ეს უკვე არის ე.წ. ურემიული გართულებები. რადგან სისხლში არის აზოტემია, ყველა ორგანო ზიანდება. შეიძლება იყოს პოლინეიროპათია და პაციენტს სიარული არ შეეძლოს. შეიძლება, პაციენტს ჰქონდეს სუნთქვის გაძნელება, რადგან მარილისა და წყლის შეკავების გამო, მას აქვს გადაჭარბებული სითხის შეკავება. ისინი ხშირად ხვდებიან კარდიოლოგიურ კლინიკებში ე.წ. გულის გადატვირთვით და სუნთქვის უკმარისობით. აქვთ მაღალი არტერიული წნევა, ქვემო კიდურების შეშუპება. ასევე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არის ქავილი, რადგან აზოტემია იწვევს კანის აუტანელ ქავილს, რის გამოც პაციენტები ხშირად მიმართავენ დერმატოლოგს და ბოლოს აღმოჩნდება, რომ მათ, თურმე, თირკმლის ქრონიკული დაავადების მეხუთე სტადია ჰქონიათ. მეხუთე სტადია არის ის სტადია, როდესაც ჩვენ უკვე განვიხილავთ ამას როგორც საჭიროებას თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის.
საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ წელის ტკივილი თირკმლის პათოლოგიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, თუ უბრალოდ მითია?
მითია ნამდვილად, რადგან ამას წელის ტკივილთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მინდა, ადამიანებს ვამცნო, რომ ქრონიკულობა ნიშნავს შეუქცევადობას. ქრონიკული დაავადება არის დაბერების პროცესი. ნებისმიერი ორგანოს ქრონიკული დაავადება შეუქცევადობას ნიშნავს. გულის ქრონიკული დაავადება როდესღაც გულის ტრანსპლანტაციას მოითხოვს, ასევე ღვიძლის, ფილტვის და თირკმლის, ამიტომაც ჩვენ ასე ვსვამთ ხოლმე კითხვას – „დაბერების პროცესი ვინმეს გვტკივა?“ არ გვტკივა, შესაბამისად, ტკივილი ზუსტად რომ არ არის წამყვანი სიმპტომი, ტკივილი შეიძლება, რომ უკავშირდებოდეს საშარდე სისტემაში არსებულ პრობლემებს, შეიძლება, იყოს კენჭის გავლა, ინფექციური პროცესი, თრომბოზი, რაც მტკივნეულობასთან კავშირშია, მაგრამ თავისთავად ქსოვილის კარგვა, ანუ დაბერება არანაირი ტკივილის მომცემი არ არის.
რა ვნებს ყველაზე მეტად თირკმელებს, საკვები, წონა, რაიმე თანმხლები დაავადება თუ რაიმე სხვა? სხვადასხვა პროფილის ექიმები ძალიან ხშირად საუბრობენ კონკრეტულ დაავადებებთან კვებითი ჩვევების კავშირზე, მაგალითად, ხშირად აღნიშნავენ ენერგეტიკულ სასმელებს, დამტკბარ სასმელებს, ბევრ ნახშირწყალს. ასეთი პირდაპირი კავშირია თირკმელებსა და საკვებს შორის ან თუნდაც მავნე ჩვევებსა და სხვადასხვა დაავადებას შორის?
მე ვფიქრობ, რომ ამაში ეჭვი არ ეპარებათ, როცა საუბარია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაზე.
გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა და თირკმელი განუყოფელია და ცნობილია კარდიორენული სისტემის სახელით. შესაბამისად, ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის ცნობილია და ვნებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ვნებს თირკმელსაც.
განსაკუთრებით მავნებელია ნახშირწყლები, მარილიანი საკვების მოხმარება, რამეთუ თირკმელი არის ორგანო, რომელიც გამოყოფს მარილს და მას ძალიან დიდი ენერგიის ხარჯვა უწევს ჭარბი მარილის გამოყოფაზე.
შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ჩვენი გაიდლაინების ერთ-ერთი წამყვანი. როდესაც საუბარია თირკმლის დაავადების პრევენციაზე, პირველ რიგში, ეს არის ჯანსაღი კვება, ეს არის წონის მუდმივი კონტროლი, ვარჯიში, წყალი საკმარისი რაოდენობით.
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მედიკამენტების მოხმარებაც, რადგან ძალიან ბევრი მედიკამენტი ძალიან ბევრ ქვეყანაში ურეცეპტოდ გაიცემა, მაგალითად, ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, მაგალითად, იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ნიმესულიდი და ა.შ. ადამიანები ყოველდღიურად იღებენ მათ, ამ მედიკამენტების ქრონიკული, უწყვეტი მოხმარება კი იწვევს თირკმლის ქრონიკულ დაავადებას, ისევე როგორც მცენარეული მედიკამენტები.
