LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამი – ყველაზე ტოლენარტული ქალაქი

96

ჰოლანდიის დედაქალაქი – ყველაზე კოსმოპოლიტური ქალაქი ამსტერდამი ევროპის მნიშვნელოვანი კომერციული და ფინანსური ცენტრია, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას და დინამიურად განვითარებად ინოვაციებს, მისი განუმეორებელი ატმოსფერო კი, მილიონობით ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან.

ამსტერდამი, რომელიც მე-13 საუკუნეში გაშენდა და სახელწოდება მდინარე ამსტელისგან მიიღო, ყოველწლიურად 4,5 მლნ. სტუმარს მასპინძლობს. ჰოლანდია კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი წარმოადგენს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქს სტუმრობს წელიწადში 4 მლნ-ზე მეტი ტურისტი, რომელთაც პირველ რიგში ქალაქის კულტურა, არქიტექტურა და უნიკალური ატმოსფერო იზიდავთ.

ამსტერდამს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს მსოფლიოს ყველაზე ტოლერანტული ქალაქი, რომელმაც ჯერ კიდევ მე-15-16 საუკუნეებში შეიფარა პროტესტანტები, კათოლიკეები და იუდეველები. დღეს ამსტერდამში მსუბუქი ნარკოტიკებიც დაშვებულია და პორნოინდუსტრიაც, ჰომოსექსუალიზმი კი, დიდი ხანია აღარ ითვლება ტაბუდ.

ყველამ იცის, რომ ჰოლანდია ტიტების ქვეყანაა. სპეციალურად ჩატარებულ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ყოველწლიურად ამსტერდამის პარკებსა და ბაღებში 600 000-მდე ტიტას ირგვება. პირველი ტიტა ნიდერლანდებში მე-16 საუკუნეში შემოვიდა თურქეთიდან, ნამდვილი მანია კი, მაშინ დაიწყო, როცა მებაღე იოჰან ვან ჰუგელანდმა სხვადასხავა სახის და ფერის ტიტას გამოიყვანა. ცისარტყელას ყველა ფერის ტიტას ნახვა თავისუფლად შეიძლება ამსტერდამის ყვავილების ბაზრობაზე, სადაც ყოველთვის უამრავი ტურისტია.

ამსტერდამი ველოსიპედისტების ქალაქია, სადაც მოსახლეობის 40% ველოსიპედით გადაადგილდება, მათი რაოდენობა კი, 881 000-ს აღწევს და ეს მაშინ, როცა ამსტერდამელების საერთო რიცხვი  810 084-ს შეადგენს. ყოველწლიურად ქალაქში 100 000-მდე ველოსიპედი იკარგება, აქედან 25 000-ს კი არხებში პოულობენ.

ამსტერდამში 165 არხია, რაც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ვენეციაში. ქალაქი 90 ბუნებრივ და ხელოვნურ კუნძულზეა გაშენებული, რომლებიც დიდი და მცირე ზომის ხიდებთანაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ხის ჭოკების რაოდენობა, კი, რომელზეც ქალაქი დგას 11 მლნ-ს აღწევს.

ამსტერდამში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ერთგვარი ბარჟები, რომელთაც ბევრი საცხოვრებლადაც იყენებს. ომისშემდგომ წლებში ბარჟებზე ის ღატაკები ბინადრობდნენ, ვისაც ჩვეულებრივი ბინის შეძენის საშუალება არ ჰქონდა. დღეს ”მცურავი სახლი” მოდად იქცა, მათი რაოდენობა მხოლოდ ამსტერდამის არხებში კი, 2 500-ს აღწევს. ბარჟების უმრავლესობა თანამედროვე მოწყობილობებით, გაზითა და ელექტროობითაა უზრუნველყოფილი.

ამსტერდამში 1 515 კაფე და ბარია. ქალაქში მოგზაურობისას აუცილებლად ეწვიეთ ე.წ. Bruin café-ს, რომელიც ქალაქის სიმბოლოდ ითვლება. ”ყავისფერი ყავა” – სწორედ ასე ეძახიან კაფეებს იმ ნალექის გამო, რომელთაც კედლებსა და ჭერზე თამბაქოს ბოლო აჩენს, თავიდან ის ადგილი იყო, სადაც უფასოდ შეიძლებოდა თეთრი ჟენევერის დალევა. ჟენევერი – ტიპიური ამსტერდამული ალკოჰოლური სასმელია, რომელიც ძალიან ჰგავს ჯინს, თუმცა მისგან განსხვავებით საკმაოდ ძლიერი არომატი აქვს სხვადასხვა ბალახის, მათ შორის კორიანდრის დამატების წყალობით.

ამსტერდამში 200-მდე კოფეშოპია, სადაც მსუბუქი ნარკოტიკების მიღებაა ნებადართული. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ჰოლანდიაში ბევრად უფრო ნაკლები ადამიანია ნარკოტიკებზე დამოკიდებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც მსუბუქი ნარკოტიკები კანონით იკრძალება. როგორც ცნობილია, აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო გემრიელია. ამიტომ, იქ სადაც ამგვარი ნარკოტიკები იკრძალება, მათი მოხმარება ბევრად უფრო მაღალია. სხვათაშორის, ამსტერდამი მსოფლიოს ერთადერთი ქალაქია, სადაც მარიხუანას ბაზრობა ეწყობა.

ყველაფერთან ერთად, ამსტერდამი ბრილიანტების ქალაქიცაა. ოდესღაც ქალაქი ძვირფასი ქვების დამუშავების ცენტრად ითვლებოდა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველობა ანტვერპენს დაუთმო. ამსტერდამში ალმასის დამუსავების 24 სახელოსნოა, რომლებიც მსურველებს უფასოდ სთავაზობენ ძვირფასი ქვების დამუშავების პროცესის ნახვას.

მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის 500-ზე მეტი ნამუშევრის ნახვა შეიძლება ვან გოგის მუზეუმში, სადაც ნახატებთან ერთად მისი 850 წერილიც ინახება.   

ამსტერდამში 1 539 ხიდი და ვიადუკია, რომელთაგან თითოეულს თავისი ნომერი აქვს. 1600 წელს აგებული ლურჯი ხიდი – ისტორიული ხიდია, რომელიც რემბრანტის მოედანს აკავშირებს ვატერლოოს მოედანთან. სახელი ხიდმა ჰოლანდიის დროშის წყალობით მიიღო, რომლის ერთ-ერთი ფერი სწორედ ლურჯია.

რა თქმა უნდა, ამსტერდამი ყველაზე ტოლერანტული ქალაქია, სადაც 1996 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე მხიარული გეი-აღლუმი ეწყობა. ქალაქში ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანი ჩამოდის, რათა მონაწილეობა მიიღოს სანახაობრივ შოუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები