LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახშირებული შარდვა და სუფთა ანალიზი – ალექსანდრე ხელაია გვიხსნის, რა შეიძლება იმალებოდეს ამ სიმპტომების უკან

2081
ალექსანდრე ხელაია

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ უროლოგი ალექსანდრე ხელაია სტუმრობდა, რომელმაც შარდის ბუშტთან დაკავშირებულ პრობლემებზე, გახშირებულ შარდვაზე, შარდის შეუკავებლობაზე, აღნიშნული პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე, საყურადღებო სიმპტომებზე, საჭირო კვლევებზე ისაუბრა და არაერთი რეკომენდაცია გაგვიზიარა.

ბატონო ალექსანდრე, გახშირებული შარდვა ყოველთვის მიუთითებს თუ არა შარდის ბუშტთან დაკავშირებულ პრობლემებზე? არის თუ არა სტრესი, დიაბეტი ან სხვა ტიპის ჰორმონალური ცვლილებები გახშირებული შარდვის მიზეზი და საერთოდ, საიდან ვიწყებთ პრობლემის მიზეზის ძიებას?

ჩემი აზრით, გახშირებული შარდვა ძალიან კომპლექსური მომენტია და ვიტყოდი, რომ შეიძლება, ეს არც იყოს პრობლემა ან შეიძლება, რომ სერიოზული პრობლემა იყოს, ასევე ეს შეიძლება, არც იყოს უროლოგიური პრობლემა და პირიქით, შეიძლება, უროლოგიური პრობლემაც იყოს.

ერთ რამეზე გავამახვილებდი ყურადღებას, ვიდრე ვიტყოდი, თუ რა არის გახშირებული შარდვა. ვიტყოდი, რომ ეს არის ძალიან შემაწუხებელი პრობლემა. ეს იმაზე არანაკლებ აწუხებს პაციენტს, როგორც მაგალითად, ქრონიკული ტკივილი და ა.შ. ის უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების წესზე, ცვლის მისი ცხოვრების წესს, აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და შეიძლება, რომ უამრავი სხვა სოციალური თუ ფიზიკური დისკომფორტი გამოიწვიოს.

რა არის გახშირებული შარდვა?! ჯერ კიდევ ოდითგანვე ითვლება, რომ 24 საათში ჩვენ გვაქვს რაღაც ნორმა, რომ რვაჯერ უნდა მოვშარდოთ, რაც ძალიან პირობითია, ჩემი აზრით. აქედან 7 მოდის ჩვენს ყოფით ცხოვრებაზე, როდესაც ჩვენ ვაქტიურობთ და ერთი მოშარდვა მოდის ღამის საათებზე, რადგან ღამის საათებში მოშარდვისთვის ადგომა, კიდევ ცალკე მდგომარეობა, სიმპტომია, რომელსაც ნოქტურია ეწოდება და ეს არის 1 ან მეტი ადგომა ღამის საათებში მოსაშარდად და შემდეგ ისევ ძილს დაბრუნება.

ვიდრე პაციენტი ჩემთან მობრძანდება, ვცდილობ, რომ დრო არ დავკარგოთ და ყოველთვის ვეუბნები, რომ გააკეთოს მოშარდვის დღიური, ანუ ჩაინიშნოს, 24 საათის განმავლობაში რამდენჯერ მოშარდავს. სასურველია, რომ აღწეროს სამი 24 საათი, ანუ 72 საათი, სამი დღე-ღამე. მან უნდა ჩაინიშნოს, თუ რომელ საათზე რა რაოდენობა შარდს გამოყოფს, რადგან შესაძლოა, საქმე გვქონდეს გახშირებულ შარდვასთან მცირე ულუფებით, მცირე რაოდენობით ან გახშირებულ შარდვასთან საკმაოდ დიდი რაოდენობით.

გახშირებული შარდვა საკმაოდ დიდი რაოდენობით ცოტათი უკვე არა უროლოგიური საკითხია, სადაც ძალიან ბევრი მომენტია და შინაგანი მედიცინისკენ მივდივართ.

თუ არის გახშირებული შარდვა მცირე რაოდენობებით, პაციენტს ვტოვებთ უროლოგთან.

როცა გახშირებულ შარდვას თან ახლავს წვა, დისკომფორტის შეგრძნება და იმ ტიპის პრობლემა, რომელიც მიანიშნებს პაციენტს, რომ აქ რაღაც კარგად არ არის და ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, რა მიზეზები გამოირიცხება და ესეც უროლოგის პირდაპირი პროფილია თუ არა?

