ღვინის ბრენდი VELLINO / ველინო 2015 წელს დაარსდა . 2016 წლის ოქტომბრიდან კი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. თავდაპირველად ერთ სახეობას ღვინოს აწარმოებდნენ, დღეისათვის ასორტიმენტი გაზრდილია -საფერავი, მწვანე, რქაწითელი და მწვანე-რქაწითელი ერთად. ოთხივე მათგანი გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით, რაც განპირობებულია ყურძნის ხარისხით და დაყენების ტექნოლოგიით.
ღვინოს კახური ტრადიციული მეთოდით აყენებენ ქვევრში, ჭაჭა-კლერტზე მაცერაციით. საღვინე ყურძენი მოკრეფილია საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში, რომელიც თავისი ნიადაგით და მიკროკლიმატით განსაკუთრებულ არომატს და გემოს სძენს სასმელს.
თეთრი ჯიშის ყურძენს ქვევრში ჭაჭაზე ტოვებენ 6 თვის განმავლობაში, ხოლო წითელი ჯიშის ყურძენი სამი თვის განმავლობაში. ამის შემდეგ ხდება ღვინის დავარგება და ჩამოსხმა მომდევნო წლის ოქტომბრის თვეში.
მარანი, ძველ ქართულ, კახურ ტრადიციულ სტილშია აშენებული. ის შედგება სამი ძირითადი სივრცისგან: სადეგუსტაციო დარბაზი, ქვევრის დარბაზი და საცავი, რომელიც მიწაშია და ბუნებრივად ქმნის ღვინის დავარგებისთვის საჭირო ტემპერატურას და ტენიანობას.
აღნიშნულ მარანში იღებენ ტურისტებს და ადგილზე აცნობენ ღვინის ისტორიას, დაყენების ტექნოლოგიას და ყველა იმ დეტალს რაც წარმოებას გამორჩეულს ხდის. აქვე შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია და ტრადიციული სადილის დაგემოვნება. მარანში სტუმრების სიმრავლეს ადგილმდებარეობაც განაპირობებს- დედაქალაქიდან რამოდენიმე კილომეტრში კახური მასპინძლობის ჭეშმარიტ ნიმუშს იხილავთ.
მომავალში საექსპორტო ქვეყნების და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავენ, ასევე აშენებენ ახალ ვენახს, რომლის დამუშავებაც ორგანული მეთოდით მოხდება.
საფერავი 2017 – ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით და ზომიერი ტანინებით. არომატში გამოხატულია მაყვლის, შავი ქლიავისა და მწიფე ალუბლის ტონები. არის დახვეწილი და ჰარმონიული, ცოცხალი დაბოლოებით. საუკეთესოდ ეხამება მწვადს, საქონლის სტეიკს, შემწვარ სოკოს და ყველის ნაირსახეობებს. სერვირება: +17-18 გრადუსი.
მიღებული აქვს ჯილდო – ოქროს და ვერცხლის მედალი, ქვევრის ღვინის სართაშორისო კონკურსი 2018
მწვანე 2017 – ხასიათდება ქარვისფერი შეფერილობით და ზომიერი ტანინებით. არომატში გამოხატულია ტროპიკული ხილის და ციტრუსის ტონები. გამოირჩევა დახვეწილი, დელიკატური გემოთი. საუკეთესოდ ეხამება თეთრ ხორცს, ზღვის ნობათს, თევზეულს და ყველის ნაირსახეობებს. სერვირება: +13-14 გრადუსი
რქაწითელი 2017 – ხასიათდება ქარვისფერი შეფერილობით. არომატში გამოხატულია ახალი ხილის, ატმის და მსუბუქი ცისტრუსოვანი ტონები. არის ზომიერად ტანინიანი, დაბალანსებული დაბოლოებით. საუკეთესოდ ეხამება თევზს, ბოსტნეულს, თეთრ ხორცს და ყველის ნაირსახეობებს. სერვირება: +14-15 გრადუსი.
მიღებული აქვს ჯილდო – ვერცხლის მედალი, ქვევრის ღვინის სართაშორისო კონკურსი 2018.