„ამ სიმღერას არაჩვეულებრივ მსახიობთან და ძალიან ლამაზი ხმის პატრონთან, ანა ქურთუბაძესთან ერთად ვასრულებ“ - ლევან ჯაფარიძე პრემიერით „არ დაიდარდოში“

20 იანვარს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ლევან ჯაფარიძე სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე და კარიერაზე ისაუბრა. გადაცემაში ლევან ჯაფარიძის და ანა ქურთუბაძის ერთობლივი ნამუშევრის, „საშობაო სიმღერის“ პრემიერა შედგა.

ლევან, მოგვიყევით თქვენი მუსიკალური კარიერის შესახებ.

ძალიან ადრეული ბავშვობიდან სულ მუსიკასთან ვარ და სულ მუსიკა არის ჩემს გვერდზე. 8-9 წლის ასაკში პირველი „მართვეს“ წევრი ვიყავი, ეს ძალიან საამაყო რამ არის ჩემთვის და ესე შევისწავლე ხალხური მუსიკა. პარალელურად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო დასავლური მუსიკა. ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა „The Beatles“-ის მუსიკა და დღემდე ასეა. ხალხური მუსიკის პარალელურად, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა გიტარა. თავიდან მასწავლებელთან დავდიოდი და შემდეგ ჩემით განვაგრძე და შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი გიტარისტი ვარ. ასევე ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანი რამ არის ჩემთვის, რომ მუსიკალური სკოლა, რომელიც დავამთავრე, სპეციალიზებული იყო საგუნდო-სადირიჟორო განხრით. მოკლედ, ბევრი რაღაც გავიარე, ერთი „კონსერვატორია“ არ დამიმთავრებია, რასაც ვნანობ, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ვაბარებდი, ისეთი დრო იყო, რომ ახლაც რომ მოვხვდე იმ დროში, შეიძლება, ახლაც გამიჭირდეს კონსერვატორიაში ჩაბარების გადაწყვეტილების მიღება.

ძალიან ბევრ საინტერესო პროექტში ხართ ჩართული და მინდა, რომ ამ თემაზეც ვისაუბროთ.

წლების განმავლობაში ვიყავი და ვარ ჯგუფ „ნალის“ წევრი, ვარ გიტარისტი და ბასისტი. იყო ასეთი ჯგუფი „სტიპლჩეიზი“, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო და აქაც ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე. ჩემს გარშემო ბევრი რაღაც არის, ასევე არის გიგა აგლაძის პროექტი და არის ასეთი ჯგუფი „კილერ ბენდი“ და ნათლია გვყავს ძალიან ცნობილი ადამიანი, დევიდ ლინჩი, რომელიც აქ იყო ჩამოსული და ესეც ცალკე სალაპარაკო თემაა.

ვისაუბროთ თქვეს ახალ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს არის დუეტი. სიმართლე რომ გითხრათ, ერთი წლის წინ გავაკეთე, მაგრამ ვერ მოვასწარი სტუდიაში ჩაწერა და ამაში ძალიან დამეხმარა ზაზა მარჯანიშვილი, მან გააკეთა არანჟირება. გიტარის პარტია უკვე მზად მქონდა და შემდეგ უკვე ზაზამ შეავსო სხვა ინსტრუმენტების პარტიებით. ტექსტი ჩემმა მეუღლემ, ნათია გორგაძემ დაწერა. ნათია ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და მათი ერთ-ერთი პროექტი არაქართული მოსახლეობისათვის ქართული ენის შესწავლას მოიაზრებდა, მათ შორის, სიმღერებითაც. სიმღერების ტექსტები ჩემმა მეუღლემ დაწერა, მუსიკა მე და ეს სიმღერები პატარა ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი და ამას მოყვა კიდევ ერთი ტექსტი, რომელიც მივხვდი, რომ ამ პროექტში არ ჯდებოდა და უკვე სხვა მიზნით, სხვა განწყობით გვაკეთე. ამ სიმღერას არაჩვეულებრივ მსახიობთან და ძალიან ლამაზი ხმის პატრონთან, ანა ქურთუბაძესთან ერთად ვასრულებ. თავიდან სოლო ნამუშევრის გაკეთებას ვფიქრობდი, მაგრამ მოეჩვენა, რომ ტექსტი უფრო დუეტისთვის და ქალისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ ვთხოვე ანას, რომ ჩემთან ერთად ემღერა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სიმღერაში შუა ნაწილი არის ალილო, სადაც აკაპელას პატრიარქის ნათლულების გუნდის, „საგალობელი“ 4 წევრი ასრულებს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამ წლების განმავლობაში უფრო ინსტრუმენტული მუსიკა მაქვს შექმნილი, უფრო თეატრისთვის და კინოსთვის რომ გამოდგება. სასიმღერო მუსიკალური ნაწარმოებები უფრო ნაკლებად მაქვს, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ტექსტებიც მომაფიქრდა და ეს ყველაფერი მინდა, რომ სტუდიურად ჩავწერო, რომ მხოლოდ ჩემთვის არ იყოს და გავიგო, სხვებსაც მოსწონთ თუ არა.

 

ანა ქურთუბაძე & ლევან ჯაფარიძე – შობის ფიფქები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი