LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ავადობს ბავშვი ხშირად და რას ვაკეთებთ არასწორად? – თემურ მიქელაძე ვირუსებზე, აცრებსა და იმუნიტეტზე პოდკასტში „სტუმრად ექიმთან“

7787
თემურ-მიქელაძე

„სად გადის ზღვარი გადაჭარბებულად ხშირად ავადობასა და ნორმალურ ავადობას შორის, სასურველია თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, როგორ უნდა მოვიქცეთ პნევმონიის დროს, როგორ შევამსუბუქოთ ხველა, უნდა გვეშინოდეს თუ არა ნოროვირუსის, რატომ არ უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად…“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის პოდკასტში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა – პედიატრმა, თემურ მიქელაძემ ისაუბრა.

ბატონო თემურ, მოვიდა შემოდგომა, ცირკულირებს სხვადასხვა ტიპის ვირუსები და ბავშვებმაც დაიწყეს ავადობა, სად გადის ზღვარი გადაჭარბებულად ხშირად ავადობასა და ნორმალურ ავადობას შორის?

რთული კითხვა დასვით, ზღვრის გასმა საკმაოდ რთულია.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანმრთელი ბავშვი წლის განმავლობაში, თავისი სოციალური აქტივობიდან გამომდინარე, იქნება ეს ბაღის გარეშე, ბაღთან ერთად, სკოლის გარეშე თუ სკოლასთან ერთად, დაახლოებით, 6 – 10-ჯერ ავადობს, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ოღონდ, ძირითადად, ეს არის ვირუსული ეტიოლოგიის პათოგენებით განპირობებული, როგორიც არის, მაგალითად, ნაწლავთა ვირუსული პათოგენები, ისევე რესპირაციული პათოგენები.

უფრო ხშირად ჩვენ მაინც რესპირაციულ ავადობას ვაფასებთ და რესპირაციულ ავადობას ვთვლით 6-დან 10-მდე და არა ნაწლავთა ვირუსული ინფექციებით ავადობას, რომლითაც შეიძლება, რომ 5-ჯერ ავადობდეს ბავშვი, მაგრამ ეს ამ ავადობაში არ ითვლება, ამიტომ ეს მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ.

ნაწლავთა როგორც ბაქტერიული, როგორც ვირუსული, ისე ენტეროვირუსის, ნაწლავთა ვირუსის გადაცემის მექანიზმი არის ფეკალურ – ორალური, ანუ მიკრობი უნდა გადაიყლაპოს და უნდა მოხდეს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, შესაბამისად, ის ხშირად ვერ დააავადებს ბავშვს, თუ არ მოხდა ჰიგიენური პროცესების დარღვევა.

რესპირაციულ ვირუსულ ინფექციებს გავრცელება ახასიათებს ე.წ. აირწვეთოვანი გზით და აირწვეთოვანი გზით ავადობა, როგორც წესი, უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავს და შესაბამისად, აირწვეთოვანი გადაცემა უფრო მარტივია, რამეთუ ის უნდა მოხდეს სასუნთქი სისტემით და შესაბამისად, ითვლება, რომ ჯანმრთელი ბავშვი მთელი წლის განმავლობაში შეიძლება, რომ 6 – 10-ჯერ ავადობდეს სხვადასხვა რესპირაციული ვირუსით. ასაკის მატებასთან ერთად რაოდენობა, რა თქმა უნდა, მცირდება, ოთხზე ჩამოდის და მოზრდილი ადამიანი, დაახლოებით, წელიწადში სამჯერ ავადობს სხვადასხვა ვირუსული ინფექციით.

ეს რაღაც კატასტროფა არ არის, მარტივად უნდა შევხედოთ ამას, რადგან ვერაფერს ვერ ვიზამთ, ასი წლის წინაც და ორასი წლის წინაც ასე ავადობდნენ ბავშვები და შემდგომი ასი წლის განმავლობაშიც ასე იავადებენ სხვადასხვა ვირუსული ინფექციით. უბრალოდ, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ მოხდეს სხვადასხვა როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციების თანდართვა და კონკრეტული რაღაც ნოზოლოგიის გართულება, განსაკუთრებით ქრონიკული პათოლოგიის მქონე ბავშვებში. ამიტომ, ჩვენ ვიცით წინასწარ ამ ქრონიკული პათოლოგიის მქონე ბავშვების მართვა და შესაბამისად, ისინი მართულნი არიან ექიმების მიერ და საბედნიეროდ, ბავშვებში ნებისმიერ ვირუსულ ინფექციაზე ბაქტერიული ინფექციის თანდართვისას უკვე ანტიბიოტიკოთერაპიებს ვიყენებთ და მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თვითნებური ანტიბიოტიკოთერაპია შევზღუდოთ, ანტიბიოტიკო რეზისტენტობის გამო, რაც ამ საუკუნის პრობლემაა.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მინდა გკითხოთ. ხშირად მოავადე ბავშვების მშობლებს, თითქოს, ვერ გავაგებინეთ, რომ არსებობს ვაქცინა, რომელიც მიმართულია კონკრეტული შტამის გრიპის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ვაქცინა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შვილი, რომელიც ავადობს, პირობითად, წელიწადში 6-დან 10-მდე ჯერადობით, არ იავადებს ასევე, ამიტომ მთავარი წინააღმდეგობა, რაც მათ აქვთ, არის, რომ „გავაკეთე, მაგრამ მაინც ავადობდა, რა შეიცვალა ჩემთვის?!“…

კი ბატონო, მეტსაც გეტყვით, ჩვენი, ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნისთვის გრიპი იწყებოდა, დაახლოებით, ნოემბრის შუა რიცხვებიდან ან ნოემბრის ბოლოდან, მაგრამ დაავადებათა კონტროლის მონაცემებით, უკვე სექტემბრის შუა რიცხვებიდან გრიპის ვირუსი, H1N1 გამოჩნდა, რაზეა ეს დამოკიდებული?! მიგრაციის გამო, ჩვენებიც ბევრს დადიან, ასევე შემოდიან სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც გრიპი უკვე დაწყებულია, შესაბამისად, მათ შემოაქვთ ეს.

რა თქმა უნდა, გრიპს აქვს კონკრეტული შტამი და ვაქცინა იცავს, მხოლოდ H1N1 ტიპის, H3N2 ტიპის და B ტიპის ვირუსისგან, იმ შტამებისგან, რომელიც წინა ალგორითმის მიხედვით დგება, თუ რა ტიპის შტამია ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის მოცირკულირე. შესაბამისად, შემოვა A ტიპის და B ტიპის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. B უკვე ერთი იქნება, ადრე, ოთხკომპონენტიანი იყო, ახლა, სამკომპონენტიანი ვაქცინა იქნება. ჩვენი ქვეყანა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და ის დაიცავს მხოლოდ ამ ტიპის გრიპისგან და არა სხვა მოცირკულირე ვირუსებისგან, როგორიცაა, მაგალითად, რინოვირუსი, ადენოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და მერწმუნეთ, რესპირატორულ – სინციტიური ვირუსი ბევრად უფრო მძიმეა ახალშობილებისთვის, ვიდრე გრიპის ვირუსი. შესაბამისად, ამ ვირუსებით ბავშვები რამდენჯერმე იავადებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მასობრივად არ მოხდეს ბავშვების სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით დაინფიცირება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ გადაიტვირთოს კლინიკები, დროის რაღაც მოკლე პერიოდში ბევრი რაოდენობის პაციენტი არ უნდა შევიდეს კლინიკაში, რამეთუ კლინიკა უნდა შევინახოთ ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტებისთვის.

ე.წ. ინვაზიური პროცედურები, გადასხმები, რომელიც მოდაში შემოვიდა და ნაწლავთა ინფექციების დროსაც გადასხმა რომ კეთდება, რესპირაციული ვირუსების დროსაც რომ გადასხმა კეთდება, ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვთან, კატეგორიულად არ უნდა კეთდებოდეს, ამიტომ კლინიკა უნდა შევუნახოთ მძიმე პაციენტებს და არა მორბენალ ბავშვებს. დროულად უნდა გავუშვათ ისინი ბინის პირობებში და დაახლოებით, ორი-სამი დღის განმავლობაში უნდა დავაყოვნოთ, რომ პირიქით, რესპირაციულ ვირუსული ინფექციების იქ გავრცელებას არ შევუწყოთ ხელი.

შესაბამისად, როცა სწორად იქნება აწყობილი პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ჰოსპიტალური სექტორი, როცა სწორი რეფერალი გაკეთდება, ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდავთ მშობლების პანიკასაც და კლინიკებსაც აღარ გადავტვირთავთ.

ხომ შეიძლება, რომ ცხელება, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება და არ აქვს დინამიკა კლებისკენ, მოასწავებდეს იმაზე, რომ შესაძლოა, აქ პნევმონიური პროცესი დაიწყო?

პნევმონიის ძირითადი გამომწვევი ბავშვებში მაინც ვირუსული ეტიოლოგიაა. შესაბამისად, მართვა და დიფერენცირება, რომ ეს ვირუსული პნევმონიაა თუ ბაქტერიული პნევმონია, რა თქმა უნდა, ხშირად არ კეთდება. ჩვენ ვიცით პნევმონიის კრიტერიუმი, თუ როგორ ვუმკურნალოთ, დავუშვათ, საზოგადოებრივ პნევმონიას, საზოგადოებაში შეძენილ პნევმონიას, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და იქ სასტარტო ანტიბიოტიკით იწყება მკურნალობა. მე იქ არასოდეს ვიწყებ კვლევას, ეს არის ვირუსული ეტიოლოგიის, ბაქტერიული ეტიოლოგიის თუ მიქსტი.

რა თქმა უნდა, ცხელება თუ გრძელდება სამ – ოთხ დღეზე მეტხანს, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს მშობელმა.

საკმაოდ ხშირად, მშობლები იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ საშუალებას, AI იქნება თუ ასე შემდეგ და ისინიც სწორ ინფორმაციას იძლევიან უმრავლეს შემთხვევაში. პირადად მე რომ მირეკავს მშობელი და ეს პაციენტი საერთოდ რომ არ მყავს გასინჯული, რანაირად შემიძლია სწორი ინფორმაცია მივაწოდო მას?! იგივე იქნება ჩემი მიწოდებული პასუხიც, რასაც ელექტრონული მოწყობილობები მისცემს. შესაბამისად, დაავადების მიმდინარეობის პერიოდში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთხელ მაინც გაისინჯოს პაციენტი პედიატრის მიერ.

გარდა ამისა, საკმაოდ ხშირად, მშობლები გვიგდებენ სურათებს სხვადასხვა გამონაყარით მიმდინარე დაავადებების… დავუშვათ, არის ქუნთრუშა, ცხელებით მიმდინარე, რომელსაც დროულად სჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია. საკმაოდ რთულია სხვადასხვა ფოტოსურათით მისი დიფერენცირება. შესაბამისად, მაღალ განვითარებულ ქვეყნებში ამას არც ექიმი აკადრებს თავის თავს და არც პაციენტი აკადრებს ექიმს, არც გამიგია, რომ სადმე ხდებოდეს, ამიტომ როგორც ვთქვით, ამ ხნის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისინჯოს პაციენტი ექიმის მიერ და ექიმი გადაწყვეტს, თუ რა დროს მოხდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვირუსული ინფექციის ბაქტერიულად გართულება.  

ძირითადად რისი გვეშინია?! გვეშინია პნევმონიის, ოტიტის, სხვადასხვა ორგანოს დაზიანებების, მთავარი მაინც ცენტრალური ნერვული სისტემის, რომ რამე ისეთი სერიოზული დაავადება არ გამოგვეპაროს, რომელიც დროულ ჰოსპიტალიზაციას და დროულ მკურნალობას მოითხოვს.

მთავარია, ერთხელ მაინც მიმართოთ ექიმს, რომ გრძელვადიანად არ გამოვიწვიოთ დაავადების გავრცელება ან გართულება.

ორი ან მეტი პნევმონია წლის განმავლობაში უკვე საშიში მდგომარეობაა?

უნდა გავმიჯნოთ რას ნიშნავს და რა კრიტერიუმი აქვს პნევმონიას.

საკმაოდ ხშირად, ჩემთან მოდის პაციენტი, რომელთანაც დადასტურებულია პნევმონია და არანაირი ვიზუალიზაციის კრიტერიუმები არ აკმაყოფილებს ამ პნევმონიას, არც რენტგენოლოგიური ნიშნები, არც სისხლის ანალიზი, არც თავისით გამოხატული ქოშინი და ა.შ. ამიტომ, პნევმონიას აქვს თავისი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები, ეს არის სუნთქვის გახშირება, ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, დაახლოებით, 50-ჯერ მეტი, 40-ჯერ მეტი და ა.შ. , ეს ყველა ექიმმა იცის. ასევე, მაღალი ცხელება, ჩაზნექა და ინტოქსიკაციის ნიშნები, ეს არის პნევმონიისთვის დამახასიათებელი.

რენტგენი არ არის მაღალი მტკიცებულება პნევმონიის შესაფასებლად, ამიტომ სჭირდება მაღალკვალიფიციური რადიოლოგიური დასკვნა.

რა თქმა უნდა, თუ იქ არის კონსოლიდაცია, დაჩრდილვა, ეს ელემენტარული სანახავია და არ მოითხოვს ბევრი კვლევის ჩატარებას.

კი ბატონო, ორი პნევმონია შეიძლება იყოს, დავუშვათ, ერთი ვირუსული, ერთი მიქსტი, ერთი ბაქტერიული ინფექცია, ეს რაღაც განსაკუთრებულ კატასტროფად არ ითვლება, მაგრამ ხშირი პნევმონიები, რა თქმა უნდა, საჭიროებს უკვე კვლევას, ხომ არ არის რაღაც იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, თანდაყოლილი პათოლოგია, ხომ არ არის ჰიპერრეაქტიული ბრონქების სინდრომი, რომელიც ვიზინგის ტიპის ხველით მიმდინარეობს. ბავშვები, რომელთაც აქვთ ჰიპერრეაქტიული ბრონქები, მიდრეკილნი არიან და შემდგომ, ზოგ შემთხვევაში უყალიბდებათ ბრონქული ასთმა. ამ ბავშვთა ჯგუფმა სხვადასხვა ასაკობრივი, ანატომიურ – ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, შეიძლება, რომ იავადონ პნევმონიით… აცრა რატომ კეთდება?! იმიტომ, რომ პნევმონიის გამომწვევი ყველაზე ხშირი გამომწვევი არის გრიპის ვირუსი. მე დაახლოებით 1200-დან 2000-მდე ბავშვს ვცრი ყოველწლიურად, ეს არის განსაკუთრებული რისკჯგუფის მქონე ბავშვები, რომელთაც პოტენციურად შეიძლება, რომ განუვითარდეთ პნევმონია, ბრონქული ასთმა, ესენი, ასევე, არიან გულის თანდაყოლილი მანკის მქონე ბავშვები, სასუნთქი სისტემის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე ბავშვები, ცილიარული დისკინეზიის მქონე, პანკრეასის ცისტო ფიბროზის მქონე, ბრონქული ასთმის და ა.შ. სწორედ ასეთი პაციენტები, რაც მე მყავს, ნულიდან თვრამეტ წლამდე ასაკის, დაახლოებით, 2000-მდე ბავშვი, ვცდილობ, რომ დროულად ავცრა. სწორედ ეს ბავშვები არიან მოწყვლადი ჯგუფი და მათ უნდა ჩაუტარდეთ დროულად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. სხვა შემთხვევაში, 5 წლის შემდეგ ჯანმრთელ ბავშვს, მე ვთვლი, რომ საერთოდ საერთოდ არ სჭირდება, ეს ზედმეტი ინვაზიაა, მაგრამ აქაც უნდა გავთვალოთ, რომ თუ ბავშვი არის ისეთ ოჯახში, სადაც არის 65 -70 წელს გადაცილებული ქრონიკული პათოლოგიის მქონე ბებია, ბაბუა, მას აუცილებლად უნდა ჩავუტაროთ აცრა. რა თქმა უნდა, ეს ბებია – ბაბუაც უნდა ავცრათ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ისინი. ამიტომ, არის ასეთი მყარად გაწერილი რეკომენდაციები.

ჩვენს სახელმწიფოს შემოაქვს ახლა ეს ვაქცინა უფასოდ, 250 000 დოზამდე. ადრე, საერთოდ როცა არ შემოდიოდა, მაშინ იწყებოდა, „სად არის ვაქცინა, რატომ არ შემოაქვთ“ და ახლა, შარშანაც და შარშანწინაც რამდენიმე ათასი დოზა ვაქცინისა დარჩა.

მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა განსაკუთრებული რისკების მქონე ბავშვები, მოზრდილები 65 წლის შემდეგ, ორსულები ავცრათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. უმრავლეს შემთხვევაში ორსული პრაქტიკულად არ იცრება ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ.

მრავალი ტიპის ხველა არსებობს… რომელ ხველასთან არის ჭიდილი ყველაზე რთული და რომელია ის ხველა, რომლის კუპირებაც ასე ძალიან უჭირთ ხოლმე მშობლებს?

ბავშვებში ყველაზე ხშირად არის ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი, ე.წ. პოსტნაზალური ჩანადენის სინდრომით მიმდინარე მშრალი ტიპის ხველა, რომლის მართვაც მარტივი არ არის. ეს არის ე.წ. ჩაწმენდის სიმპტომი, მაგრამ მშობელს უნდა ავუხსნათ, რომ ეს ხველა არ გართულდება არასოდეს, უბრალოდ, ეს არის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩაწმენდის ტიპის ხველა, ანუ ხველა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ზედა სასუნთქი გზების სეკრეტისგან გათავისუფლდეს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მაინც გვეშინია ქვედა სასუნთქი გზების ხველის, ე.წ. ლარინგიტული ხველის, რომელიც კრუპის სინდრომს ახასიათებს და რომელიც აბსოლუტურად ჯანმრთელ ბავშვს ემართება და საბედნიეროდ, ჩვენთან ტარდება ვაქცინა დიფტერიის და ჰემოფილუსის საწინააღმდეგოდ და ბაქტერიული კრუპი პრაქტიკულად არ გვაქვს.

არის ვირუსული ტიპის კრუპი, რომელიც ყველაზე ხშირად პარაგრიპის ვირუსით არის განპირობებული, თუმცა გრიპმაც შეიძლება, რომ გამოიწვიოს ის და ადენო ვირუსმაც. აქაც შეგვიძლია დიდი რაოდენობით სითხით დატვირთვა, ფანჯრის გამოღება. უნდა ავუხსნათ მშობელს, რომ არ სჭირდება აუცილებლად ჰორმონის დალევა, სხვადასხვა ინვაზიური მანიპულაცია, რამეთუ ეს კრუპიც ერთი დღის, 24 საათის განმავლობაში თავისით კუპირდება.

საკმაოდ ხშირად ლარინგიტი, ობსტრუქციული ლარინგიტი ან ლარინგო – ფარინგიტი შემდეგ, მეორე-მესამე დღეს გადადის უკვე პროდუქტიულ ხველაში, რადგან უკვე ქვედა სასუნთქი გზებისკენ ინაცვლებს. პროდუქტიული ხველა, პირიქით, კარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრონქები, ქვედა სასუნთქი გზები კარგად სუფთავდება და მას არ სჭირდება დათრგუნვა ან ე.წ. გამათხელებელი საშუალებების დანიშვნა. მე ზოგიერთ შემთხვევაში ვიყენებ მუკორეგულატორულ საშუალებებს, ეს აბსოლუტურად სხვა ჯგუფია, ეს იმისთვის არის, რომ პირიქით, რეოლოგია გააუმჯობესოს, ხველა გააძლიეროს და პირიქით, ამოახველოს ბავშვმა. ეს არის სხვადასხვა საინჰალაციო სამ პროცენტიანი ხსნარები და ყველაზე კარგი, ბუნებრივი საშუალება, თუ ალერგია არ აქვს პაციენტს, არის თაფლი. თაფლს კოვიდის დროს ყველა მეორე შემთხვევაში ვიყენებდით ხველის დასათრგუნად.

როგორც წესი, ბავშვებში ხველის საშუალებებს არ ვიყენებთ, თუ არ არის ვიზინგი. ვიზინგი ეს არის ხველა, რომელიც ისმის ორი ერთმანეთის მოპირდაპირე ბრონქის სანათურის შევიწროების გამო და შესაბამისად, სხვა ტიპის ხველასთან შედარებით, მაღალი სიხშირე ახასიათებს და აქ აუცილებელია დროული ჩარევა ე.წ. სპაზმის მომხსნელი საშუალებით, რომელიც ბეტა 2 აგონისტების სახელით არის ცნობილი, სხვადასხვა სპეისერით ან საინჰალაციო საშუალებით და არა ისე, პირდაპირ სტეროიდით რომ ვიწყებთ ხოლმე, სტეროიდმა შეიძლება, რომ საერთოდ არ მოგიხსნას ვიზინგი, ამიტომ აუცილებელია სტეროიდის ბეტა 2 აგონისტთან შეთანხმება. არ უნდა დავნიშნოთ ცალკე ბეტა 2 აგონისტი, აუცილებლად სტეროიდთან ერთად და ესეც ე.წ. ვირუსინდუცირებული ვიზინგი დაახლოებით რამდენიმე დღეში თვითონ კუპირდება.

პნევმონიის დროს ხველა ზოგ შემთხვევაში, პირიქით, უმჯობესია, რამეთუ ხველაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია რესპირაციული პათოგენის, არსებული პათოლოგიური სეკრეტის, ჩირქის, ნახველის თუ ა.შ. მოსაშორებლად. ზოგიერთ შემთხვევაში ხველა, პირიქით, უნდა გამოვიწვიოთ და გავაძლიეროთ, პნევმონიის დროსაც.

პნევმონიისას აუცილებელია დროული, სწორი დიაგნოსტირება. ჩვენს ქვეყანაში კეთდება სტრეპტოკოკო პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ყველაზე ხშირად ორ წლამდე ასაკის ბავშვებს იცავს პნევმონიისგან და არა მარტო, ოტიტისგან და მენინგიტისგანაც.

სხვა ჯგუფის პნევმონიების შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ სასტარტო ანტიბიოტიკებს. საზოგადოებაში შეძენილ პნევმონიას სხვა მკურნალობა აქვს, ჰოსპიტალურ პნევმონიას სხვა.

