არგენტინაში ქალი, რომელიც მძიმე დანაშაულისთვის სასჯელს იხდის, ციხეში ფუფუნებით გამორჩეული დაბადების დღის წვეულების მოწყობის გამო სკანდალში გაეხვა. ამის შესახებ გამოცემა Need To Know წერს.
საქმე ეხება მარია პაოლა გალეანოს, რომელსაც თითქმის 14 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის 2014 წელს დააკავეს საქმეზე, რომელიც კარლოს ალბერტო გაუნაზე თავდასხმასთან იყო დაკავშირებული. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მამაკაცი მოკლეს და მისი ავტომობილის გატაცებაც სცადეს.
თავდაპირველად ქალი დანაშაულის ირიბ თანამონაწილედ ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მთავარი დამნაშავე იყო, რის შემდეგაც პატიმრობა მიუსაჯეს.

ბოლო სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც გალეანომ სოციალურ ქსელში გაავრცელა თავისი დაბადების დღის წვეულების ფოტოები, რომელიც თებერვლის ბოლოს ციხეში გადაიხადა. კადრებში ჩანს:
ვარდისფერი ბუშტებით მორთული ოთახი;
სხვადასხვა ტკბილეული და კერძები;
თავად გალეანო, რომელიც საღამოს განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის სამოსს.
ქალის ქცევა ადრეც გამხდარა კრიტიკის მიზეზი. 2025 წლის აგვისტოში მან ციხის წესებით აკრძალული მობილური ტელეფონით ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და სოციალურ ქსელებშიც აქტიურად პოსტავდა.
საზოგადოების აღშფოთების შემდეგ ციხის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქალის საკანში რეიდი ჩაატარეს და სმარტფონი ამოიღეს.
გალეანო ციხიდან რამდენიმე თვის შემდეგ უნდა გამოვიდეს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ უკვე აქვს სამსახურის შემოთავაზებები, მათ შორისაა სარეკლამო კამპანიები.