ადამიანების ემოციები და განცდები გადამდებია და ამიტომ ჩვენს წრეს და გარემოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ვენგო ლომთაძე

19 აპრილს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემას “გზაჯვარედინი” ფსიქოლოგი და ნუმეროლოგი – ვენგო ლომთაძე სტუმრობდა. გადაცემის მთავარი თემა კრიზისები, შფოთვა და აღნიშნული პრობლემების მოგვარების მეთოდები გახლდათ. რადიოს მსმენელმა აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო რეკომენდაცია მოისმინა.

ვენგო, როგორ უნდა ვებრძოლოთ კრიზისს?

სინამდვილეში კრიზისს არ უნდა ვებრძოლოთ. ნებისმიერ ასაკში ჩვენ გვაქვს გამოწვევები, რომლებიც აუცილებლად უნდა გადავლახოთ. ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა, რაც კრიზისებს ახასიათებს არის ის, რომ კრიზისში მყოფი ადამიანები არ ითხოვენ დახმარებას, რადგან ან ეშინიათ ან ერიდებათ, არ უნდათ რომ სუსტები გამოჩნდნენ, სხვა ადამიანს ტვირთად დააწვნენ და ა.შ. ადამიანმა უნდა ითხოვოს დახმარება, როცა კრიზისი აქვს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ვის სთხოვს დახმარებას. ადამიანი, რომელსაც დახმარებას სთხოვთ, კომპეტენტური, პროფესიონალი პირი უნდა იყოს, გადალახული უნდა ჰქონდეს მსგავსი პრობლემა და სირთულე. მინდა, ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი მოგიყვანოთ. მაჰათმა განდისთან დედამ მიიყვანა შვილი და უთხრა, ასეთი პრობლემა გვაქვს, ჩემი შვილი ბევრ შაქარს ჭამს და იქნებ დაელაპარაკოთ, რომ რაღაცნაირად გადაეჩვიოს შაქრის ჭამასო. მაჰათმამ მოუსმინა და უთხრა, მოდი, ორ კვირაში მოიყვანე ჩემთანო. ორ კვირაში ისევ მიჰყავს დედას შვილი და მაჰათმა უკვე ბავშვს ელაპარაკება, მოდი, არ შეჭამო შაქარიო. დედას გაუკვირდა, ორი კვირის წინ ვერ ეტყოდით ამ ყველაფერსო, მაჰათმამ უპასუხა, კი, მაგრამ ორი კვირის წინ მე თვითონ ვჭამდი შაქარსო. შესაბამისად, შენ თუ რაღაც გადალახე და უნარი შეითვისე, უკვე მარტივია, რომ სხვას რჩევა მისცე. მაგალითისთვის, შამანებში ყველაფერი უკავშირდებოდა ძალას, ენერგიებს. ადამიანს, რომელიც რაღაც ძალას შეიძენდა, მაგალითად, რთული სიტუაციების გადალახვის, კომუნიკაციის, ბრძოლის ძალას, შეეძლო, რომ სხვისთვისაც ესწავლებინა ეს ყველაფერი.

თავად, სხვისი დახმარების გარეშე რომ გავუმკლავდეთ პრობლემას?

რთულია, რადგან ჩვენი, ადამიანების აზროვნება არის “ყუთში”, რაღაც მოცემულობებით ვართ შემოფარგლული და გარედან ვერ ვხედავთ საკუთარ თავს. შესაბამისად, “ყუთს” გარეთ მყოფი ადამიანი აუცილებელია ჩვენს ცხოვრებაში.

ძირითადად რა ასაკში არის კრიზისული პერიოდები?

დღესდღეობით ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოვცადოთ გარკვეული კრიზისული სიტუაცია. კრიზისი გულისხმობს იმდენად რთულ და ჩვენთვის უკონტროლო სიტუაციას, როცა არ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ. კრიზისი შეიძლება იყოს ყველგან და ყველაფერში. მთავარია, რომ კრიზისი ევოლუციასაც თან ახლავს. ადამიანი არასდროს ყოფილა მოდუნებულ მდგომარეობაში, მას მუდმივად უწევდა ბრძოლა გადარჩენისთვის, იმისთვის, რომ უფრო მეტისთვის მიეღწია. რეალურად, ჩვენ ამ კრიზისებით განვვითარდით და ვართ იქ, სადაც ახლა ვართ. რა თქმა უნდა, დღეს ისევ გვაქვს კრიზისები და ეს კრიზისები მუდმივად თანმდევი მოვლენა იქნება. რაც უფრო მეტად ვიზრდებით, უფრო მეტად ჩნდება ახალი გამოწვევებიც. ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. შუახნის კრიზისი, რაც ბევრისთვის საინტერესო საკითხია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტები, სკოლიდან უნივერსიტეტში, უნივერსიტეტიდან სამსახურში. სინამდვილეში, სანამ ბავშვი ერთი წლის გახდება, მას იქაც კრიზისი აქვს. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ და ვაღიაროთ, რომ ახლა ჩვენს ცხოვრებაში რაღაც კრიზისია. როცა ადამიანი იწყებს ამ ყველაფრის აღიარებას, ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია, რადგან ადამიანმა იცის, რაზე იმუშაოს, რას ებრძოლოს და რას არ ებრძოლოს. როცა ეს ადამიანმა არ იცის და მუდმივად ბრძოლის, შიშის და გადარჩენის რეჟიმშია, ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ, ამ დროს ადამიანი სულ რაღაც ცუდის მოლოდინშია და მუდმივად მომავლის შიში აქვს. როდესაც ჩვენს პრობლემას დავინახავთ, უკვე უნდა ვითხოვოთ დახმარება, რჩევა გარე ადამიანისგან.

თუმცა ასეთ დროს ადამიანებს ხშირად აღიზიანებთ სხვა ადამიანების აზრის მოსმენა…

ეს იმიტომ, რომ ვერ ვუშვებთ იმას, რომ სხვა ადამიანს ესმის ის, რასაც ჩვენ იმ მომენტში განვიცდით.

 რა იწვევს შფოთვებს და როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან?

მდგომარეობიდან გამოსვლის ბევრნაირი მეთოდი არსებობს. რაც შეეხება შფოთვებს, ძირზე რომ დავიდეთ, ყველაფერი სიკვდილის შიშს უკავშირდება. ამ შიშთან ადამიანი მარტოა და სადღაც ეს ბრძოლა მან დამოუკიდებლადაც უნდა მოიგოს, ანუ უნდა აღიაროს, რომ კი ეშინია, ცუდად არის, მაგრამ უკან არ უნდა დაიხიოს. საინტერესოა, რომ შიში ჩვენს ორგანიზმში აღწევს პიკს და შემდეგ უკან ჩამოდის, შემდეგ ისევ აღწევს პიკს და შემდეგ ისევ უკან ჩამოდის და თუ ჩვენ ამ პიკის მომენტში არ დავნებდებით, პიკის ზღვარი ნელ-ნელა იკლებს. შიშის ერთხელ დაძლევა არ კმარა, ჩვენ მას ყოველდღიურად უნდა ვებრძოლოთ. ერთია, რომ ჩვენ ვიღებთ სხვების ცოდნას და გამოცდილებას, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ჩვენი გასავლელი და გადასალახია. ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი სტრესფაქტორია და არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენ შფოთვითი აშლილობების უფრო ფართო მაჩვენებლები გვაქვს. გარდა ამისა, ადამიანებს გვიჭირს საყრდენის პოვნა და ხშირად საყრდენის არ ქონის გამო გვაქვს დეპრესია, შიშები და ა.შ. ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს საკუთარ საყრდენზე. ხანდახან შეიძლება დავიღალოთ და ძალების აღსადგენად უკან დავიხიოთ, მაგრამ ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. მთავარია, რომ ადამიანების ემოციები და განცდები გადამდებია და ამიტომ ჩვენს წრეს და გარემოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 როგორ უნდა გავხდეთ ისევ ბედნიერები?

ძალიან პატარ-პატარა რაღაცები არის ჩვენს ცხოვრებაში, რამაც შეიძლება გვიშველოს და საწყის წერტილთან დაგვაბრუნოს. ეს შეიძლება იყოს ძველ ნაცნობთან საუბარი, რაღაც ისეთის გახსენება, რაც ჩვენთან ძალიან ახლოსაა, ჩვენი გაკეთებული კეთილი საქმე და ა.შ. უნდა გავიხსენოთ, როგორები ვიყავით ამ პრობლემამდე.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი