„შოუსთვის მომღერალ ოჯახებს ეძებდნენ... ნუცა მოტყუებით მივიყვანეთ ამ პროექტში...“ - აჩიკო ნიჟარაძე

1-ელ აპრილს, რადიოს „არ დაიდარდო“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ აჩიკო ნიჟარაძე და ნუცა ქირია სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა მეგა შოუზე „მიმღერე“ ისაუბრეს. ეთერში სიმღერის „ქუჩა ქუჩა გეძებ“ პრემიერა შედგა და რადიოს მსმენელმა აჩიკოს შესრულებით სიმღერის „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.

-მონაწილეობას იღებთ ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალურ მეგა შოუში „მიმღერე“, რომელშიც 8 ოჯახური წყვილი არის წარმოდგენილი. როგორ გადაწყდა თქვენი ამ პროექტში მონაწილეობა?

ნუცა: ჩემთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მზად არ ვიყავი, რადგან პანდემიის გამო ძალიან მივეჩვიეთ სახლში ყოფნას და მსგავს სიტუაციას. რომ გავიგე, რამხელა პროექტი იქნებოდა, ცოტა შემეშინდა.

აჩიკო: ნუცა მოტყუებით მივიყვანეთ ამ პროექტში. შოუსთვის მომღერალ ოჯახებს ეძებდნენ  და ჩვენზე იცოდნენ, რომ ვმღერით და დუეტშიც გვიმღერია. თავიდან მე რომ შემომთავაზეს მონაწილეობა, ზუსტად ვიცოდი, ნუცა არ წამოვიდოდა და შევაპარეთ, რომ მხოლოდ ერთი სიმღერა უნდა გვემღერა ეთერში. ასეთი დიდ პროექტს, ორკესტრს და ბენდს ნამდვილად არ ელოდა. დავითანხმეთ ამ ერთ სიმღერაზე და რომ მივედით, შემდეგ გაიგო შოუს ფორმატი, რომ კიდევ შვიდი სიმღერის შესრულება მოგვიწევდა და უარის თქმის საშუალება უკვე აღარ ჰქონდა.

 ნუცა: მერე უკვე მეც მომეწონა სიტუაცია.

-ნუცა, „ნუცას სკოლის“ მერე დიდხნიანი პაუზა გქონდა… ამ პროექტში მონაწილეობა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ამ სფეროს დაუბრუნდე?

ნუცა: არ ვიცი, ვნახოთ რა იქნება. აჩიკოს დიდი დამსახურებაა, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ, ფაქტობრივად მაიძულა, თქვა, რომ აუცილებლად უნდა მიგვეღო მონაწილეობა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ და ალბათ ძალიან ვინანებდი, ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა. კმაყოფილი ვარ, რომ დავთანხმდი.

აჩიკო: იმდენად ახლობელი ოჯახები შევიკრიბეთ პროექტში, რომ თავიდანვე ძალიან მეგობრული გარემო შეიქმნა, კონკურენციაზე საუბარიც კი არ არის… ჩვენთვის არავინ იყო უცხო, არც მუსიკოსები, არც მომღერლები და არც პროდიუსერები. ისეთი საყვარელი და კარგი ხალხია, ყველასგან დადებითი განწყობა მოდის. ჩვენ მთელი გული და სული ჩავდეთ იმაში, რომ მაყურებლისთვის და მსმენელისთვის კარგი პროექტი შეგვეთავაზებინა, რამდენად გამოგვივიდა ამას უკვე მაყურებელი შეაფასებს.

-ალბათ, ისიც კარგია, რომ ეს პროექტი არ არის კონკურსის ფორმატის.

ნუცა: აჩიკოს კონკურსების დიდი გამოცდილება აქვს. ჩემს შემთხვევაში, ერთადერთი საკონკურსო გამოცდილება  „ნუცას სკოლა“ იყო. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მონაწილეობა მივიღე და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება არც იყო, უფრო ოჯახიდან მოდიოდა, ბებიაჩემის ძალიან დიდი თხოვნით და ა.შ. ფაქტობრივად მაიძულეს, რომ მიმეღო მონაწილეობა (იცინის)

აჩიკო: არადა ძალიან უყვარს სიმღერა, არ სჭირდება იძულება და ძალით სიმღერა.

ნუცა: უბრალოდ კონკურსები არ არის ჩემი სტილი. ახლაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამან, რომ შოუ კონკურსის ფორმატის არ იყო.

-აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე მოხდა ამ გადაცემის ჩაწერა…

აჩიკო: კი, ჩაწერა მანამდე მოხდა და ვცდილობდით, რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად გადაგვეწია ამ ჩანაწერის ეთერში გასვლა, უკრაინაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო. ჩვენ, ყველა მონაწილე ყველანაირად სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და მშვიდობა დაისადგურებს მთელს მსოფლიოში.

-როგორ მოხდა სიმღერების გადანაწილება, თავად აირჩიეთ რეპერტუარი?

აჩიკო: ყველამ თავად აირჩია სიმღერა, რა თქმა უნდა, მუსიკალურ ხელმძღვანელთან ერთად. მაქსიმალურად ვეცადეთ ისეთი სიმღერები შეგვერჩია, რაც ჩვენს ხმებს მოუხდებოდა და სტილისტურადაც უფრო ჩვენი იქნებოდა.

-როგორი იყო რეპეტიციების პროცესი?

აჩიკო: რეპეტიციები ცალკე სახლში გვქონდა და ცალკე ბენდთან და ორკესტრთან ერთად. ძალიან კარგი საღამოები ელის ჩვენს მსმენელს .

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

აჩიკო: ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყე ჩემს სოლო კონცერტზე მუშაობა, მაგრამ ყველა გაგვაჩერა პანდემიამ. ახლა, მგონი, ყველაფერი კარგად მიდის ამ მხრივ და მალე დამთავრდება კოვიდი. ღმერთის ნებით, იმედია, მალე დამთავრდება ომიც და მშვიდობა იქნება. ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებლად განვახორციელებ ჩემს იდეას. ყველას მოენატრა კულტურული ღონისძიებები, სიმღერა… ვფიქრობ, როგორც კი მოიხსნება ყველა შეზღუდვა, ისევ დავიწყებ ჩემს სოლო კონცერტზე მუშაობას. დაახლოებით 18-20 სიმღერა მინდა შევიტანო რეპერტუარში.

-ამ სიმღერებში თქვენი ოჯახური დუეტიც შევა?

აჩიკო: რაც მთავარია, ნუცა დავითანხმე ამაზე.

-დღეს გვაქვს ახალი სიმღერის „ქუჩა ქუჩა გეძებ“ პრემიერა. ვის ეკუთვნის სიმღერა?

აჩიკო: მაცაცო სებისკვერაძის სიმღერაა, ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის ძალიან საყვარელი კომპოზიტორის. ძალიან დიდ პატივს ვცემ მაცაცოს შემოქმედებას და ძალიან ახლოს არის ჩემთან მისი სიმღერები. ეს ძალიან ძველი სიმღერაა და როცა მაცაცოს ამ სიმღერის შესრულების ნებართვა ვთხოვე, ძალიან გაუხარდა და რა თქმა უნდა, დამთანხმდა. სიმღერაზე ერთად ვიმუშავეთ, შედეგს მსმენელი შეაფასებს.

 

აჩიკო ნიჟარაძე – ქუჩა ქუჩა გეძებ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

აჩიკო ნიჟარაძე – მე თბილისის მოტრფიალე ვარ. Live

 

აჩიკო ნიჟრაძე და ნუცა ქირია – ისევ წვიმს

 

ნიჟარაძეების ოჯახი. აჩიკო ნიჟარაძე და ნუცა ქირია. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები