LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბატონ რომას სიმღერებზე ვარ გაზრდილი… ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ დუეტს ჩავწერდით… ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და სტიმულია, რომ ეს ადამიანი მე მენდო“ – მარი მამისმედიშვილი

212
„ბატონ რომას სიმღერებზე ვარ გაზრდილი... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ დუეტს ჩავწერდით... ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და სტიმულია, რომ ეს ადამიანი მე მენდო“ - მარი მამისმედიშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მარი მამისმედიშვილი და რომა რცხილაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „მისი იდუმალება“ პრემიერა შედგა.

ვისაუბროთ თქვენს თანამშრომლობაზე…

რომა: ზოგადად, მე ყოველთვის ფრთხილი ვარ მსგავსი იდეების მიმართ და ძალიან იშვიათად მაქვს დუეტი, რადგან როგორც ყველა მშობელი უფრთხილდება თავის შვილს, ისე ვუფრთხილდები ჩემს ყველა ნაწარმოებს, მით უმეტეს, ახალს. ღმერთმა აქაც კი მაკოცა, რადგან მარიამი ზუსტად ის ადამიანი აღმოჩნდა, ვისთანაც ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ვიმუშავე. ჩატარდა ექსპერიმენტი და ჩვენი ფასეულობები დაემთხვა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს სიმღერა თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს. მე მიხარია, რომ ჩემი მუსიკა ახალი თაობისთვის მისაღებია და მათია. სიმღერა თემო ნიკოლაიშვილის სტუდიაში ჩაიწერა.

სხვათა შორის, უახლოეს მომავალში იქნება ჩემი ძალიან დიდი პროექტი და ეს სიმღერა იქაც აუცილებლად აჟღერდება. საღამოზე სულ 13 ნაწარმოები იქნება.

მარი: ბატონ რომას სიმღერებზე ვარ გაზრდილი. ვიღვიძებდი, ვიძინებდი, დაკავებული ვიყავი თუ თავისუფალი, ძალიან ხშირად ვუსმენდი „ნატვრის ხეს“.  სხვათა შორის, პატარაობაში ერთ-ერთ კონკურსზე, ბატონმა რომამ შემაფასა, უმაღლესი შეფასება მომცა და გრანპრი ავიღე იმ დღეს. სულ აღვნიშნავ, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ როდესაც გავიზრდებოდი, მე და ბატონი რომა დუეტს ჩავწერდით. ძალიან დიდი მადლობა მას, რომ არის შემდგარი ადამიანი, აბსოლუტურად ყველა თვისებით და ყველა გაგებით. უბრალოდ უნდა უხაროდეს საქართველოს, რომ ჩვენ ასეთი ადამიანი გვყავს.

როგორ მოხდა სიმღერის შერჩევა?

რომა: მე, საერთოდ, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა ჯერ ტექსტი მაქვს მზად, რადგან ტექსტში თვითონ არის რიტმიკაც, ჰარმონიაც, მელოდიაც. თვითონ ტექსტი გკარნახობს მელოდიას. მელოდიის გაკეთება უნიჭიერეს ქალბატონს, მაკა ბლიაძეს ვთხოვე. მან ზუსტად ათიანში გაარტყა. სიმღერას „მისი იდუმალება“ დაერქვა. ეს სიმღერა პირველად ქუთაისის „მესხიშვილის თეატრში“ აჟღერდა. მცირე დარბაზში იყო სპექტაკლი და ეს სიმღერა საღამოს ლაიტმოტივი იყო. იმის მერე მე ეს სიმღერა ჩავხსენი, რადგან მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ამა თუ იმ ნაწარმოებს თავისი დრო აქვს.

მთელი სიმღერა არის კითხვის ნიშანი, რატომ ხდება ეს ყველაფერი… მე და ჩემმა უმშვენიერესმა მარიამმა ეს ნამუშევარი ზუსტად ისეთ მომენტში ჩავწერეთ, რომ აქტუალური აღმოჩნდა. რომ ვუყურებ, იმდენად შერყეულია მთელი დედამიწა… მთლიანად მსოფლიო გაგიჟდა. მე საერთოდ ეს დაავადება მჭირს, კომუნისტების დროს გამოვიტანე მორის ფოცხიშვილის „ჭადრაკის დაფა“ და ერთი ამბავი ატყდა. 5 წლით აკრძალული იყო ანსამბლი „ნატვრის ხე“. ანალოგიურად შევარჩიე დრო და მგონი, დროულად ჩააფიქრებს მსმენელს ახალი სიმღერა.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა ახალი სიმღერის სატელევიზიო პრემიერას?

მარი: პრემიერა წარმატებით შედგა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან დადებითი შეფასება გამოხატა, ძალიან მოეწონათ ეს სიმღერა. რეალურად, ვინც არ უნდა შეაფასოს და რა დონეზეც არ უნდა შეფასდეს ის, ბატონ რომას სიმღერა შეუფასებელია. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და სტიმულია, რომ ეს ადამიანი მე მენდო და ჩემთან ურთიერთობა გადაწყვიტა, რადგან დუეტი ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება რაღაც გაერთიანებთ, ერთი გადაკვეთის წერტილი გაქვთ.

როგორი იყო სიმღერის ჩაწერის პროცესი?

რომა: ერთ ამოსუნთქვაში ჩავწერეთ.

მარი: მახსოვს, როდესაც სიმღერა ჩავწერეთ, მეორე დღეს მოვუსმინეთ ამ სიმღერას, რომ შეგვემოწმებინა, როგორ ისმინება. ბატონმა რომამ ასეთი რამ მითხრა – მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შენთან დუეტი ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო და მე არ შევცდიო და ეს ჩემთვის აღმასვლის ფეიერვერკი იყო. მახსოვს, ემოციებს ვერ ვმალავდი და ღამე არ მეძინა, რადგან ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მისი სიტყვა და მისი ასეთი შეფასება.

მარი მამისმედიშვილი & რომა რცხილაძე – მისი იდუმალება

გადაცემის აუდიოჩანაწერი

რომა რცხილაძე & მარი მამისმედიშვილი. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები