LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ფოლკლორული ანსამბლის “კვირიას” კონცერტი გაიმართა

55

Ardaidardo.Geბათუმში „ფოლკლორის დღეების“ ფარგლებში, ბულვარში, კოლონადებთან მაყურებლის წინაშე სვანური ფოლკლორული ანსამბლი “კვირია” წარსდგა.

ექვსი წლის წინ შექმნილი ანსამბლის ძირითად რეპერტუარში სვანური ხალხური სიმღერებია. “კვირიას” მიერ გამართულ საღამოს, ადგილობრივებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ. კონცერტი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

“Check in Georgia-ს ფარგლებში ანსამბლმა „კვირიამ“ სოლოკონცერტი გამართა, საკმაოდ წარმატებულად და მსმენელის მოწონება დაიმსახურა. წარმოვადგინეთ სვანური სიმღერები და სურვილი გვაქვს კიდევ ერთხელ ჩამოვიდეთ ამ ლამაზ ქალაქში და ვაჩვენოთ ჩვენი შემოქმედება“, – აღნიშნა ანსამბლი „კვირიას“ წევრმა გიორგი გველესიანმა. 

მთელი ზაფხულის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქში ხალხური მუსიკისა და ცეკვის კონცერტები ყოველდღიურად იმართება. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო, მუნიციპალური და თბილისის ანსამბლები, რომლებიც ქართულ ხალხურ შემოქმედებას ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს 70 დღის განმავლობაში გააცნობენ. „ფოლკლორის დღეები“ ბათუმში 10 სექტემბერს დასრულდება. 

„ფოლკლორის დღეები” “ჰითბათუმი 2016”-ის პროექტია, რომელიც წელს Check in Georgia-ს ფარგლებში 6 ივნისიდან ეწყობა. “ჰით ბათუმი” უკვე მეორე წელია ტარდება. შარშან, ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, წელს კი “ჰით ბათუმი” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით პროექტ Check in Georgia-ს ნაწილი გახდა. ფესტივალის ფარგლებში, “ფოლკლორის დღეებს“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოადგენს.

„ფოლკლორის დღეებზე“ ასევე მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, თერჯოლის, ქედის, ზესტაფონის, ლენტეხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი “რუსთავი”, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი “ბასიანი”, ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდი „დიდგორი“ და სხვა ჯგუფები, შემსრულებლები და ანსამბლები წარდგნენ. 

„უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს”,- მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს. 

“საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცაა „ჰით ბათუმი 2016“ როგორც შარშან, წელსაც სწორედ „ფოლკლორის დღეებით“ დაიწყო. წელს, ფესტივალი ანსამბლმა „ერისიონმა“ გახსნა. შარშანდელთან განსხვავებით, ამჯერად, ფოლკლორი ზღვისპირა ქალაქში თითქმის ყოველდღიურად იქნება წარმოდგენილი. 70 დღის განმავლობაში ამავე რაოდენობის კონცერტი გაიმართება და მონაწილეობას 73-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს. „ჰით ბათუმი 2016“ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები