LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები: სად გავატაროთ შვებულება საყვარელ ადამიანთან ერთად

157

2000 წლის ოქტომბერში პარიზის მონმარტრზე Le mur des je t’aime ანუ სიყვარულის კედელი გაჩნდა, რომელმაც ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა შეყვარებულ წყვილებს შორის. მსოფლიოში კიდევ ბევრი  ადგილია, სადაც წყვილები საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა ლაპარაკობენ და ერთმანეთს ყველაზე მთავარში უტყდებიან. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ ადგილებს.

სიყვარულის კედელი, საფრანგეთი

40 კვადრატული მეტრის ფილებზე 300 სხვადასხვა ენაზე წაწერილი რომანტიკული ფრაზები – სწორედ ასე გამოიყურება სიყვარულის კედელი, რომელიც მონმარტრზე 2000 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. ნებისმიერს შეუძლია მოძებნოს ფრაზა “მე შენ მიყვარხარ” მშობლიურ ენაზე და ჩაიფიქროს სურვილი, რომელიც აუცილებლად ასრულდება. იმ შემთხვევაში კი, თუ საკუთარ თავს ნამდვილ რომანტიკოსად თვლით, შეგიძლიათ პარიზში 14 თებერვალს – წმინდა ვალენტინის დღეს გაემგზავროთ, როცა კედელთან ტრადიციულად თეთრ მტრედებს უშვებენ.

კარლოსის ხიდი ჩეხეთში

ჩეხეთის ულამაზესი დედაქალაქის მთავარი რომანტიკული ღირსშესანიშნაობა რა თქმა უნდა კარლოსის ხიდია, რომელიც დიდი ხანია ლეგენდად იქცა. გადმოცემის თანახმად, სწორედ აქედან გადააგდეს მდინარე ვლტავაში ბერი იან ნეპომუცკი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინახა დედოფლის აღსარების საიდუმლო და არ გასცა მეფესთან. აღსარებაში დედოფალმა საკუთარი შეყვარებულის სახელი ახსენა და სწორედ ამის გაგება სურდა მოტყუებულ მონარქს. ბერმა სამაგალითო სიმტკიცე გამოიჩინა და სხვის სიყვარულს შესწირა თავი. იმ ადგილას, სადაც წმინდანი წყალში გადააგდეს, ლეგენდის თანახმად უცნაური და ამოუხსნელი მანათობელი გაჩნდა. დღეს კარლოსის ხიდიდან საბედნიეროდ აღარავის აგდებენ, თუმცა მისი ატმოსფერო იდეალურად შეეფერება დიდიხნის ნანატრ სასიყვარულო აღსარებას.

აფროდიტეს ყურე, კვიპროსი

კვიპროსის რეგიონი – პათოსი დიდი ხანია ცნობილია მთებით და უცნაური ფორმის კლდეებით გარშემორტყმული იდეალური პლაჟებით. ლეგენდის თანახმად, სახელი ყურემ სიყვარულის ქალღმერთის – აფროდიტეს პატივსაცემად მიიღო, რომელიც სწორედ აქ დაიბადა და ნიჟარიდან ნაპირზე გადმოვიდა. ყურეს მეორე სახელიც აქვს – Petra tоu Romiou, რაც “ბერძენის ქვას” ნიშნავს. გადმოცემით, თავისი არაბუნებრივი ძალით ცნობილმა მებრძოლმა – დენიგესმა, ტროოდოსის მთა ნამტვრევებად აქცია და მტრის გემები ჩაძირა. ითვლება, რომ ყურესთან ახლოს ზღვაში ბანაობა ქალს მარადიულ ახალგაზრდობას ჩუქნის, მამაკაცს კი – ნამდვილ გმირად აქცევს. რაც შეეხება სიყვარულს – ისიც მარადიული იქნება, თუ გეყოფათ სითამამე და სავსე მთვარის ღამეს უზარმაზარ ქვის ლოდს შვიდჯერ ცურვით შემოუვლით წრეს, რაც არც ისე მარტივია, რადგან ყურეში ცურვა აკრძალულია. თუმცა ამბობენ, რომ ყურეს მისტიკური ძალა ახლომდებარე წყალსაცავებზეც ვრცელდება, ასე რომ, ყურეში თუ არა, წყალსაცავში მაინც შეგიძლიათ იცურაოთ.

