არქეოლოგებმა საბოლოოდ მიაკვლიეს ადგილს, სადაც კაპიტანი ჯეიმს კუკის გემი HMS Endeavour განისვენებს. სიახლის შესახებ Daily Mail წერს.
ხომალდი, რომელმაც ბრიტანელები 1770 წელს ავსტრალიის სანაპიროსთან პირველად მიიყვანა, ნიუპორტის (როდ-აილენდი, აშშ) ყურეს ფსკერზე განისვენებს. 25 წლიანი კვლევების შემდეგ ავსტრალიის ნაციონალურმა საზღვაო მუზეუმმა წარმოადგინა ანგარიში, რომელიც ადასტურებს რომ ნამსხვრევები ნომრით IR 2394 ნამდვილად კუკის ხომალდს ეკუთვნის. ხომალდი, რომელსაც შემდეგ სახელი შეუცვალეს და „ლორდი სენდვიჩი“ უწოდეს, ბრიტანელებმა 1778 წელს აშშ-ს დამოუკიდებლობის ომის დროს ჩაძირეს. კონსტრუქციის უნიკალური მახასიათებლები და ისტორიულ ნახაზებთან სიზუსტე, მის ორიგინალურობასთან დაკავშირებით ეჭვებს არ ტოვებს. შემორჩენილია კორპუსის დაახლოებით 15%, თუმცა არქეოლოგებისთვის ესეც დიდ წარმატებად მიიჩნევა.
აღმოჩენა ავსტრალიელებსა და ამერიკელებს შორის არსებულ მრავალწლიან კამათს დაასრულებს. ამჟამად მეცნიერები ისტორიული გემის შენარჩუნებაზე არიან ორიენტირებულები.
ჯეიმს კუკი — ბრიტანელი სამხედრო მეზღვაური, მოგზაური-აღმომჩენი, კარტოგრაფი და მკვლევარი იყო. ის ხელმძღვანელობდა სამ გლობალურ ექსპედიციას მსოფლიოს ოკეანეების შესასწავლად (1768–1771, 1772–1775 და 1776–1779 წლებში).
ამ ექსპედიციების განმავლობაში კუკმა მთელი რიგი გეოგრაფიული აღმოჩენები მოასწრო: მან გამოიკვლია და რუკაზე მოათავსა კანადის აღმოსავლეთ სანაპიროს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროსა და წყნარი, ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეების მანამდე თითქმის უცნობი და იშვიათად მონახულებადი ადგილები.
მის მიერ შედგენილ რუკებს, მათი მაღალი სიზუსტის წყალობით, მეზღვაურები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდეც კი იყენებდნენ.
ჯეიმს კუკის გარდაცვალებას დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის დასრულებას უკავშირებენ.


