ოფიციალურად დადასტურდა: Maserati-სა და Alfa Romeo-ს გადარჩენისთვის აუცილებელია მათი დაახლოება და გარკვეულ დონეზე გაერთიანება. ორივე ბრენდის გენერალურმა დირექტორმა სანტო ფელიჩიმ ავსტრალიელ და აზიელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სტელანტისის (Stellantis) ახალი ხელმძღვანელის მაგიდაზე უკვე დევს რადიკალური ცვლილებების გეგმა. მართალია, ოფიციალური განცხადება 23 ივნისს გაკეთდება, თუმცა ფელიჩიმ რამდენიმე დეტალი უკვე გაამხილა.
„ჩვენ მოვძებნით ენერგიას ყველგან, სადაც ეს შესაძლებელი იქნება,“ – განაცხადა ფელიჩიმ.
თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ სრული გაერთიანება ჯერჯერობით არ განიხილება. ამის ნაცვლად, Alfa Romeo და Maserati გამოიყენებენ უფრო მეტ საერთო პლატფორმასა და ფუნქციას.
„რა თქმა უნდა, მზად ვართ ახალი პროდუქტების ერთობლივად შექმნისთვის – ეს არის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იმ [გადარჩენის] გეგმის, რომელიც მოვამზადეთ,“ – დასძინა ტოპ-მენეჯერმა.
რა ელის ბრენდებს?
ფელიჩიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი:
„გვექნება ორგანიზაციული სტრუქტურისა და სადილერო ქსელის რეორგანიზაცია.“
ამ ყველაფრის მიზეზი ნათელია – 2024 წელს Maserati-ს გაყიდვები ორჯერ დაეცა, ხოლო Alfa Romeo-მ წელი 20%-იანი დანაკარგით დაასრულა.
საკმაოდ საგანგაშოა ისიც, რომ Alfa Romeo დღეს ორჯერ ნაკლებ მანქანას ყიდის, ვიდრე 2018 წელს.