LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის მინიმალური ფასი 17000 ლარამდე გაიზრდება

270

 ქართულ ავტობაზარზე რეალობა 360 გრადუსით შეიცვალა, მას შემდეგ რაც ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთში ცვლილებები შევიდა.

2017 წლიდან საშუალო ფენის წარმომადგენელს ავტომობილის ყიდვის (შემოყვანის) საშუალება თითქმის გაუქრა.

განსაკუთრებით შეეცვალათ გეგმები მათ, ვინ ავტომობილის შეძენა დაახლოებით 1 წლის წინ გადაწყვიტა და ამისთვის ფულის შეგროვება დაიწყო, თან ეროვნულ ვალუტაში.

რადგან, თუ კონკრეტულ პირს 2017 წლისთვის კონკრეტული მოდელის შესაძენად (შემოსაყვანად) 1000 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, ამ ფასად ის ახლა ვერაფრის შეძენას შეძლებს.

 

მიზეზები:

ამის მიზეზი პირველ რიგში აქციზის გადასახადის ზრდა, ხოლო მეორე რიგში, მკვეთრად გაუფასურებული ეროვნული ვალუტაა.

 

რა ფასად შეძლებთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილის შეძენას:

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეძენა არ აკრძალულა, თუმცა შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ისინი ვინც 2500 დოლარად ყიდულობდნენ ამ ტიპის ავტომობილებს, ახლა 6 –ჯერ მეტს გადაიხდიან.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2004 წლიანი 2.5 ძრავიანი ავტომობილის მხოლოდ განბაჟება საქართველოში 13 706 ლარი ჯდება.

2005 წლიანი 1.5 იანი ძრავით მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მხოლოდ განბაჟება 6870 და ა.შ.

რა ჯდება 2005 წლამდე გამოშვებული მარცხენასაჭიანი ავტომობილები:

უფრო იაფი დაგიჯდებათ მარცხენასაჭიანი ავტომობილის შეძენა. განსხვავება მარჯვენასაჭიანთან შედარებით დიდია.

2003 წლიანი ავტომობილის განბაჟებას 1.8 ლიტრი მოცულობის ძრავით 3 933 ლარად შეძლებთ.

2001 წლიანი, 2.5 ლიტრი მოცულობის ძრავით ავტომობილის განბაჟება კი 6 225 ლარი დაჯდება.

 

რა ფასად შეძლებთ ახალი ავტომობილის შეძენას?

2007 წლიან ავტომობილს 2.0 ლიტრი მოცულობის ძრავით 2350 განაბაჟებთ. იმავე ძრავით კი 2010 წლიანს 1735 ლარად.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ განბაჟების თანხის დაკლებასთან ერთად, ახალი ავტომობილის შეძენას, თავად ავტომობილის მაღალი (ძველ და მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან შედარებით) ფასი ემატება.

ხელისუფლების მიერ დეკლარირებული იყო, რომ ახალი ავტომობილების წახალისება მოხდებოდა, თუმცა განბაჟება მხოლოდ 5–6 წლის ავტომობილებისთვის გაიაფდა.

ერთი და ერთ წლამდე ავტომობილების განბაჟება კი გაძვირდა.

შესაბამისად 2005 წლიდან 2014 წლამდე ავტომობილების განბაჟება მცირედით გაიაფდა, სხვა შემთხვევაში კი გაძვირდა.

 

 

ავტომობილის მინიმალური ფასი 5 000 –ის ნაცვლად 17000 ლარი გახდა

ინდივიდუალური შემთხვევებისთვის, ავტოგანბაჟების გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ განბაჟების ონლაინ კალკულატორი.

ახლა კი გამოვთვალოთ ის მინიმალური თანხა, რომლითაც ავტომობილის შეძენას და საქართველოში შემოყვანას შეძლებთ.

ამისთვის უნდა გამოვრიცხოთ მარჯვენასაჭიანი და 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილები.

უხეში კალკულაციისთვის beforward.gp-ზე 2005 წლის MERCEDES-BENZ S-CLASS (GH-220083) შევარჩიე, 4,2–იანი ძრავით და 115,435–იანი გარბენით.

მისი გამოწერა Beforward.gp-დან $3,964 შეგიძლიათ (10.900 ლარი დღევანდელი კურსით), ხოლო საქართველოში განბაჟება 6 636 ლარი დაჯდება.

ანუ ამ მოდელის შეძენას 17.536 ლარად შეძლებთ.

რადგან მარჯვენასაჭიანისა და ძველი ავტომობილების ყიდვა უფო ძვირი ჯდება, გამოდის, რომ ეს არის ის მინიმალური თანხა, რომლითაც დღეს ავტომობილის ყიდვას შეძლებთ.

რაც შეეხება ჰიბრიდულ ავტომობილებს, მათი აქციზის გადასახადი ნაკლებია. 2010 წლიანი მეორადი ჰიბრიდის შეძენას დაახლოებით, 11 000 ლარად შეძლებთ.

 

რა ხდება ადგილობრივ ბაზარზე?

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, უკვე განბაჟებული მეორადი ავტომობილების ფასი მცირედით შეიცვალა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალში თქვენი ავტომობილების ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება.

თუმცა, ჯერ კიდევ შეგიძლიათ მარცხენასაჭიანი ავტომობილი 2800$ (7.700 ლარი) შეიძინოთ.(myauto.ge -ზე 1998 წლიანი MERCEDES-BENZ   ABS C 230–ის ფასი 2.3 – იანი ძრავით და 214000 კმ. გარბენით)

ხოლო მარჯვენასაჭიანი 1300 დოლარად (3575 ლარი – myauto.ge-ზე 1998 წლიანი მარჯვენასაჭიანი HONDA Civic–ის ფასი)

შედარებისთვის გეტყვით, რომ ასეთ ავტომობილს, ამ ფასად ვეღარც კი განაბაჟებთ. ცვლილებების მიხედვით, მხოლოდ მისი განბაჟება 11 000 ლარი დაგიჯდებათ.

 

გაძვრიდა ავტომობილის „შენახვაც“.

გარდა ავტომობილის ღირებულებისა და განბაჟების ფასისა, გაიზარდა ავტომობილის „შენახვის“ ფასიც, რაც ასევე, აქციზის ზრდამ გამოიწვია, თუმცა ამჯერად საწვავზე.

ახალი წლიდან საქართველო საწვავის განახლებულ და დაკორექტირებულ ფასებს შეხვდა. ახალ წლამდე გაზრდილ ფასებს, აქციზის ზრდასთან ერთად საწვავის კიდევ 20–25 თეთრით გაძვირება მოჰყვა.

გარდა ამისა, იგეგმება ქონების გადასახადიც ავტომობილებზე.

 კიდევ ერთი დეტალი – ტექდათვალიერება

თავი ქუდში არც იმ ავტომფლობელებს არ აქვთ, რომელსაც ძველი ავტომობილი უკვე შეძენილი აქვს და განბაჟების ფასის ზრდაც არ ადარდებს.

მათთვის ხელისუფლებამ კიდევ ერთი თავსატეხი „მოიგონა“.

მანქანების ტექდათვალიერება სავალდებულო 2018 წლიდან გახდება. ჯერ–ჯერობით უცნობია რა ეღირება ეს სერვისი, თუმცა ფაქტია, რომ ძველი ავტომობილის მფლობელებს ტექდათვალიერების გასავლელად, ავტომობილებზე გარკვეული თანხის დახარჯვა მოუწევთ.

ოჯახს, რომლის შემოსავალიც თვიურად 3 000–ს აღემატება და მსუბუქ ავტომობილს ფლობს, ამ ქონებისთვის შესაძლოა, სახელმწიფოსთვის გადასახადის გადახდა მოუწიოს.

 

რატომ ხდება ეს ყველაფერი ერთდროულად?

„ფორტუნასთან“ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციიის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა, რომ კომპლექსურად ასეთი რადიკალური ღონისძიებების გატარება, ხელისუფლებას ბიუჯეტის შესავსებად სჭირდება.

მესხიშვილის თქმით, პირველ რიგში საჭირო იყო ტექდათვალიერების შემოღება და ამის კონკტროლი, რადგან საქართველოში ყველაზე მძაფრად სწორედ ავტომობილების გაუმართავი მდგომარეობა, ავარიები და გამონაბოლქვია.

„ჩვენი ასოციაცია თვლიდა, რომ პირველ რიგში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღება იყო საჭირო, იმიტომ რომ ჰაერი კატასტროფულად დაბინძურებულია. მთავარი სწორედ ეს იყო. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ამ ფონზე რატომ გახდა პრიორიტეტი ის ცვლილებები, რაც განხორციელდა. თუმცა, საბოლოო ჯამში ყველაფერი გასაგებია, რადგან ფინანსთა სამინისტრომ პირდაპირ თქვა, რომ აქედან ბიუჯეტის თანხების შევსებას აპირებს“, – განაცხადა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, წინასწარი გათვლებით, ამ ცვლილებების შედეგად ბიუჯეტში დამატებით, ნახევარ მილიარდ ლარამდე შევა.

რას გამოიწვევს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებები?

ექსპერტის დავით მესხიშვილის განცხადებით, ეს ცვლილებები უახლოეს პერიოდში, მოსახლეობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნას გაზრდის.

ამის გარდა, მისი თქმით, ავტომობილების გაძვირება და საწვავის ფასის მატება, ყველა მიმართულებით გააძვირებს სერვისს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ისეთ მზადყოფნაში, როგორშიც საჭიროა რომ იყოს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ ყველა მიმართულებით გაძვირებულ სერვისს. ეს სურათი რაც ჩვენ გაგვაჩნია, მხოლოდ უარესობისკენ ცვლის მდგომარეობას“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

 

ეკონომიკური პერსპექტივა

ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ „ფორტუნასთან“ განაცხადა, რომ ცვლილებების შედეგად, ავტომობილების ყიდვის შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე მასშტაბურად არ აისახება.

„ეკონომიკურად ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ნეტო ბრუნვა დიდი არ არის.საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ეს ცვლილებები მარჯვენარულიანებს სრულად შეზღუდვას“, – განაცხადა ჯგერენაიამ.

––––

ცხოვრების ხარისხის გაუარესება და გაძვირება თითოეულ ოჯახზე აუცილებლად აისახება – ავტომობილი მხოლოდ მას ექნება, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს. თუმცა როგორც ხელისუფლებას აქვს დაგეგმილი, ეს სავარაუდოდ, ბიუჯეტს გაზრდის და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ციფრებზე უარყოფითად არ აისახება.

 

თამთა უთურგაშვილი