„ბარსელონამ“ მსოფლიო საკლუბო ტურნირი მოიგო და ოფიციალურად გახდა პლანეტის საუკეთესო გუნდის ტიტულის მფლობელი.
მსოფლიოს რიგით მე-12 საკლუბო ჩემპიონატს წელს ოფიციალურად ეწოდა FIFA Club World Cup Japan 2015 presented by Alibaba E-Auto.
ევროპელთა სასტარტოში მოხვდნენ მესიც და ნეიმარიც. პირველს უროლოგები დაეხმარნენ და თირკმელიდან კენჭები მოაშორეს, ნეიმარს კი საზარდული აღარ აწუხებდა. ფეხბურთის გულშემატკივრებმა ამით მხოლოდ მოიგეს. მესიმ და ნეიმარმა დიდებული სანახაობა დადგეს და რიგ ეპიზოდებში ისე იბურთავეს, მთელ საფეხბურთო ისტორიას რომ დაამშვენებდა. ამ ბიჭების დარი დღეს ნაღდად არავინაა საფებურთო არენაზე და პლუს ამათ ასევე ბრწყინვალედ მოთამაშე სუარესიც რომ ემატება, ცხადი ხდება, რომ „ბარსაზე“ უკეთესს ვერც წარმოიდგენს კაცი. მათ უკან მეპასე ინიესტა, ასევე შეუფასებელი ბუსკეტსი, როცა საჭიროა მეკარე ბრავო სულ ბრავოს შეძახილს იმსახურებს და გასაგებიცაა თუ რატომ მოიგო ასე იოლად, ლაღად და ცეკვა-თამაშით „ბარსამ“ მსოფლიო ჩემპიონატი.
პირველ ტაიმში ანგარიში მესიმ გახსნა, მეორეში კი მან თავისი შანსები გაანიავა, სამაგიეროდ ორჯერ იხეირა ლუის სუარესმა და „ბარსამ“ ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული, სახელოვანი „რივერ პლეიტი“ დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ფინალური მატჩი იოკოჰამაში, 72-ათასიან სტადიონზე ჩატარდა და მასზე ათასზე მეტი ჟურნალისტი იყო აკრედიტირებული.
ბარსელონა: ბრავო, ალვეში, პიკე, ბუსკეტსი, ალბა, რაკიტიჩი (სერხი რობერტო, 67), მასკერანო (ვერმალენი, 81), ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი (მატეუ, 89)
რივერ პლეიტი: ბაროვერო, მაიდანა, ალვარესი, კრანევიტერი, მორა (მარტინესი, 46), სანჩესი, ალარიო, ვიუდესი (დრიუსი, 56), ვანგიონი, პონსიო (გონსალესი, 46), მერკადო
გოლები: მესი, 36; სუარესი 49, 68.
“ბარსას” უკვე სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს „სანფრეჩე“ და „გუანჯოუ“ შეხვდნენ. იაპონელებმა დუგლასის დუბლით 2:1 (70-ე და 83 წუთებზე) მოიგეს.
https://www.youtube.com/watch?v=wUIFVh_Im0M