არნოლდ შვარცენეგერი თავისი ყველგანმავლით GMC Yukon-ით ისევ ავარიაში მოყვა. ცნობილ მსახიობს და კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს გასული თებერვლის თვეში ისევ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოუვიდა. ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ქუჩაში უზარმაზარი ავტომობილით ვარსკვლავი ველოსიპედისტს დაეჯახა – ჰოლივუდის მსახიობის ვერსიით, ის მთავარ გზაზე გადაადგილდებოდა, თან საკმაოდ დაბალი სიჩქარით, როცა პარალელურად მოძრავმა ველოსიპედისტმა მარცხნივ გადმოუხვია და ბოდიბილდერმაც გაჩერება ვერ მოასწრო.
ველოსიპედისტი ჯოან ფლიკინჯერი ავარიაში რაღა თქმა უნდა, შვარცენეგერს ადანაშაულებს – მისი თქმით, ექს-გუბერნატორი ქუჩაში აშკარად გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა, უყურადღებობა გამოიჩინა და შედეგად ავარიაც მოხდა.
შემთხვევის შედეგად ქალმა ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი, ხოლო მისი ველოსიპედი არნოლდმა შესაკეთებლად წაიღო.
თითქოს თავიდან მხარეები შეთანხმდნენ და ერთმანეთის მიმართ პრეტენზიებიც არ ჰქონდათ, თუმცა ქალი მსახიობს სასამართლოში უჩივის და საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს.