რადიო „არ დაიდარდოს“ და გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ნათია დუმბაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ჩემი გულით“ პრემიერა შედგა.
ნათია, როგორ დაიწყო შენთვის 2026 წელი და როგორია სამომავლო გეგმები?
რაც შეეხება ჩემი 2026 წლის დასაწყისს, ჩემი აზრით, ჩემთვის ჯერჯერობით არ დაწყებულა, რადგან 2025-ის კუდების ქნევის პერიოდი მაქვს მაინც და ველოდები 17 თებერვალს.

როგორია სიმღერის „ჩემი გულით“ ისტორია?
თიკა ფაცაციას კლიპის პრეზენტაციაზე ვიყავით სტუმრად და იქ შევხვდი ჩემს არაჩვეულებრივ მუსიკოს მეგობარს, ლაზარე ადამიას, რომელმაც პირდაპირ მითხრა, დუმბო, მე მგონი, შენთვის რაღაც სიმღერა მაქვსო. ძალიან მალე დავაორგანიზეთ ყველაფერი. ამ სიმღერაზე ზაზა ხუბუკელაშვილთან ვიმუშავეთ, მას ეკუთვნის არანჟირება. ასე გამოცხვა ჩემი ლამაზი სიმღერა. ტექსტის ავტორი თემო საჯაია გახლავთ, მუსიკის – ლაზარე ადამია.
ვინ იმუშავა კლიპზე?
სიმღერა იმდენად ლამაზი გამოვიდა, იმდენად მომეწონა და შემიყვარდა, სხვანაირად არ გამოვიდოდა, ვიდეორგოლიც რომ არ გადამეღო, ამიტომ სასწრაფოდ დავგეგმე. ვიდეორგოლზე აკო ფურცხვანიძემ იმუშავა. კლიპი არის სასიყვარულო.
სიმღერის მთავარი თემა არის, რომ შეყვარებული ადამიანი, რომელიც უკვე დაშორდა მის ძველ სიყვარულს, დგას სცენაზე, იქიდან მღერის და კადრებს იხსენებს წარსულიდან. ეს კადრები სასიყვარულო, ბიჭთან ერთად რაც არის გადაღებული, არის წარსული, მოგონებები.

ახლოს არის ეს ისტორია შენთან?
ალბათ. რაღაც ბუნებრივად კარგი გამოვიდა.
არც ერთი სიმღერა არ მაქვს ასე ნამღერი, ალბათ, მთელი გულით ვიმღერე, თან ძალიან მომერგო, თან ძალიან მომიხდა, ძალიან ჩემი იყო და იმ მომენტში, ზუსტად ისე ვიმღერე, როგორც ამ სიმღერას სჭირდებოდა, მოუხდებოდა და მე მგონი, ამიტომ გამოვიდა კარგი.

როგორი შეფასება მოჰყვა კოლეგებისგან?
სხვათა შორის, ყველასგან დადებითი შეფასება მივიღე, ისეთი ადამიანებისგანაც, რომელთაც წინა სიმღერა შეიძლება, რომ არც შეემჩნიათ ან არ მოელოცათ. ამ სიმღერაზე ყველამ გამოხატა თავისი დადებითი ემოცია და შეფასებები.
მსმენელის რეაქცია როგორი იყო?
მსმენელი ჯერ დავტანჯე ლოდინით, რადგან ორი კვირით ადრე დავდე პატარა ვიდეო, მხოლოდ მისამღერი და ყოველ დღე მესიჯები მომდიოდა, როდის გამოვაო.

როგორია სამომავლო გეგმები?
ამ სიმღერამ დიდი მოტივაცია მომცა და იქვე, მალევე დავგეგმე, რომ 2026 წელს კიდევ ორ ახალ სიმღერას ჩავწერდი და გავაკეთებდი. უკვე, დაგეგმილი მაქვს, თუ ვისთან ვაკეთებ სიმღერას, ორი ძალიან ცნობილი კომპოზიტორი იქნება ავტორი. ორივე ძალიან მელოდიური და კარგი სიმღერაა.
ნათია დუმბაძე – ჩემი გულით
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნათია დუმბაძე. “პრემიერა თაკოსთან”