ბელგიის ქალაქი ლოუვენი 2030 წლისთვის ევროპის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდება. ამ სტატუსის ფარგლებში ქალაქში მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება რიგი კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ევროპული მნიშვნელობის მოვლენებად ჩაითვლება. ამის შესახებ Culture წერს.
ლოუვენი აპირებს, რომ კულტურა სოციალურ და ეკონომიკურ გარდაქმნათა მამოძრავებელ ძალად აქციოს. თემის – „ქალაქი მრავალი ჰორიზონტით“ – ფარგლებში აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდობაზე, მდგრად განვითარებაზე, კულტურათა დიალოგსა და თანამედროვე ურბანულ ცხოვრებაზე. ქალაქის მიზანია გახდეს კულტურული დედაქალაქი, რომელიც გახსნილია ევროპის და მთელი მსოფლიოსთვის, აერთიანებს ტრადიციასა და თანამედროვეობას, სამეცნიერო ინოვაციებსა და ხელოვნების ახალ პროექტებს – სახელმწიფოსთან პარტნიორობისა და მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გზით.
კულტურული დედაქალაქის სტატუსი ლოუვენს აძლევს საშუალებას მიიღოს მნიშვნელოვანი კულტურული, სოციალური და ეკონომიკური სარგებელი. ეს ტიტული ქალაქს ეხმარება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაში, რაც კულტურული დაწესებულებების განახლებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, პორტოში (პორტუგალია), რომელიც 2001 წელს იყო ევროპის კულტურული დედაქალაქი, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში აიგო ცნობილი „მუსიკის სახლი“.
სტატუსი ქალაქებს სხვა უპირატესობებსაც აძლევს – მათ შეუძლიათ გააუმჯობესონ ტურისტული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დამატებითი დაფინანსების ხარჯზე.
ევროპის კულტურული დედაქალაქის ტიტულის ყოველწლიური მინიჭების მიზანია ევროპული კულტურის სიმდიდრისა და მრავალფეროვნების პოპულარიზაცია, ევროპელებში საერთო კულტურული იდენტობის გაძლიერება და კონტინენტის კულტურული მრავალფეროვნების ზეიმი.
ბელგია მეხუთედ უმასპინძლებს ევროპის კულტურულ დედაქალაქს – ადრე ამ სტატუსით სარგებლობდნენ ანტვერპენი, ბრიუსელი, ბრიუგე და მონსი.