კი, ეს უროლოგიის პროფილია, რადგან აქ ჩვენ გვაქვს დისკომფორტი, რომელიც ახლავს მოშარდვის პროცესს, არის ტკივილი მოშარდვის დროს, არასრულად დაცლის შეგრძნება, მოტყუებითი შეგრძნება, წვეთობით მოშარდვა.

გააჩნია რა კონტექსტთან, რა სქესთან, რა ასაკთან გვაქვს საქმე. თუ ჩვენ საქმე გვაქვს ახალგაზრდა ბიჭუნასთან, ახალგაზრდა გოგონასთან, რომელიც ამბობს „მთელი ცხოვრება პრობლემა არ მქონდა და ეს გუშინ დამეწყო…“, „აუზზე, ზღვაზე ვიყავი“ და ა.შ. ჩვენ უფრო მეტად საშარდე გზების ინფექციასთან გვაქვს საქმე და ამან გამოიწვია წარამარა მოშარდვა. ამ დროს, პრაქტიკულად, საპირფარეშოდან ვერ გამოდის ადამიანი, რადგან გამოვა, ისევ ბრუნდება, გამოვა, ისევ ბრუნდება… ამ დროს, შარდის ბუშტი დაცლილია და შარდის ანალიზი სავსეა ლეიკოციტებით და ბაქტერიებით და ხშირად სისხლიც კი შეიძლება, რომ გამოჰყვეს შარდს.

მეორე მომენტია, როცა მოდის ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ უკვე წლებია მეტ-ნაკლებად ცუდად შარდავს და ეს ბოლო პერიოდი, 2-3 დღეა დაიწყო ცოტ-ცოტა რაოდენობით შარდვა. უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიძლება, მასთან საქმე გვაქვს წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიასთან, ანუ პროსტატის ადენომასთან.

როდესაც გახშირებული შარდვა იწყება და პირდაპირ შესამჩნევი ხდება, რომ ადამიანს ცხოვრების წესი შეეცვალა, განსხვავებული გახდა მისი ცხოვრების ხარისხი, ყოფით ცხოვრებაში, არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანების პირველი ეჭვი ცისტიტამდე მიდის. არსებობს თუ არა ცისტიტისთვის დამახასიათებელი ისეთი მკვეთრი გამოხატული სიმპტომები, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ აქ ნამდვილად ცისტიტია და სხვა პრობლემა არ არის?

იმდენი წელია ცისტიტთან ვმუშაობ და ვებრძვი, რომ ყოველთვის ვრწმუნდები, რომ ძალიან მრავალფეროვანია და აქტიურად ცდილობს, რომ დაამარცხოს ჩემი სამედიცინო ხედვები, მაგრამ ყოველთვის ახალს და ახალს ვიგონებ და ლამის, უკვე ღეროვან უჯრედებამდე მივედი, რომ ქრონიკული ცისტიტი უკუვაქციო.

თქვენს კითხვასთან დაკავშირებით, თუ გოგონას ან ქალბატონს მუდმივი მოშარდვის მოთხოვნა აქვს და საპირფარეშოდან გამოსული არ არის, რომ ისევ შედის და ეს რაღაცნაირად უეცრად ეწყება ან პერიოდულად უმწვავდება, ალბათ, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ე.წ. ცისტიტთან.

ასეთ დროს, ძალიან ხშირია ხოლმე თვითნებურად ანტიბიოტიკების მიღება… რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხზე?

90%-ში ყველა ასე აკეთებს და ეს არის დამღუპველი.

წეღან რაც ვთქვი, რომ მე ასე ვთქვათ, იდეოლოგიური ბრძოლა მაქვს ცისტიტთან გამოცხადებული, ამის მიზეზი არის თვითმკურნალობა.

როდესაც გვაქვს გახშირებული შარდვა, დისკომფორტი, მაგრამ პირველადი ანალიზები თითქოსდა ნორმალურია, ამ დროს, სად უნდა ვეძებოთ პრობლემა?

ასეთი ადამიანი ძალიან ხშირად გაურკვევლობაში ვარდება. ამ დროს, ოჯახის ექიმმა ის შეიძლება, რომ უროლოგთან გაუშვას, მოდი, ახლა უროლოგმა მოგხედოსო. უროლოგმა შეიძლება თქვას, „მოდი, ახლა, გინეკოლოგთან წადი, რადგან შენს ანალიზში არანაირი ცვლილება არ არის“. გინეკოლოგმა შემდეგ ფსიქოლოგთან გაუშვას და ა.შ.

საშარდე გზების ინფექცია დღეს-ხვალ როგორც ინფექცია, ასე რჩება და ჩვენ შარდში გვრჩება ცვლილებები, მაგრამ დგება რაღაც მომენტი, რომ ჩვენს პრაქტიკაში არსებული, ჩვენს პოლიკლინიკებში, საავადმყოფოებში არსებული ანალიზები შარდის ბუშტში, შარდის ბუშტის ლორწოვანში და კედელში დაწყებულ ღრმა ცვლილებებს ვერ ხედავს და შესაბამისად, ჩვენთან მოდის ადამიანი ჩივილებით და აბსოლუტურად „ძალიან კარგი ანალიზით“. ამ დროს, გაოგნებულია პაციენტიც და ბევრი ექიმიც, რომელიც ვერ ხედავს, ამ პაციენტში რა ჩივილებია და დაკავებულია პაციენტის გადამისამართებით. შესაბამისად, პრობლემა პრობლემით გრძელდება და ეს ადამიანი ამ თავის პრობლემასთან ერთად ასე წრეზე ტრიალებს.

ასეთ დროს, ასეთ ვითარებაში არის რამდენიმე ხრიკი, რომ ჩემი მოსაზრება ბოლო წერტილამდე მივიყვანო დიაგნოზის დასასმელად, მაგრამ დავასწრებ მოვლენებს და ამის მიზეზი არის შარდის ბუშტის ლორწოვანის პრობლემა, შარდის ბუშტის ლორწოვანის დაზიანება. შარდის ბუშტის ლორწოვანი ისეთი ნაზი და სათუთი სტრუქტურა არის, ამომფენი მემბრანა შარდის ბუშტისა, რომ ჩვენი შარდვიდანვე უკვე ღიზიანდება და აქედან გამომდინარე, უკვე რაღაც სიმპტომით მოდის პაციენტი, მაგრამ ანალიზები ნორმაშია.

საიდან გამომდინარე ჩნდება ეს ლორწოვანის პრობლემა და არსებობს თუ არა მკვეთრად გამოხატული გაიდლაინი, რომელიც მისი მკურნალობისკენ არის მიმართული?

რამდენჯერმე გადატანილი ანთებითი პროცესიდან გამომდინარე.

საშარდე გზების ინფექციის დროს, აქცენტს ყველა ბაქტერიაზე აკეთებს, მაგრამ ეს პროცესი შარდის ბუშტის ლორწოვანზე მიმდინარეობს.

ჩვენ რომ აქ ხანძარი გვექნება, ჩვენი ამოცანა თუ არის ხანძრის ჩაქრობა, კი ბატონო ჩავაქრობთ, მაგრამ ხანძარი აქ კვალს დატოვებს. ჩვენ შარდის ბუშტს ვერ გამოვცვლით, შესაბამისად, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ იქ რაღაც კვალი დარჩა და რომ შარდის ბუშტს მიხედვა სჭირდება.

როცა ადამიანს აქვს მოშარდვის სურვილი, შარდავს, მაგრამ თითქოს არც მოუშარდავს, ისევ თავიდან უჩნდება მოშარდვის სურვილი, ეს რაიმე ტიპის კონკრეტულ პრობლემაზე მიუთითებს?

კი, აქ ორი მიზეზი არის.

პირველი, რაზეც ახლა ვსაუბრობდით, შარდის ბუშტის ლორწოვანის გაღიზიანება და მისგან წამოსული სიმპტომები, რომელიც შენ წარამარა გატყუებს, რადგან თვითონაც პანიკაში არის ეს შარდის ბუშტის ლორწოვანი.

მეორე მომენტია, როცა ჩვენ საქმე გვაქვს შარდის ნაწილობრივ შეკავებასთან, როდესაც შარდის ბუშტი წვალობს და ნაწილ-ნაწილ გამოდევნის შარდს, თუმცა ეს უკვე ცოტათი უფრო მამაკაცების პრობლემაა, პროსტატის, შარდსადენი მილის შევიწროების გამო. ქალში იშვიათია შარდსადენი მილის შევიწროება, თუმცა შეიძლება იყოს, მაგრამ არის ერთი ძალიან განმასხვავებელი ნიშანი, ექოსკოპიაზე ერთ შემთხვევაში შარდის ბუშტი ფაქტობრივად ცარიელი არის, მეორე შემთხვევაში, შარდის ბუშტი პრაქტიკულად სავსე არის, მაგრამ პაციენტი წვეთ-წვეთ გამოდევნის შარდს და მოშარდვის პროცესი ორივე შემთხვევაში ერთნაირად ემოციურად დატვირთული შეიძლება, რომ იყოს.

ფეხშველა სიარული, გადაციებული ფეხი, ცივი შხაპი, ზღვაში ბანაობა შესაძლოა თუ არა, რომ გახშირებული შარდვის მიზეზი გახდეს და ეს არ იყოს რთული უროლოგიური პრობლემა?

ეს საკმაოდ რთული უროლოგიური პრობლემაა, რადგანაც ეს ორგანო ასე რეაგირებს ამ ყველაფერზე. არსებობს ორი ორგანო პროსტატა და შარდის ბუშტი, რომლებიც ფეხის შეციებაზე, გადაციებაზე, ზღვაზე და ა.შ. ასეთნაირად რეაგირებს.

მართალია თუ არა, რომ გახშირებული შარდვა, რომელიც ერთხელ დავამარცხეთ, იქნება ეს ცისტიტით გამოწვეული თუ სხვა პრობლემით, განმეორებადია და ცხოვრებაში აუცილებლად რამდენჯერმე იჩენს თავს?

დიახ.

გვასწავლიან, რომ საშარდგე გზების ინფექცია ქალში უფრო ხშირია და ამის წინამორბედი ფაქტორია ქალბატონის ანატომია, მისი მოკლე ურეთრა, რომ ის ახლოს არის საშოსთან და ა.შ. და ეს აბსოლუტურად ყველა ქალს ასე აქვს, მაგრამ ყველა ქალს ასეთი პრობლემა არ აქვს, ანუ იქ არის რაღაც წინამორბედი, ხელშემწყობი ფაქტორები, ე.წ. Host factors.

ჩემთან იყო გოგონა, რომელსაც მთელი გენეტიკა ჰქონდა დატვირთული საშარდე გზების ინფექციით, სუსტი შარდის ბუშტით, რადგან ბებიას, მამიდას ჰქონდათ ეს პრობლემა.

როცა  პაციენტი მოდის, სულ ვკითხულობ ანამნეზს, მაგალითად, პრობლემის მერამდენე ეპიზოდია, როგორია ხანგრძლივობა, როდის იყო პირველი ეპიზოდი, არის თუ არა ამ პრობლემასთან მიმართებაში სქესობრივი ცხოვრების გავლენა და ა.შ. შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ მშობლებთან, ოჯახის წევრებთანაც არის ეს პრობლემა.

სისხლის ჯგუფთანაც კი არის შეჭიდული საშარდე გზების ინფექციის პრობლემა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კომპლექსური რამ არის და ხშირად ვიღაცას უმეორდება და ეს ვიღაც ერთი-ორი არ არის, 20 – 30 %-თან გვაქვს მორეციდივე საშარდე გზების ინფექცია.

3-ზე მეტი ეპიზოდი ერთი წლის განმავლობაში ეს კიდევ ძალიან კარგი ვარიანტია, 15 ეპიზოდიც კი არის აღწერილი წლის განმავლობაში.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი არის შარდის შეუკავებლობა, დაცემინების, სიცილის დროს ან თუნდაც რაიმე განსაკუთრებული გამომწვევი ფაქტორის გარეშე… ასევე, როცა ვერ ასწრებ საპირფარეშომდე მისვლას.  ეს რა ტიპის პრობლემაზე მიუთითებს?

ეს უკვე შარდის შეუკავებლობაა, ცალკე აღებული ნოზოლოგია, ცალკე აღებული პრობლემა.

თქვენ ახსენეთ შარდის შეუკავებლობა სიცილის, დაცემინების დროს, რომელიც ასევეა დახველების, სწრაფი სიარულის დროს, კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლის დროს და ა.შ.  ამ დროს ჩვენ გვაქვს ჩამკეტი იოგების მექანიზმის შესუსტება და ჩვენი მუცლის შიდა წნევის აწევის დროს, ხდება შარდის უნებლიე გამოყოფა და აქ ჩამკეტი მექანიზმი, სპინქტერი არის მოდუნებული.

რა არის ამ დროს გამოსავალი?

მოდით, ჯერ მეორე პრობლემაც აღვნიშნოთ და შემდეგ ვისაუბროთ გამოსავალზე.

თქვენ ასევე ახსენეთ პრობლემა, როცა ვერ ასწრებ საპირფარეშომდე მისვლას. ეს არის ბრძანებითი მოთხოვნა მოშარდვაზე, ეს არის ე.წ. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი. ჰიპერაქტიურ შარდის ბუშტს სპინქტერთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის შარდის ბუშტის კუნთის მომატებული შეკუმშვადობა და ამის მიზეზი არის ერთი, ქრონიკული ანთებითი პროცესი შარდის ბუშტის ლორწოვანზე, რომელიც კედელს აღიზიანებს და იქიდან მოდის იმპულსი მოშარდვაზე და მეორე მომენტი უკვე არის კლიმაქტერიული პერიოდი და მთელი მისი კასკადი, მისი გავლენები შარდის ბუშტის კუნთზე. 

არიან ქალბატონები, რომელთაც ორივე პრობლემა შეიძლება, რომ ჰქონდეთ და იმის მიხედვით თუ რომელი პრევალირებს, ვიწყებთ გამოსავლის ძებნას.

რა არის გამოსავალი?! პირველი შემთხვევის, ანუ შარდვის დაძაბვითი შეუკავებლობის დროს, გამოსავალი დამოკიდებულია იმაზე თუ შარდის რამდენად დიდი რაოდენობა იღვრება ყოველი ასეთი ეპიზოდის დროს. თუ არის მცირე რაოდენობა, ჩვენ შეგვიძლია ვარჯიში, არსებობს სპეციალური სავარძლები, რომლებიც კუნთებს ავარჯიშებს, მაგრამ თუ ჩვენ, მაგალითად, ყოველ ელემენტარულ ჩახველებაზე ყველაფრის გამოცვლა გვჭირდება, თუ ჩაფენილი საფენი ერთბაშად ივსება, აქ უკვე არის ელემენტარული ოპერაცია, რომლის ჩატარებიდან მეორე დღესვე, თქვენ ამ პრობლემისგან გათავისუფლდებით.

უკვე, 500-ზე მეტი მსგავსი ოპერაცია ჩავატარე.

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის პრობლემა ოპერაციით ვერ გვარდება, მას მუდმივი პრეპარატის მიღება სჭირდება, რომ შარდის ბუშტი მუდმივად იყოს კონტროლის ქვეშ.

რა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანი დღის განმავლობაში ნორმის ფარგლებში შარდავს, მაგრამ ღამით, ძილის პერიოდში ეწყება გახშირებული შარდვა და უწევს ხშირად ადგომა?

ასეთ დროს, მე ოთხი პრობლემის ჩაშლა მაქვს, ღამე ადგომას 4 სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს.

ის, რომ დღის განმავლობაში ნორმის ფარგლებშია შარდვა, ეს ერთ პრობლემას, გლობალურ პოლიურიას გამორიცხავს. პოლიურია ეს არის, როდესაც ჩვენი ორგანიზმის ყოველი კილოგრამი გამოყოფს 40 მილილიტრზე მეტ შარდს. ჩვენ მარტივად შეგვიძლია, რომ 70 კილოიანი ადამიანი ავიღოთ, 40-ზე გადავამრავლოთ, რაც არის 2800 და ამ მაჩვენებელზე მეტი არის გლობალური პოლიურია. გლობალური პოლიურია როგორც დღე, ისე ღამე, ერთნაირად არსებობს, შესაბამისად, დღეც და ღამეც არის დიდი რაოდენობით შარდვა.

მეორე მიზეზი არის ნოქტურნალური პოლიურია, როცა არის ღამის საათებში გახშირებული შარდვა. კლასიკური ნოქტურნალური პოლიურია არის მდგომარეობა, როდესაც ღამის საათებში გამოყოფილი შარდის რაოდენობა ორ მესამედს შეადგენს, ვიდრე დღის საათებზე, რაზეც ერთი მესამედი მოდის, ანუ არის ასეთი პრობლემა, როცა დღისით თითქმის არ ვშარდავთ, მაგრამ ღამე გვეწყება ეს პროცესი. აქ უნდა დავაკვირდეთ დღისით გვიშუპდება თუ არა ფეხები, გვაქვს თუ არა გულის უკმარისობა, ანუ აქ უკვე ვცდებით უროლოგიას.

ასევე, შეიძლება, იყოს ტაქტიკური შეცდომა, რომ წნევის დამწევი პრეპარატი, შარდმდენი კომპონენტი იყოს საღამოს დანიშნული და ა.შ.

მესამე მომენტი არის, როცა ადამიანი ღამით ხშირად დგება, მაგრამ შარდის რაოდენობა მერყეობს, ზოგჯერ მეტია, ზოგჯერ ნაკლები…

ჩვენ ყოველთვის უნდა ჩავეძიოთ ძილის პრობლემას, უძილობას. უძილობის დროს ადამიანს შეიძლება ხშირად გამოეღვიძოს, ათასი ქმედება გააკეთოს, ის ყველაფერი არ ახსოვდეს, მაგრამ ახსოვდეს უშუალოდ მოშარდვის პროცესი. არის შემთხვევები, როცა იგივე ადამიანი საძილე საშუალებას მიიღებს, კარგად ივახშმებს, ალკოჰოლსაც მიირთმევს და შემდეგ, აღარ ეღვიძება მოსაშარდად.

მეოთხე, ეს არის ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი, როცა შარდის ბუშტი სულ აქტიურია, არასდროს სძინავს და როგორც დღე არის აქტიური, ისე არის ღამეც.

ღამე, როგორც დღე ხშირად ადგომა მოსაშარდად, შეიძლება, გამოწვეული იყოს შარდის ბუშტის არასრული დაცლით. როცა შარდის ბუშტი ბოლომდე არ იცლება, ის როგორც დღე, ისე ღამე, მუდმივად ცდილობს გათავისუფლებას და შარდისგან დაცლას.

რა კვლევები უნდა ჩავიტაროთ გახშირებული შარდვის დროს, მთავარი პრობლემების გამოსარიცხად?

აქ ყველაზე მთავარი კვლევა არის სპეციალისტის ცოდნა და პაციენტთან პრობლემაზე საუბარი. რა თქმა უნდა, პაციენტთან საუბრის შემდგომ, მეორე ეტაპი არის კვლევებთან მუშაობა, ეს არის მოშარდვის დღიური, სადაც ჩვენ ბევრ რამეს ვხედავთ და რაც გვეხმარება შემდეგი კვლევის განსაზღვრაში. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია რუტინული შარდის ანალიზი. ასევე, უნდა გაკეთდეს ექოსკოპია. თუ პაციენტი ამბობს, რომ შესუსტებული აქვს შარდის ნაკადი, არსებობს სპეციალურ კვლევა, უროფლოუმეტრია, შარდის ნაკადის განსაზღვრა, როცა ადამიანი სპეციალურ უნიტაზის მსგავს აპარატში შარდავს, რა დროსაც ის მრუდს ასახავს. რა თქმა უნდა, აღნიშნული კვლევის დროს შარდის ბუშტი მეტ-ნაკლებად სავსე უნდა იყოს. ამის შემდეგ ვაკეთებთ ნარჩენ შარდს, ვნახულობთ ბოლომდე დაიცალა თუ არა შარდის ბუშტი. თანამედროვე კლასიფიკაციით და ა.შ. ამ გამოკვლევას ორჯერ ითხოვენ. გლობალური მედიცინა ცდილობს, რომ პაციენტის კვლევები მაქსიმალურად მიუსადაგოს მის ფსიქოლოგიას, ცხოვრების ხარისხს.

არის შემთხვევები, რომ ადამიანს ხანგრძლივად უწევს რიგში დგომა და ამის შემდეგ ის ვერ შარდავს, ურთულდება მოშარდვა, არასრულად იცლება შარდის ბუშტი, რა დროსაც ადამიანთან შენ შეიძლება, რომ პროსტატასთან, ოპერაციასთან დაკავშირებით დაიწყო საუბარი, მაგრამ მეორე დღეს საერთოდ არ ჰქონდეს ნარჩენი შარდი. აქ ბევრი ნიუანსია, რამემ ხომ არ შეუშალა ხელი, დიდხანს ხომ არ დაყოვნდა და ა.შ.

მოშარდვის დღიური, შარდის ანალიზები,  საშარდე გზების ექოსკოპია, უროფლოუმეტრია, ნარჩენი შარდის განსაზღვრა ეს არის საბაზისო, საანგარიშო კვლევები და შემდეგ, მათ მიხედვით ინიშნება დამატებითი კვლევები.

რა ტიპის ჩივილებზე, წითელ ალმებზე გაამახვილებდით ყურადღებას, რამ უნდა მიგვანიშნოს, რომ მოცდის დრო არ არის და დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

წითელი ალამი რომ აგვენთება, უკვე გვიანია, შესაბამისად, მამაკაცებთან მიმართებით არსებობს კლინიკოგრამები, PSA-ს, ონკოლოგიის ადრეულ ეტაპზე დასადგენი ტესტები, ანალიზი და ა.შ. და ეს გავითვალისწინოთ.

სკრინინგი უნდა ვატაროთ, პროსტატის ონკოლოგია ადრეულ ეტაპზე კი არ უნდა ვიპოვოთ, არამედ სულ კონტროლის ქვეშ უნდა გვყავდეს, რადგან პროსტატის ონკოლოგიის პოვნა კიდევ სხვა ფსიქოლოგიური სტრესია.

მეორე საკითხია, როცა უკვე შორს წასულმა პროსტატის ონკოლოგიამ შენ პირველად მიგიყვანა ექიმთან, როცა ონკოლოგიამ უკვე პრაქტიკულად ჩაკეტა საშარდე გზები…

წითელი ალამი ეს არის როცა შენ ყოველდღიურად ფიქრობ შენს ჯანმრთელობაზე, ყოველწლიურად აკეთებ რაღაც გარკვეულ კვლევებს, არა მხოლოდ უროლოგიაში, არამედ ყველა მიმართულებით, რადგან ბევრ სერიოზულ პრობლემას არანაირი გამოვლინება არ აქვს. მაგალითად, მე ჩემს პრაქტიკაში, როგორც უროლოგი ყოველთვის ვამბობ, მოდი თირკმელიც ვნახოთ მეთქი, მაშინაც კი, როცა შეიძლება, პაციენტს სულ სხვა პრობლემა ჰქონდეს, არ იყოს საჭირო თირკმლის ექოსკოპია, რადგან დღეს თუ არა ხვალ გაითვალისწინებს მას.

წარმოიდგინეთ, ქალი რომ მოვიდეს ჩემთან შარდის შეუკავებლობით, გავსინჯო, კი ბატონო, ეპარებოდეს შარდი და მე ექოსკოპია არ გავაკეთო, ისე შევიყვანო ოპერაციაზე და ოპერაციის მსვლელობის დროს, ცისტოსკოპიის გაკეთებისას, რომ აღმოვაჩინო შარდის ბუშტში სიმსივნე, რომელიც აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

ბევრი შემთხვევა არის, როცა შარდის ბუშტის ონკოლოგიით მოსულ პაციენტს, რომელსაც გუშინ და დღეს სისხლიანი შარდი აქვს, რაც ასევე წითელი ალამია, რომ ჩაეკითხები, აღმოჩნდება, რომ მაგალითად, სამი წლის წინ, ერთხელ, ერთჯერადად შეიფერა შარდი სისხლით და რომ გაიარა, მერე აღარ მიაქცია ამას ყურადღება და სამი წლის მერე, უკვე უზარმაზარი სიმსივნით მოვიდა.

რატომ არის, რომ გახშირებული შარდვის დადგენა ძალიან ჭირს პირველი რგოლის, მაგალითად, ოჯახის ექიმებთან?

როგორც პაციენტმა უნდა ეძებოს წითელი ალამი საკუთარ თავში, ისე ექიმმა უნდა ეძებოს ის ალმები, რომ პაციენტის წინაშე არ შერცხვეს.

ყველაფერი გაწერილია, ყველაფრის სწავლა შეიძლება… სხვა სპეციალისტმაც დიდი მონდომება უნდა გამოიჩინოს, რომ მუდმივად ხვდებოდეს თავის კოლეგებს, გაუზიაროს თავისი გამოცდილება. თუ პირველადი ჯანდაცვის რგოლმა რაღაც არ იცის, ზედა რგოლმა უნდა ასწავლოს ის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ყურადღებით არიან პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტები ჩემთან ლექციაზე. ბევრმა ჩემმა კოლეგამაც უნდა გააკეთოს იგივე და სხვასაც ასწავლოს.