თუ პნევმონიას ბინაზე ვმკურნალობთ და პირადად მე უმრავლეს შემთხვევაში, დაახლოებით, 95 – 97 %-ში არ ვახდენ პაციენტის ჰოსპიტალიზაციას, ვმკურნალობთ სასტარტო ანტიბიოტიკით, პერორალური, ანუ არა საინიექციო ანტიბიოტიკით. საინიექციო ანტიბიოტიკი, საერთოდ, ბავშვებში სახლში არ უნდა კეთდებოდეს, უნდა კეთდებოდეს კლინიკაში, განსაკუთრებით ინტრამუსკულარული. ინტრამუსკულარულად საერთოდ არ უნდა გააკეთო ანტიბიოტიკი, იგივე შეღწევადობა აქვს, რაც პერორალურ, ანუ დასალევ ანტიბიოტიკსაც.

აღნიშნეთ, რომ ხველის შესამსუბუქებლად კარგია თაფლი, სუფთა ჰაერი, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ბავშვის მდგომარეობა შევამსუბუქოთ იმ მომენტში, როცა მას ძალიან ახველებს?

თაფლი მხოლოდ ორი წლის შემდგომ ასაკის ბავშვებში უნდა გამოვიყენოთ.

მთავარია, სითხეებით დატვირთვა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ცხელების დროს ბავშვი ვერ იღებს სითხეს. ჩვენ რატომ გვეშინია ცხელებით განვითარებული ფებრილური გულყრის?! იმიტომ, რომ სითხე აკლია ბავშვს, სითხით არ არის შევსებული, ამიტომ ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებასაც მივმართავთ, მაგალითად, ე.წ. მარილიან ჩხირებს, რომ მეტი რაოდენობით სითხე მიიღოს მან. თუ ბავშვი სითხით სწორად არის გაჯერებული და დიდი რაოდენობით სითხეს იღებს, ნებისმიერი პათოლოგია მას არ გაურთულდება, როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული, განსაკუთრებით პნევმონიის დროს.

შესაბამისად, მთავარია, სითხით დატვირთვა, სუფთა ჰაერი, ხშირად განიავება, ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა, თაფლის გამოყენება და ზოგ შემთხვევაში, ლიმონიანი სხვადასხვა ნელთბილი სითხის მიღება და არა ცხელის ან სხვადასხვა ალკოჰოლით გაჯერებული სასმლის მიღება, რომელსაც მოზრდილი ბავშვები, სამწუხაროდ, იყენებენ ჩვენს პირობებში.განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, წვეულებებს რომ აწყობენ, მაღალ ალკოჰოლურ საშუალებებს სვამენ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.

ალბათ, საკმაოდ ხშირად გინახავთ, მოზრდილებს გაციების დროს ჩაიში ალკოჰოლს რომ უსხამენ და ჰგონიათ, ამით მეორე დღეს გამოჯანმრთელდებიან, პირიქით, ამით ჩვენ შეიძლება სხვადასხვა დაავადება გავამწვავოთ. ალკოჰოლი ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან.

ასევე უნდა ამოვიღოთ ალკოჰოლი ძმრიანი წინდების, დაზელვების და ა.შ. დროს.

ერთადერთი თბილი წყალი შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ ასეთ რეკომენდაციას ექიმი არ უნდა იძლეოდეს, რადგან ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ანტიპირეტული საშუალებები, ცენტრალური მოქმედების და პერიფერიული მოქმედების და ჩვენ რომ უცხოელ კოლეგებს ვკითხოთ, არცერთი უცხოელი ექიმი არ გირჩევთ, რომ სითხით, სხვადასხვა ალკოჰოლური ხსნარით დაზილოთ პაციენტი, რომ ძმრიანი წინდები ჩააცვათ, ამის არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ სიცხის დამწევი საშუალებები, სითხე დიდი რაოდენობით. მთავარია, ჯანსაღი გარემოს შექმნა ბავშვისთვის, არ უნდა ავყვეთ ფსიქო – სოციალურ აქტივობებს, განსაკუთრებით სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან მომდინარეს.

რატომ ატყდა ამხელა ამბავი ახლა ნოროვირუსის გარშემო, მართლა ასე მწვავე სიტუაციაა? უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და მთავარი რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსზე?

ნოროვირუსი, როგორც მოგეხსენებათ, არის ნაწლავთა ვირუსული ინფექცია. საკმაოდ ხშირად, ნაწლავთა ვირუსული ინფექცია ერევათ ენტეროვირუსულ ინფექციებში.

ნოროვირუსმა გავრცელება დაიწყო, დაახლოებით, ივლისის შუა პერიოდიდან. განსაკუთრებით, სხვადასხვა ზღვის კურორტებზე იყო მისი გავრცელება. იგივე რაოდენობით და ზოგ შემთხვევაში, უფრო მეტიც იყო ენტეროვირუსული ინფექციები, კოკსაკის სახით, ე.წ. ხელ-ფეხ-პირის ინფექციით მიმდინარე, ენტეროვირუსული ეგზანთემებით.

ორივეს გადაცემის მექანიზმი არის ფეკალურ-ორალური, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიგიენური ნორმები უნდა დავიცვათ.

ენტეროვირუსის შემთხვევაში შეიძლება, იყოს მსხვილი წვეთით ე.წ. აეროვანი გადაცემაც, ოღონდ ისიც აეროზოლი უნდა წარმოიქმნას და უნდა გადაიყლაპოს, ის არასოდეს სასუნთქ სისტემას არ დააჯდება.

იმ ქვეყნებში, სადაც ტარდება როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ასეთ ქვეყნებში პირველ რიგში წამოვიდა სხვა ვირუსი, ანუ ჩაანაცვლა ნოროვირუსმა. როგორც მოგეხსენებათ, ნაწლავთა ვირუსულ ინფექციებში ყველაზე ხშირი იყო როტავირუსი და ამის გამო დაიწყეს ვაქცინაციის ჩატარება. 20 – 25 წელია, ჩვენს ქვეყანაში როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კეთდება. ის იყო ახალშობილების სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი გამომწვევი, გაუწყლოვნების გამო, განსაკუთრებით, დაბალი განვითარების ქვეყნებში და ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც გრძელდება.

ნოროვირუსი ახალი ვირუსი არ არის, პირველად 50-იან წლებში დიფერენცირდა, შესაბამისად, არანაირი ახალი გამომწვევი ჩვენ აქ არ გვიპოვია. მას ახასიათებს ცხელება, ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. ცხელება ორი – სამი დღის განმავლობაში გრძელდება. უბრალოდ, მას ახასიათებს ე.წ. ეპიდემიური აფეთქება.

რა მოხდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში?! იყო პარასკევი საღამო, შესაბამისად, ვერ მიმართეს მშობლებმა თავიანთ ექიმებს, რადგან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების უმრავლესობა დაკეტილი იყო და შემდეგ, ერთდროულად მოხდა რამდენიმე ათეული ბავშვის მიმართვა კლინიკებში. აქაც, ზოგ შემთხვევაში, ჩატარდა ინვაზიური საშუალებები, მე ვიმედოვნებ, რომ არა გადაჭარბებულად, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ასე გაკეთდა და შესაბამისად, შეიქმნა პანიკა სოციალური ქსელით. დღის განმავლობაში ამ პერიოდში და ახლაც ორი ათეული, ოცდახუთამდე პაციენტი მოგვმართავდა ნაწლავთა სხვადასხვა, როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული და ენტეროვირუსული ინფექციებით.

საკმაოდ რთული სადიფერენციაციოა, რა არის ვირუსული, რა არის ბაქტერიული და საერთოდ არ სჭირდება დიფერენცირება ნაწლავთა ინფექცია ბაქტერიულია თუ ვირუსული, რადგან მკურნალობა იდენტურია. არც ბაქტერიულ ნაწლავთა ინფექციას უმეტეს შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია არ სჭირდება, თუ არ არის რაღაც გართულებები, დაახლოებით 10 – 15 %-ში არის ხოლმე საჭირო ანტიბიოტიკოთერაპია.

ერთი ღებინებაც მშობელს ჰგონია, რომ რაღაც კატასტროფასთან აქვს საქმე. ღებინებაც და ნაწლავთა გახშირებული მოქმედებაც არის კონკრეტული ვირუსული თუ ბაქტერიული პათოგენის მოსაცილებლად, ეს არის ფიზიოლოგიური დამცველობითი რეაქცია. არც ღებინება უნდა დავთრგუნოთ და არც ნაწლავთა გახშირებული მოქმედება უნდა შევაჩეროთ, რადგან ასე, პირიქით, შეიძლება, ტოქსინი დავტოვოთ ორგანიზმში და ენდოტოქსემია ან ეგზოტოქსემია განვითარდეს. ამ შემთხვევაში, სითხეებით უნდა დავტვირთოთ პაციენტი. ერთჯერადად შეიძლება ღებინების საწინააღმდეგო საშუალების მიღება, ოღონდ ერთჯერადად ერთი დღის განმავლობაში. ნაწლავთა გახშირებულ მოქმედებას რაც შეეხება, მისი შემაფერხებელი, ე.წ. შემკვრელი საშუალებები ბავშვებში არ უნდა გამოვიყენოთ.

თუ არის გაუწყლოვნება, თუ მივარდნილია ბავშვი, თუ ის არ შემოდის კონტაქტში, ლეთარგიულია, აღენიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე რაიმე კლინიკური გამოვლინება, აუცილებლად დროულად უნდა მოხვდეს ჰოსპიტალში.

ეს ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება, რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, არც მოხდება და მომავალ წელსაც იქნება ამ ნოროვირუსის გავრცელება.

გასაგებია, რომ ანტიბიოტიკს აქვს მკვეთრად განსაზღვრული გაიდლაინი, თუ როდის უნდა დანიშნოს ის ექიმმა და არა მშობელმა თავისი ნებით, მაგრამ მშობლები ხშირად ამბობენ, რომ დაიწყო თუ არა მწვავე სიმპტომები, ხველა, სიცხე, დაიწყეს მსუბუქი ანტიბიოტიკი და მისცეს თუ არა ის ბავშვს, სამი დღე და სიმპტომები ალაგდა. ფაქტია, რომ ამას აღწერენ იმ მდგომარეობაშიც კი, როცა სახეზე არ არის ბაქტერიული ინფექცია და ანტიბიოტიკის გამოყენების საჭიროება არ არის… რა შეიძლება, რომ ვუპასუხოთ მათ?

ზუსტად ეს დაემართა აზიტრომიცინს, მოდაში შემოსული წამალი იყო და რესპირაციული პათოლოგიების მართვისას ყველა მეორე ექიმი მას ნიშნავდა. ახლა, აზიტრომიცინის ჯგუფის პრეპარატი რესპირაციული პათოლოგიების მართვისას კატეგორიულად არ გამოიყენება, თუ არ არის იქ იშვიათი გამონაკლისი შემთხვევა, რადგან პრაქტიკულად, რეზისტენტობა ჩამოყალიბდა სხვადასხვა რესპირაციულ პათოგენებზე.

აზიტრომიცინი ყველა მეორე ადამიანს ჯიბეში ედო, ყოველ მეორე დღეს სვამდნენ, ზოგ შემთხვევაში, ალკოჰოლსაც აყოლებდნენ… და ეს დაემართა აზიტრომიცინს.

საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ამოქსიცილინს, პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს ასეთი რეზისტენტობა არ გამოუმუშავებიათ სტრეპტოკოკის მიმართ, რომელიც ყველაზე ხშირი გამომწვევია ბავშვებში იგივე სტრეპტოკოკული ფარინგიტების. ასევე, ქუნთრუშები იყო გავრცელებული და სასტარტო ანტიბიოტიკი სწორედ ეს ამოქსიცილინია.

თვითნებურად მიღებული ანტიბიოტიკით, ჩვენ შეიძლება, ეს ბაქტერია, ვითომ, გავაჩეროთ, მაგრამ ხუთი – ექვსი დღის მერე, შეიძლება, ისე გააქტიურდეს, რომ ღრმა სეფსისამდეც კი განვითარდეს. ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს მკაცრად ექიმის მიერ და იმ რეგლამენტირებულ დროში, რაც არის მოწოდებული კონკრეტული ანტიბიოტიკისთვის, დავუშვათ, სჭირდება შვიდი დღე, ათი დღე თუ ა.შ. ზოგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ქრონიკული პათოლოგიები, როდესაც საპროფილაქტიკოდ სამი – ხუთი წელი ვიყენებთ ანტიბიოტიკს. ამ სამი წლის განმავლობაში დანიშნული ანტიბიოტიკი, განსაკუთრებით რეფლუქსებს ეხება ეს, არასოდეს არ გამოიწვევს ანტიბიოტიკორეზისტენტობას, თუ სწორად არის ის დანიშნული, მაგრამ სამი დღით არასწორად დანიშნულმა ანტიბიოტიკმა გამოიწვია რეზისტენტობა, დაკარგა ამ ანტიბიოტიკმა თავისი არეალი და დარჩა მხოლოდ ნაწლავთა ინფექციის სამკურნალოდ, ისიც კონკრეტულად, მკაცრად შეზღუდულად.

ეს არ უნდა გამოვიწვიოთ, რადგან ანტიბიოტიკორეზისტენტობით განპირობებული სიკვდილიანობა, ალბათ, გადაუსწრებს 50 წლისთვის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით განპირობებულ სიკვდილიანობას.

გასაგებია, რომ ხელოვნური ინტელექტით შეიძლება, შეიქმნას რაღაც ახალი ანტიბიოტიკი, რომელმაც შეიძლება, ზუსტად ორ წელში დაკარგოს თავისი ფუნქცია და მასზეც ჩამოყალიბდეს ანტიბიოტიკორეზისტენტობა, ამიტომ ფარმაცევტული კომპანიები ახალ ანტიბიოტიკს აღარც ქმნიან, რადგან ეს იმხელა ფინანსურ ხარჯს მოითხოვს, რომ მას ვეღარც ამოიღებენ.

მსუბუქი, საშუალო და მძიმე ანტიბიოტიკის ცნება არ არსებობს, ყველა ანტიბიოტიკია, ყველა არის კონკრეტულ მიკრობზე გათვლილი. უნდა დავნიშნოთ სასტარტო, პერორალური, ანუ ე.წ. დასალევი ანტიბიოტიკები და არა საინიექციო. საინიექციო ანტიბიოტიკი უნდა შევუნახოთ კლინიკებს.

თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, სწორი მიდგომები წარმოადგენს იმუნიტეტის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებას და არა რაიმე კონკრეტული საშუალება, რომელიც შეიძლება, რომ დავლიოთ. ბავშვებისთვის, რომლებიც არ იკვებებიან სწორად, არსებობს რაიმე ტიპის რჩევა?

რა თქმა უნდა, არ არსებობს ასეთი რჩევა.

როდესაც მოდის პაციენტი და გეუბნებათ, რომ არ იკვებება, ღრმად რომ ჩავეკითხებით, აღმოჩნდება, რომ მიღებული აქვს ორი ფილა შოკოლადი, ხუთი ცალი ორცხობილა, ხილის წვენი… იმხელა არასაჭირო კალორაჟი აქვს მიღებული, რომ ის არაფერ ჯანსაღს აღარ შეჭამს მერე. ამას სჭირდება ორ – სამ თვიანი სწორი ჩარევა, რომ ეს ბავშვები ნორმალურ რეჟიმში დავაბრუნოთ.

თუ შენ გაჯეტზე გიზის ბავშვი, გაჯეტთან ერთად ყველაფერს შეჭამს, აბსოლუტურად ყველა საკვებს მიიღებს… მე უამრავი საკვების გადაცდენის შემთხვევა მქონია, როგორც სასუნთქ სისტემაში, ისე საყლაპავში და საყლაპავში გადაცდენილი და გაჭედილი საკვები, არასწორად მიღებული და დამუშავებული საკვები უფრო უარესია, ვიდრე სასუნთქ სისტემაში გადაცდენილი, რაც სწორედ გაჯეტმა გამოიწვია. როგორც მივედით აქამდე, ისე უნდა დავბრუნდეთ უკან და ეს ბავშვები რეალურ ცხოვრებაში გადავიყვანოთ.

მე რომ დავნიშნო ომეგა 3, რომელსაც კატეგორიულად არ ვნიშნავ და რას ნიშნავს ისიც არ ვიცი და რატომ უნდა დაინიშნოს და რაღაც ზღაპრები, ჩამონათვალი პოლივიტამინებისა, არანაირ ეფექტს არ მომცემს.

თუ არის რაღაც კონკრეტული პრობლემა, რა თქმა უნდა, მე საკმაოდ ხშირად ვნიშნავ ცხიმში ხსნად ვიტამინებს, A, D, K, რამეთუ ეს ცხიმში ხსნადი ვიტამინები ზოგადად შეწოვის პროცესს, სხვა მიკრო და მაკრო ნუტრიენტებისას აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმუნიტეტს ვზრდი ამით. არის უამრავი პათოლოგია, დავუშვათ, პანკრეასის ცისტო ფიბროზი და ა.შ. ,  რა დროსაც გასტროენტეროლოგებთან ერთად საკმაოდ ხშირად ვიყენებთ ცხიმში ხსნად ვიტამინებს. ან როდესაც გვაქვს რაიმე დეფიციტი, თუმცა კაცმა არ იცის, რა არის დეფიციტი, რა არის უკმარისობა და რა არის ზომიერი, დავუშვათ, ყბადაღებული D ვიტამინი. ახლა, მეტ-ნაკლებად შენელდა, უფრო აქტიური იყო D ვიტამინის მასობრივი გამოყენება და როდესაც მივიღეთ D ჰიპერვიტამინოზები, ნევროლოგიური დარღვევები, მიხვდნენ მშობლები, რომ ასე ხელაღებით აღარ უნდა დაინიშნოს და ამხელა დოზებით კი არ უნდა დაინიშნოს, საპროფილაქტიკო დოზებით უნდა დაინიშნოს.

როცა ბავშვი 24 საათის განმავლობაში ეკრანთან ზის, გარეთ არ გადის, D ვიტამინის დეფიციტი ყოველთვის ექნება, რაც გინდა პერორალურად მივცეთ  ეს ვიტამინი, 5 დღე რომ აღარ მივცეთ, ისევ იგივე ნაკლებობას დაუბრუნდება. 15 – 20 წუთი, როცა ბავშვი გადის გარეთ, საკმარისია, მიუხედავად ღრუბლიანი ამინდისა, მიუხედავად ზამთრისა.

უნდა მივიღოთ სწორი საკვები, გვქონდეს ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ჩვენ დრო არ გვაქვს, ბავშვებს დრო არ აქვთ და შესაბამისი რეალობა სახეზეა.

მე ვთვლი, რომ სუფთა ფარმაცევტული მარკეტინგია, პრეპარატებს რომ აწერია, საკვები პროდუქტი, იმუნო და ა.შ. იმუნო ტერმინი რომ ჰქვია, ეს ნიშნავს, რომ ის არასდროს იმ საქმეს არ გააკეთებს, ის არის მარკეტინგულად მიწერილი სიტყვა, რომ გაყიდინოს და გეგონოს, რომ ბავშვს დაეხმარება. სულ მიკვირს ექიმი რომ ამის რეკლამას აკეთებს, ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის პირადად სატელევიზიო სივრცეში ბიოლოგიურად აქტიური დანამატის რეკლამა მიუღებელია, რადგან ბიოლოგიური დანამატი შეიძლება დასჭირდეს პაციენტს, ოღონდ კონკრეტული ნივთიერებით, თუ გვაქვს რაღაც პათოლოგია.

მშობლები, რომელთა შვილებიც ხშირად ავადობენ, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბავშვი დატვირთონ სპორტით, განსაკუთრებით გარე აქტივობის სპორტით და ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვი, რომელიც მოწყდა გაჯეტს და უფრო მეტ დროს ატარებს გარეთ, სპორტით დაკავდა, უფრო ნაკლებად ავადობს, უფრო ამტანია ვირუსების მიმართ… ასევე მინდა გკითხოთ, ჰაერის გამოცვლაზე ზამთარში, მუშაობს ეს თქვენი დაკვირვებით?

რა თქმა უნდა, იმუშავებს თუ სახლში არ გვეჯდება ბავშვი.

კურორტი კარგია იმ შემთხვევაში, როცა ჩამოხვალ და ისევ გაიყვან გარეთ ამ ბავშვს, იგივე რაოდენობით, რაც კურორტზე გაგყავდა. თუ იგივე რაოდენობით არ შეგიძლია, იმის მესამედით მაინც.

საქართველოს, პრაქტიკულად, მთელი რეგიონები, სოფლები, ქალაქები არის კურორტი, თბილისიც კურორტია, თავისი მთაწმინდით, სოლოლაკით და ა.შ. არის თერმული წყლები, ჰაერი… თუ გინდა, რომ ბავშვი გაიყვანო ჰაერზე და რეკრეაციულ სივრცეში, მოძებნი ამ რეკრეაციულ სივრცეს, მაგრამ თუ თვლი, რომ აქ ამდენი მშენებლობაა, ამდენი მტვერია და დაჯდები სახლში და ფანჯარასაც არ გააღებ… მტვერი სულ იქნება… რეკრეაციული ზონები ჩვენ თვითონ უნდა მოვძებნოთ, ირგვლივ ძალიან ბევრია. ურბანიზაცია სულ იქნება და ეს ყველა ქვეყნის პრობლემაა, მარტო ამ ქვეყნის პრობლემა არ არის.

ჩემს პერიოდში იყო მოედნები, ბავშვები ჩადიოდნენ, ფეხბურთს თამაშობდნენ… თქვენ ახლა სადმე გინახავთ მოედანზე ან ეზოში ჩასული ბავშვი?! მე არ მინახავს. 12 – 14 წლის ბავშვები დგანან რაღაც სივრცეებში, სადაც არის ალკოჰოლის, თამბაქოს გამოყენება, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

ცხოვრების ჯანსაღ წესს თვითონვე მოჰყვება სწორი კვება, ეს ერთმანეთზე გადაბმული ჯაჭვია. თუ გვექნება ეს გადაბმული ჯაჭვი, ე.წ. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ამ პაციენტებს არ დასჭირდებათ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ისედაც არ ვნიშნავ.

ჩვენ სტრესულ სამყაროში ვცხოვრობთ და მთავარი სტრესი სწორედ გაჯეტდამოკიდებულებაა.

გაჯეტი ზომიერად უნდა იყოს, რა თქმა უნდა, არ უნდა ავკრძალოთ, იქ იმდენ მასალას იგებენ, შემეცნებითიც არის. უნდა იყოს ზომიერება და სწორი ინფორმაცია უნდა მიიღონ.

მთელი დღის განმავლობაში როცა არის ხმაურიანი თამაშები, ბავშვი ვეღარ იძინებს, მელატონინის სინთეზის დეფიციტია და ეს პრობლემები მოდის.

თუ გვექნება ცხოვრების ჯანსაღი წესი, ავადობა იქნება ნაკლები.