სიყვარულის გზა, იტალია

“ჩინკვე-ტერეს” ნაციონალურ პარკში გენუას სანაპიროზე, საცალფეხო ბილიკია, რომელიც პირდაპირ სანაპირო ზოლზე გადის. ბილიკს სიყვარულის გზას ეძახიან და რა თქმა უნდა, ბედნიერება მოაქვს შეყვარებულებისთვის. თუმცა, გასათვალისწინებელია ერთი ნიუანსი – შეყვარებულები აუცილებლად დაქორწინებული იუნდა იყვნენ, სხვა შემთხვევაში მაგიური ძალა არ მოქმედებს.

ხელოვნების ხიდი, საფრანგეთი

პარიზის პირველი რკინის ხიდი, რომელიც საუკუნის დასაწყისში აიგო, შეყვარებულების მომლოცველობის ადგილად იქცა, სადაც წყვილები მთელი მსოფლიოდან ბოქლომებს კიდებენ, გასაღებს კი, მდინარე სენაში აგდებენ. ტრადიციის ფუძემდებელი იტალიელი მწერალი ფედერიკო მოჩინა გახდა, რომელმაც რომანში “სამი მეტრი ზღვის დონიდან” სწორედ ეს რიტუალი აღწერა. თუმცა ხიდმა “მოზღვავებულ გრძნობებს” ვეღარ გაუძლო და რამდენიმე წლის წინ  ნგრევა დაიწყო, გასულ წელს მას მოაჯირიც მოტყდა და პარიზის მთავრობამ ხიდიდან 45 000 ბოქლომი მოხსნა, რითიც რომანტიკოსების მრისხანება დაიმსახურა. თუმცა შეყვარებულები თავისას მაინც არ იშლიან და ხიდიც სულ უფრო მეტი ბოქლომებით ივსება.

ამბორის ხიდი, რუსეთი

პარიზის ხელოვნების ხიდის უმცროსი ძმა პეტერბურგის ამბორის ხიდია, სადაც შეყვარებულები აქტიურად კიდებენ ბოქლომებს, უტყდებიან ერთმანეთს მარადიულ სიყვარულში და რა თქმა უნდა ვნებიანად კოცნიან. არსებობს ხიდის სახელწოდების ორი ვერსია – ერთის თანახმად,  ოდესღაც ხიდთან ახლოს ციხე იყო, რომანტიკული სახელი კი, იმიტომ მიიღო, რომ სწორედ ამ ხიდზე კოცნიდნენ მეუღლეები ერთმანეთს ხანგრძლივი განშორების წინ. მეორე ვერსიით თავის სახელს ხიდი ცნობილ ვაჭრს პოცილუევს უნდა უმადლოდეს, რომელსაც მეზობლად დუქანი ჰქონდა გახსნილი ორიგინალური აბრით “ამბორი”.

ვერონა, იტალია

ქალაქი იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში იდეალური ადგილია რომანტიკული შეხვედრებისთვის. რომეოსა და ჯულიეტას წყალობით, რომლებიც შექსპირმა თავის პიესაში უკვდავყო, ვერონას ყოველ წელს რამდენიმე მილიონი ტურისტი სტუმრობს. სიყვარულზე მეოცნებე რომანტიკოსები დილიდან ღამემდე სეირნობენ უძველეს ქუჩებში, წერენ წერილებს ჯულიეტას, ნახულობენ ლეგენდარულ აივანს, სადაც უკვდავი წყვილის პირველი პაემანი შედგა და სწორედ ამ აივნის ქვეშ კოცნიან ერთმანეთს. გასაკვირი არაა, რომ 14 თებერვალს ვერონაში სიყვარულის ნამდვილი დღესასწაული ეწყობა, წმინდა ვალენტინის დღე აქ განსაკუთრებული აჟიოტაჟით – ქუჩის შოუებით, მასიური ექსკურსიებით და აფროდიზიაკის შემცველი კერძების დეგუსტაციით აღინიშნება.

ტაჯ-მაჰალი, ინდოეთი

მე-17 საუკუნეში აშენებული ულამაზესი სასახლე, სინამდვილეში მეჩეთია თავისი მავზოლეუმით, სადაც ტამერლანის შთამოვალი ფადიშახი ჯახანი მეუღლესთან – მუმთაზ-მახალისთან ერთადაა დაკრძალული. მშობიარობის დროს გარდაცვლილი მუმთაზ-მახალის საფლავთან უზომოდ შეყვარებულმა მეუღლემ ფიცი დადო, რომ აუცილებლად აღმართავდა ძეგლს მათი მარადიული სიყვარულის უკვდავსაყოფად და სიტყვა შეასრულა, ფადიშახის ტაჯ-მახალი უკვე მრავალი საუკუნეა ითვლება სიყვარულის სიმბოლოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები