LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ სიმღერაში ჩავდე ის, რასაც მთელი ცხოვრება ვფიქრობდი. ჩემია სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც… მინდოდა, 50+ ქალბატონებისთვის დამემსხვრია სტერეოტიპი – რაღა დროს ჩემი სიყვარულია, რაღა დროს ჩემი ბედნიერებაა…“ – ია გოდერძიშვილი

149
ია-გოდერძიშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ია გოდერძიშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „მე შენ გელოდი“ პრემიერა შედგა.

ია, იყავით ემიგრაციაში, მოგვიყევით ამ პერიოდზე.

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ უკვე სულ დაგიბრუნდით და აღარსად ვაპირებ წასვლას. ჩემს უცხოეთში წასვლას სხვა მიზეზი ჰქონდა, თუმცა დარჩენა სხვა მიზეზმა განაპირობა. ასეთი ამბავი შემემთხვა… მომესალმნენ ბავშვები, მითხრეს – Bonjour და მეც ასე მივესალმე. ამ დროს, ერთმა ბავშვმა მითხრა, მე ქართველი ვარ და ქართულად მომესალმეო. ჩავეხუტე, მოვეფერე… შემდეგ, ვკითხე, რა სურდა, ვიფიქრე, კანფეტს ან სათამაშოს მეტყოდა, თუმცა მითხრა, რომ ქართულ სკოლაში სურდა სიარული, დედას კი ფრანგულ სკოლაში მიჰყავდა და ეს ძალიან აწუხებდა. მივედი დედამისთან, გავესაუბრე, მობილიზაცია გავუკეთე ჩემს თავს და გადავწყვიტე, აღარ დავბრუნებულიყავი, დავრჩენილიყავი იმ ქალაქში და შემდეგ, გავხსენი ქართული სკოლა და მივიწვიე ქართველი, იეზიდი და სომეხი ბავშვები.

არავის ეგონოს, რომ მე იქ წავედი და ბიზნესი ავაწყე, ამ ყველაფერს ყოველგვარი ანგარების გარეშე, საკუთარი ხარჯებით ვაკეთებდი.

რამდენი ხანი დარჩით ემიგრაციაში?

სამი წელი. ძალიან გამიჭირდა… მოგეხსენებათ, მე თერაპევტი ვარ და ძალიან ბევრ ადამიანს ფსიქოლოგიურადაც ვეხმარები, მაგრამ მგონი, მე გავხდი დასახმარებელი, რადგან ჩემთვის სამშობლოდან წასვლა, საქართველოს გარეშე ყოფნა, უმეგობრობა, ძალიან ძნელი, ძალიან მძიმე იყო.

რომ წამოვედი, დავტოვე ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილები, ცეკვის და სიმღერის სტუდია, თუმცა ძალიან მტკივა გული, რომ ჩემი წამოსვლის მერე, ბავშვებმა უარი თქვეს სკოლაში სიარულზე.

მუსიკალური კუთხით თუ იყავით დაკავებული ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში?

ფრანგებმა იმდენად შემიყვარეს და ისეთი კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ მიწვევდნენ სხვადასხვა საღამოებზე, სადაც, რა თქმა უნდა, ქართულად მღეროდი. ქართული სიმღერის დასრულების მერე, იმხელა აპლოდისმენტები იყო ხოლმე, მანიშნებდნენ, რომ კიდევ მემღერა. ცეკვავდნენ, მღეროდნენ… აი ასეთი ტიპის კონცერტები მქონდა, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი.

საქართველოში, დაახლოებით, ერთი თვის უკან დავბრუნდი და უკვე მოვასწარი სიმღერის ჩაწერა.

იმდენს გაუხარდა ჩემი ჩამოსვლა, რომ ჩემი სიცოცხლე ღირებულა ამისთვის. მადლობა ყველას, ვინც ასეთი სითბო სიყვარული და თანადგომა გამოიჩინა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მე შენ გელოდი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

სიმღერა, რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს ეკუთვნის.

მინდოდა, 50+ ქალბატონებისთვის დამემსხვრია ის სტერეოტიპი, რომელიც საქართველოში არის – რაღა დროს ჩემი სიყვარულია, რაღა დროს ჩემი ქმარია, რაღა დროს ჩემი ბედნიერებაა… ბედნიერების ღირსი ყველა ვართ. მე გადავლახე ეს ყველაფერი და ცოტა მოგვიანებით გავთხოვდი არაჩვეულებრივ ადამიანზე. ამ სიმღერაში ჩავდე ის, რასაც მთელი ცხოვრება ვფიქრობდი. ჩემია სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც.

ამ სიმღერას პატარა ისტორიაც აქვს… ქორწილის დღეს, რესტორანში დაცვის წევრებს ვთხოვე, რომ როდესაც მე შევიდოდი შენობაში, ჩემი მეუღლე ცოტა ხანი არ შემოეშვათ, რომ ამერბინა მესამე სართულზე, ამეღო მიკროფონი და ამ სიმღერით ჩამოვსულიყავი. ეს მისთვის სიურპრიზი უნდა ყოფილიყო, მინდოდა, ძალიან ბედნიერად ეგრძნო თავი, მაგრამ მოხდა ისე, რომ როდესაც ზაზას გადაუდგნენ წინ, არ შეხვიდეო, ზაზამ უთხრა, რას ჰქვია არ შევიდე, ჩემი ქორწილიაო, დაცვის წევრებმა კი უთხრეს, ნაბრძანები გვაქვს, რომ არ უნდა შემოხვიდეთო. ამ დროს, მოხდა ისე, რომ მაღლა მიკროფონი არ დამხვდა და სანამ მომიტანეს, სანამ ეს ყველაფერი მოგვარდა, დრო ცოტა გაიწელა და ზაზა ისე გაბრაზებულა, რომ თურმე გადაწყვიტა, მიბრუნებულიყო და წასულიყო… არ მიშვებთ და ნუ მიშვებთო (იცინის). ამ დროს, რესტორნის დირექტორმა იცნო ზაზა, რას ჰქვია არ გიშვებენო და შემოიყვანა. „იუთუბზეც“ დევს ეს მომენტი, თუ როგორი ძალიან გაბრაზებული შემოდის ზაზა.

ეს სიმღერა ჩემი ქორწილისთვის შეიქმნა, მაგრამ დაპრემიერება ვერ მოვასწარი, რადგან მალევე წავედით სამოგზაუროდ და შემდეგ, მოხდა ისე, რომ ქართული სკოლის გამო ემიგრაციაში დავრჩით.

ია გოდერძიშვილი – მე შენ გელოდი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ია გოდერძიშვილი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები