LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Porsche Audi-ის პლატფორმასა და შიდა წვის ძრავებს მიიღებს

103
1098x1098

კომპანია Porsche-მ უარი თქვა დიდი ელექტრო სუპერკროსოვერის შექმნის იდეაზე. გამოცემა Autocar საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შიდა კოდით K1 ცნობილი პროექტი გადაიხედა: მომავალი ფლაგმანი პლატფორმას Audi Q9-თან გაიზიარებს და აღიჭურვება ექვს და რვა ცილინდრიანი შიდა წვის ძრავებით.

წინასწარი ინფორმაციით, BMW X7-ისა და Mercedes-Benz GLS-ის კონკურენტი მოდელის დებიუტი 2028 წელსაა დაგეგმილი.

გადაწყვეტილება მიღებულია პრემიუმ ელექტრომობილების ბაზარზე არსებული ვითარებისა და Porsche Taycan-ის გაყიდვების შემცირების ფონზე. ახალი სტრატეგიის მიხედვით, ფლაგმანი დაფუძნდება PPC (Premium Platform Combustion) არქიტექტურაზე, რომელიც ითვალისწინებს როგორც შიდა წვის ძრავებს, ისე ჰიბრიდულ სისტემებს.

ვარაუდობენ, რომ კროსოვერისთვის მომზადდება 4,0 ლიტრიანი V8 და 3,0 ლიტრიანი V6 ძრავების რამდენიმე ვერსია – როგორც ჰიბრიდული დანამატებით, ისე მათ გარეშე.

Audi-სთან საერთო პლატფორმის გამოყენება Porsche-ს განვითარების ხარჯების შემცირებაში დაეხმარება და მოთხოვნის მერყეობის რისკებსაც შეამცირებს. მოსალოდნელია, რომ Audi-ის ყველაზე დიდი კროსოვერი ბაზარზე უკვე მომავალ წელს გამოვა, ხოლო უფრო ძვირად ღირებული და პრესტიჟული Porsche – 2028-ში. ძირითადი ბაზრები ორივე მოდელისთვის იქნება აშშ, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი. წარმოება კი დაგეგმილია Volkswagen-ის ქარხანაში ბრატისლავაში, სლოვაკეთში.

გერმანული ბრენდების თანამშრომლობის კიდევ ერთი შედეგი იქნება ახალი თაობის Audi A8 და Porsche Panamera. როგორც კროსოვერები, ისინიც გაიზიარებენ პლატფორმას და მიიღებენ შიდა წვისა და ჰიბრიდულ ვერსიებს, თუმცა მათი გამოჩენა დაახლოებით 2029 წელსაა მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები