რადიო „ფორტუნას“  სტუმარია საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და შვედური „გეტებორგის“ ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი.

 

გიორგი, მოგესალმებით და მადლობას გიხდით დროის გამონახვისათვის. მინდა საუბარი ტრადიციული კითხვით დავიწყო. როგორ გაატარეთ კარანტინის პერიოდი? როგორც ვიცით, შვედეთში საყოველთაო კარანტინი არ ყოფილა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები ალბათ იყო?..

შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ეს დრო შვედეთში გავატარე და შესაბამისად კარანტინში არ ვყოფილვარ. აქ ცხოვრება ძველებურ რეჟიმში მიმდინარეობდა, გვქონდა ვარჯიშებიც. ერთადერთი, ჩემპიონატის დაწყების თარიღმა ცოტა გადაიწია, თუმცა დიდი ხანი არ დაგვისვენია, მხოლოდ ორი კვირით დავისვენეთ.

ალსვენსკანის სეზონი 14 ივნისს დაიწყო. ესწრებიან თუ არა მატჩებს გულშემატკივრები და რაიმე სხვა სახის შეზღუდვები თუ არის დაწესებული? როგორც ვიცით, შვედეთი არის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მინიმალური შეზღუდვები დააწესა პანდემიის დროს და როგორ აისახა ეს სპორტზე?

დიახ, ჩემპიონატი უკვე დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე მაყურებელი მატჩებს არ ესწრება. ჯერჯერობით ასე გაგრძელდება, თუმცა ჩემი ინფორმაციით, 9 ტურის შემდეგ მდგომარეობის გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება გადაიხედება და შესაძლოა მაყურებელი სტადიონზე დაუშვან. ამ დროისათვის ამაზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით.

გუშინ უეფამ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მატჩთან დაკავშირებით. ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის 8 ოქტომბერს გაიმართება. მინდა გკითხოთ იმ განწყობაზე, რაც ამ მატჩთან დაკავშირებით არის ნაკრებში. რა მოლოდინი გაქვთ? რამდენად რეალურად მიაჩნიათ ნაკრების ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა?

წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მგონი საქართველოს ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი თამაში არც ყოფილა. განწყობა საბრძოლოა, ყველა საუკეთესო განწყობაზეა, ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც და დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევრო 2020-ზე მოვხვდეთ. მჯერა ასეც იქნება.

ბელარუსის შემდეგ უკვე ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებული გველის. ამ ნაკრებებზე რას იტყოდით და რომელს ისურვებდით ფინალში, რომელი უფრო შედარებით იოლი მეტოქე იქნება?

იოლი ნამდვილად არც ერთი მეტოქე არ იქნება, ამ მატჩებისათვის ყველა ნაკრები მაქსიმალურად მოემზადება, მით უმეტეს ყველაფერი ერთ შეხვედრაში გადაწყდება. თუმცა საბედნიეროდ, ჩვენ ამ მატჩებს შინ გავმართავთ. მაყურებელი ძალიან დიდი ძალაა და იმედი მაქვს, რომ იმ დროისათვის უკვე შესაძლებელი იქნება ისინი სტადიონზე იყვნენ  და ტრიბუნებიდან გვიგულშემატკივრონ. ეს ძალიან დაგვეხმარება ამ დიდი წარმატების მიღწევაში. შეხვედრებისათვის მაქსიმალურად მოვემზადებით და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05