ძალიან ბევრი მოიხმარს ე.წ. გამწმენდ საშუალებებს, მცენარეულ მედიკამენტებს და ცნობილია, რომ გარკვეული მცენარეები შეიცავენ ისეთ მჟავას, რომელიც ქრონიკული მოხმარებისას იწვევს თირკმლის ქრონიკულ დაზიანებას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაფრთხილებს ყველას, რომ თუ არ ვიცით ზუსტი შემადგენლობა იგივე მცენარეული მედიკამენტების, არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ, რადგან ქრონიკული მოხმარებისას ისინი თირკმლის შეუქცევად დაზიანებას იწვევენ და შეიძლება, რომ პაციენტი აღმოჩნდეს ფაქტის წინ, რომ მას დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია დასჭირდეს.
იგივე რისკჯგუფში შედის კვებითი დანამატებიც?
გააჩნია, რას ვეძახით კვებით დანამატებს. კვებითი დანამატები უმრავლეს შემთხვევაში არაფერს არ იწვევს.
სპორტსმენები, ფიტნესით დაკავებული ადამიანები, ხშირად კითხულობენ კრეატინის ან პროტეინის მოხმარების თაობაზე და ისინი ზომიერი მოხმარების ფარგლებში ნამდვილად არაფერს არ იწვევს.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ვინც დიდი რაოდენობით მოიხმარს ცილას, ზრდის კუნთის მასას, მისი კრეატინინი ნორმაზე მაღალი შეიძლება, რომ იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ის არ ასახავს თირკმლის ფუნქციას, ანუ ის ასახავს კუნთის მასას, მაგრამ არსებობს მეორე მაჩვენებელი, ცისტატინ С, რომელიც ასახავს თირკმლის ფუნქციას.
სპორტსმენებს უკითხავთ, „ჩემი კრეატინინი ზღვარზე ზევით არის, არის თუ არა დაქვეითებული ჩემი თირკმლის ფუნქცია?“ და ამ დროს, ჩვენ ვატარებთ შემდეგ ტესტს, კრეატინინთან ერთად ვზომავთ ცისტატინ C-ს და თუ არის განსხვავება კრეატინინით გამოთვლილ ფილტრაციის სიჩქარეს შორის და ცისტატინ C-თი გამოთვლილ ფილტრაციის სიჩქარეს შორის, ეს არის დასტური, რომ ეს პირდაპირ კავშირშია კუნთის მასასთან და ამ შემთხვევაში, კრეატინინი ნამდვილად არ ასახავს თირკმლის ფუნქციას.
საშუალოდ, 3-დან 5 გრამამდე კრეატინის მოხმარებას არანაირი მავნე დაზიანება არ მოაქვს თირკმლისთვის. შეიძლება, კრეატინინმა დროებით აიწიოს და თუ შემოწმება გვინდა, ჩვენ ვწყვეტთ მიღებას და კრეატინინი 3-4 კვირაში ისევ დაბლა ჩამოდის.
ცილოვანი დიეტები, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალურია, პირდაპირ კავშირშია თუ არა ცილის მატებასთან და არის თუ არა რაიმე რისკის შემცველი მეტწილად ცილოვან კვებაზე გადასვლა? ასევე, არის თუ არა რაიმე შანსი, რომ მარილის დოზის შემცირებით, ორგანიზმს რაღაცნაირად დავეხმაროთ შესაძლო თირკმლის პრობლემების განვითარების აცილებაში?
მანამ, სანამ თირკმლის ფუნქცია კარგია, რა თქმა უნდა, არანაირი მავნებლობა არ აქვს კვებას, თუმცა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როცა ადამიანი წლების განმავლობაში ჭარბად მოიხმარს მარილს, ის ჩვენს ორგანიზმში გროვდება და გარკვეული ეტაპიდან იწყება წნევის მატება, ამიტომაც არ უნდა გადავაჭარბოთ რესურსს, რომელიც თირკმელს აქვს.
ახალგაზრდობაში ფილტრაციის სიჩქარე ნორმალურია, მაგრამ სადღაც, 35 წლის ზევით თანდათანობით იწყება მისი დაქვეითება, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს და ავყვეთ ამ ხანდაზმულობის პრინციპს.
შესაბამისად, საბოლოო ჯამში, რეკომენდაცია არის 5 გრამი მარილის მოხმარება 24 საათში.
ასევე, არსებობს მარილი, რომელიც არა ნატრიუმი ქლორისგან შედგება, არამედ კალიუმი ქლორისგან და ე.წ. ჩამანაცვლებელი მარილია. ვისაც არ აქვს კალიუმის პრობლემა, შეუძლია, რომ ასეთი ტიპის მარილი იხმაროს.
რაც შეეხება ცილოვან დიეტას, საბოლოო ჯამში, წყალი უნდა მოვიხმაროთ დიდი რაოდენობით, რადგან ძალიან დიდი რაოდენობით ცილის მოხმარების დროს წარმოიქმნება დიდი რაოდენობით აზოტოვანი ცვლის პროდუქტი და აზოტოვანი ცვლის პროდუქტის გამოსაყოფად აუცილებელი არის დიდი ენერგეტიკული დანახარჯი, არის თირკმლის დატვირთვა, ამიტომ განზავებას უნდა მივაღწიოთ, შესაბამისად, ყოველთვის რეკომენდებულია წყლის დიდი რაოდენობით მოხმარება, როცა მეტ ცილას მოვიხმართ. როდესაც ბოსტნეულზე ვართ, რადგან ბოსტნეული წყლის შემცველი არის, ასეთი დატვირთვა რეკომენდებული არც არის. ამას ადამიანი თვითონაც გრძნობს. იმის და მიხედვით, თუ რა სიხშირით გადის ადამიანი საპირფარეშოში, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რამდენად კარგად და სწორად მოიხმარს წყალს.
თირკმლის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ასეთი აუცილებელია გარკვეული რაოდენობის წყლის მიღება?
თუ ადამიანს აქვს ისეთი დაავადება, რომლის დროსაც ხდება მარილისა და წყლის შეკავება ორგანიზმში, აქ ჩვენ წყლით დატვირთვას ვერ ვურჩევთ, შესაბამისად, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის თირკმლის დაზიანებაა.
თუ არის ისეთი ტიპის თირკმლის დაზიანება, როდესაც კონცენტრირება უჭირს თირკმელს და პირიქით, ძალიან დიდი რაოდენობით შარდი გამოიყოფა, განსაკუთრებით, ღამის საათების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ადამიანს, შესაბამისად, აქვს წყურვილის შეგრძნება და ასეთ შემთხვევაში ის უნდა აჰყვეს წყურვილის შეგრძნებას და მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი, მაგრამ იქ სადაც დომინირებს შეშუპება და მაღალი წნევა, აუცილებლად ექიმმა უნდა განსაზღვროს როგორც დიეტა, ისე წყლის მიღების რაოდენობა და ასე ზეპირად თქმა, რომ რახან კრეატინინი მაღალია, მიიღე წყალი დიდი რაოდენობით, არამც და არამც არ შეიძლება, რადგან შეიძლება, ამას მოჰყვეს ფილტვის შეშუპება, გულის გადატვირთვა, ე.წ ფილტვის გადატვირთვა, რა დროსაც ადამიანს ეწყება სუნთქვის უკმარისობა, უწევს სასწრაფოს გამოძახება და ეს ხშირად არის ჰოსპიტალიზაციის წამყვანი მიზეზი.
ყველაზე ხშირად რა ტიპის შეცდომებს ხვდებით პაციენტების მხრიდან და როგორი იქნება თქვენი რეკომენდაციები, რას ურჩევდით ადამიანებს, როცა საქმე ასეთი სერიოზული ტიპის პრობლემას ეხება?
ცოტა რთული სათქმელი არის, ამ შემთხვევაში, თვითონ ადამიანი არის დამნაშავე თუ ის, ვინც უთხრა, რომ – „არაუშავს“.
ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმებისთვის გზავნილი, რომ თუ კრეატინინი ოდნავ არის მომატებული, არ შეიძლება, ვთქვათ „არაუშავს“ და აუცილებლად უნდა გავცეთ კითხვას პასუხი, თუ რატომ არის ის მომატებული და რა უნდა გავაკეთოთ.
ჩვენ გვყოლია პაციენტები, რომელთაც უთქვამთ, „წლების განმავლობაში შარდში მქონდა ცილა, მაგრამ მეუბნებოდნენ არაუშავს“. შესაბამისად, როდესაც უკვე ძალიან გვიანაა, ჩვენ ვერაფერს ვეღარ ვასწორებთ.
მთავარი გზავნილი არის დროული დიაგნოსტიკა, რაც არის უმარტივესი ანალიზი და ფინანსური ტვირთი ნამდვილად არ არის. ერთი ბიოქიმიური ანალიზი, სისხლში კრეატინინის გაზომვა და შარდის საერთო გავაკეთოთ და თუ იქნება ცვლილებები, აუცილებლად, დროულად მიმართეთ სპეციალისტს ან თუნდაც, ოჯახის ექიმებს, რადგან მათ უმრავლესობას უკვე აქვთ ის პროტოკოლები, გაიდლაინები, რომელთა მიხედვითაც იციან, თუ როგორ მართონ ადამიანები.
თუ ცვლილება არის მუდმივი და არ გაქრა, პირობითად, 3 თვეში, ის აუცილებლად რაღაცის მაჩვენებელია და პასუხი უნდა გაეცეს.
მეტსაც ვიტყვი, ჩვენ უკვე ფართოდ დავიწყეთ გენეტიკური ანალიზის გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში, რამეთუ ხშირად, აბსოლუტურად უსიმპტომოა პრობლემა საწყის სტადიაზე, ასევე შეიძლება, რომ შარდშიც არ იყოს ცვლილება, ადრეულ სტადიაზე თირკმლის ბიოფსიით, მიკროსკოპიითაც კი ვერაფერს ვხედავდეთ და გენეტიკური ანალიზი გვეუბნებოდეს, რომ მას აქვს რისკი თირკმლის ქრონიკული დაავადების.
თუ პაციენტს აქვს ოჯახური ანამნეზი, ბებია-ბაბუა და ა.შ. იყვნენ დიალიზზე და იციან ამის თაობაზე, ვურჩევთ, რომ დროულად მიმართონ სპეციალისტს.