იტალიური ატელიე Zegato და Aston Martin კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ იმისათვის, რომ შეექმნათ კიდევ ერთი კონცეპტუალური ავტომობილი სახელწოდებით Aston Martin Vanquish Zegato.
ავტომობილის დიზაინის დაპროექტება იტალიაში მოხდა და ასაწყობად ბრიტანეთში გადაიგზავნა. ავტომობილის ხილვა იტალიაში, Villa d’Este-ს ელეგანტურობის კონკურსზე იქნება შესაძლებელი, რომელიც 20-დან 22-მაისამდე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილის შასი მთლიანად კარბონის დეტალებითაა დამზადებული და One-77-ს, CC-100 და Vulcan-ს მოგვაგონებს, რომლებიც აგრეთვე Aston Martin-ის მიერ წარმოებული მოდელები გახლავთ. ავტომობილის ძირითადი ფერი წითელი გახლავთ, თუმცა, შავი დეტალები მის ვიზუალს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ Zegato-ს დიზაინერებმა ავტომობილის სალონის დიზაინზეც იმუშავეს. კარბონის დეტალებით შელამაზდა ძირითადი პანელი და გადაცემათა კოლოფის პანელი. აგრეთვე აღსანიშნავია შავ-წითელ ფერში გადაწყვეტილი სავარძლებიც, რომელზეც ამოტვიფრულია ასობგერა Z.
ავტომობილის კაპოტქვეშ მოთავსებულია 5,9 ლიტრიანი V12 ტიპის ძრავი, რომლის სიმძლავრეც 592 ცხენის ძალას შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ Zegato და Aston Martin დიდი ხანია თანამშრომლობენ. მათი პირველი კოლაბორაცია ჯერ კიდევ 1960 წელს შედგა და იმ დროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი Aston Martin DB4 GTZ შეიქმნა.