2 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ „მხიარული დილის“ სტუმარი ჯემალ სეფიაშვილი გახლდათ, რომელმაც დაგეგმილ საიუბილეო საღამოზე ისაუბრა.
-ბატონო ჯემალ, როგორ ხართ, ხომ ბედნიერად დაიწყო თქვენი დილა?
-კარგი ორშაბათია, რადგან თქვენ დამირეკეთ და ვხვდები ჩემს თაყვანისმცემლებს.
-გავიგე, რომ თქვენი საღამოს გაკეთება იგეგმება…
-მესამე წელია ვამზადებ საღამოს, 5 სცენარი დაიწერა. ჯერ პანდემიამ შეგვიშალა ხელი, შემდეგ კი უკრაინაში განვითარებულმა ამ საშინელმა მოვლენებმა. იგეგმება ჩემი საიუბილეო საღამო სახელწოდებით „აღსარება“. გადავწყვიტე, ჩემს ცხოვრებაზე ჩემი სიმღერებით გიამბოთ. მაინცდამაინც ორიგინალობაში ნუ ჩამითვლით, რადგან ყველა კომპოზიტორი თავის თავზე და თავის განცდებზე წერს სიმღერებს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება დიდი სანახაობა, ორ მოქმედებად. მსმენელმა იცის, რომ ჩემი საღამოები ყოველთვის განსხვავებულია რაღაც ელემენტებით და არის დიდი მასშტაბის, ეს საღამო ნამდვილად გამორჩეული იქნება ყველა საღამოსგან, იქნება ძალიან ორიგინალური. შემოქმედებითი ჯგუფი მზად ვართ, ველოდებით დაფინანსებას. ჯერჯერობით ისეთი სიტუაციაა, ვგულისხმობ ომს და სხვადასხვა გარემოებებს, რომ ცოტა უხერხულია ამაზე ასე თამამად საუბარი, მაგრამ ღმერთმა ქნას, შედგეს ეს საღამო.