LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის 7 განსაკუთრებული დეტალი, რომელიც მალე სრულიად გაქრება

167

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საავტომობილო სამყაროში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, რამაც ავტომობილების დიზაინში, სისტემებსა თუ ვიზუალში ახალი დეტალები გააჩინა, ძველები კი ფაქტიურად უმოქმედოდ დატოვა და ამას ვერც ერთი ავტომწარმოებელი ვერ გაექცა.

იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიური განვითარება შეუქცევად პროცესად გადაიქცა და სხვადასხვა გაჯეტები თუ მოწყობილობები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ საავტომობილო ბაზარზე გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ავტომობილები, რომელმაც მექანიკურად მომუშავე სისტემები ჩაანაცვლა. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ის, რომ ავტომობილიდან გაქრნენ და ნელ-ნელა კიდევ ქრებიან ავტომობილის ისეთი სისტემები, რომელთა გარეშეც რამდენიმე წლის წინ მათი წარმოდგენა შეუძლებელი იყო.

რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ავტომობილებში და კიდევ რა სისტემები გაქრება ჩვენი საყვარელი ავტომობილებიდან, სწორედ ჩვენი დახმარებით შეიტყობთ. მაშ ასე:

 

CD მაგნიტაფონები

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ავტომობილები ქარხნულად ჯერ კიდევ CD მაგნიტაფონებით იწარმოებოდა. თუმცა, დღეს საავტომობილო ბაზარზე ბევრად პოპულარული და მოთხოვნადია ისეთი მოდელები, რომელიც აღჭურვილია უახლესი სენსორული გაჯეტებით.

დაუსვით თქვენს თავს კითხვა და გაიხსენეთ, როდის შეიძინეთ ბოლოს CD დისკი? სწორედ ამიტომ, არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, რომ ავტომობილის აუდიო სისტემა, მომავალში ტექნოლოგიური მიღწევებით კიდევ და კიდევ გაუმჯობესდება, რაც CD მაგნიტაფონების წარმოებიდან ამოღებას გამოიწვევს.

 

 

ხელის მუხრუჭი

თუ 5-7 წლის წინ, ვინმე ივარაუდებდა იმას, რომ ხელის მუხრუჭი დროთა განმავლობაში ავტომობილის სალონიდან გაქრებოდა, მას აუცილებლად გიჟად შერაცხავდნენ. მაგრამ დღევანდელ სიტუაციას თუ გადავხედავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ხელის მუხრუჭმა დიდი ცვლილება განიცადა და სავარაუდოა, რომ CD მაგნიტაფონების მსგავსად, სრულიად გაქრება საავტომობილო ბაზრიდან.

 

 

უკანა ხედვის სარკე

უკანა ხედვის სარკე წლების განმავლობაში უსაფრთხო გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი დეტალი გახლდათ. გამოჩენის დღიდანვე მასზე დიდი მუშაობა მიმდინარეობდა, გადიდა ხედვის კუთხე, გამოსახულების გარჩევადობა, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ რამდენიმე ხანში ავტომობილის სალონიდან ისიც გაქრეს.

დღესდღეობით ავტომწარმოებლები ტრადიციული სარკეების ნაცვლად, პრიორიტეტად კომპაქტურ ვიდეოკამერებს მოიაზრებენ, რომელთა მიღებული სიგნალიც სამართავ პანელზე დამონტაჟებულ ეკრანზე ჩნდება. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კომპანია Cadillac-ის უახლესი თაობის ავტომობილები, რომლებიც აღჭურვილია ზემოთხსენებული გაჯეტებით, რომელიც უკანა ხედვის სარკის ფუნქციებს ასრულებს.

აგრეთვე აღსანიშნავია Honda-ს მიერ გამოგონებული ტექნოლოგიაც, რომლის დახმარებითაც წინა საქარე მინაზე ჩნდება პატარა ციფრული მონიტორი, სადაც ავტომობილის უკან მომხდარი დეტალების დანახვაა შესაძლებელი.

 

 

მუდმივმოქმედი სრულამძრავობიანი სისტემა

როცა Audi-მ საკუთარი ავტომობილებისთვის შექმნა სრულამძრავიანი სისტემა, განაცხადა იმის შესახებ, რომ ცვლის ამ სისტემის მნიშვნელობას და ამაში არც არავინ შეეკამათა. დროთა განმავლობაში კი სერიულ წარმოებაში გამოჩნდნენ ავტომობილები, რომლებსაც მუდმივმოქმედი სრულამძრავიანი სისტემის ნაცვლად, რეალურად საჭიროების შემთხვევაში ამოქმედებული ხიდები ჩაანაცვლებდა.

დღესდღეობით ავტომწარმოებლების უმეტესობა იყენებს სწორედ ზემოთნახსენებ სისტემას, რომელიც AWD სახელითაა ცნობილი. ამ სისტემის მნიშვნელობა მარტივია: საჭირო დროს ირთვება სწორედ ის თვლები, რომლებიც ავტომობილს ესაჭიროება, ეს ყველაფერი კი ელექტრონულად, კომპიუტერის დახმარებით ხდება.

ამ სისტემის გამოყენებით ავტომწარმოებლებმა შეამცირეს საწვავის მოხმარება, რამაც გამოიწვია ის, რომ თანამედროვე ავტომობილები, 4WD სისტემის ნაცვლად, სწორედ AWD სისტემითაა აღჭურვილი.

 

 

ავტომობილის გასაღები

ავტომობილის გასაღებმა დიდი ხნის განმავლობაში, უმნიშვნელო ცვლილება განიცადა. თუმცა, უახლოეს მომავალში სამყარო აუცილებლად დაივიწყებს მათ შესახებ. რატომ?

დღევანდელ დღეს ავტომფლობელები ავტომობილის გაღებას სპეციალური რადიო გადამცემის მეშვეობით ახერხებენ, ზოგიერთი კი ამ გადამცემების დახმარებით ძრავის გაშვებასაც ახერხებს. ამასთანავე, ბოლო დროს გამოჩნდა ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც ავტომობილს გაღება უკონტაქტოდაც შესაძლებელი გახდა.

ამ უკანასკნელმა კი გააჩნია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივი, სტანდარტული ავტომობილის გასაღებები, უკონტაქტო, დისტანციური მართვის პულტებით ჩანაცვლდება, რომლის პროტოტიპიც Tesla-მ, BMW-მ და სხვა პოპულარულმა ავტომწარმოებლებმა უკვე წარმოადგინეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ უახლესი გაჯეტის დახმარებით, ჩვენ შეგვეძლება არამხოლოდ ავტომობილის გაღება და ძრავის გაშვება, არამედ მისი ავტოფარეხიდან გამოყვანა, ან თუნდაც მისი პარკირება…

 

 

გადაცემათა კოლოფის სახელური

დროთა განმავლობაში საავტომობილო სამყარო მექანიკური გადაცემათა კოლოფის სერიული წარმოებიდან ამოღებას ელოდება. ამაზე უკვე აღარავინ კამათობს. მაგრამ ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში ავტომობილებში ნელ-ნელა გაქრება ავტომატური გადაცემათა კოლოფის სახელურებიც.

ასეთი ტიპის ავტომობილების წარმოება უკვე დაწყებულია და სახელურის მაგივრად, დამონტაჟებულია ღილაკი, რომელიც ზუსტად იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც სახელურიანი გადაცემათა კოლოფი ასრულებდა. იმის გამო, რომ ეს ღილაკი დიდი პოპულარობით სარგებლობს, სრულიად შესაძლებელია, რომ გადაცემათა კოლოფის სახელური ავტოწარმოებიდან საერთოდ გაქრეს.

 

 

ფიზიკური ღილაკები

იმის დამსახურებით, რომ საავტომობილო ბაზარი ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის ახალ, ციფრულ სისტემებზე გადაეწყო, ავტომობილებში ნელ-ნელა გაქრა ფიზიკური ღილაკები, რომლის დახმარებითაც ავტომობილის მფლობელს სხვადასხვა სისტემების მართვა შეეძლო.

არავისთვის არაა საკვირველი ის ფაქტი, რომ ეს ღილაკები ციფრული ტექნოლოგიებით ჩანაცვლდა და თანამედროვე ავტომობილებში, იმისთვის, რომ მუსიკას ავუწიოთ, ან დავუწიოთ საკმარისია შევეხოთ სენსორს და მივუთითოთ სასურველი ხმის ნიშნული. თუმცა, ეს მხოლოდ მცირედი მაგალითია…

სწორედ ციფრული ტექნოლოგიების, სენსორული მონიტორებითა და ხელოვნური ინტელექტის გათვალისწინებით, ძალიან მალე, ავტომობილის სალონი ფიზიკური ღილაკებისგან განთავისუფლდება და საკმაოდ ფუტურისტულ სახეს მიიღებს…