კუპე და კაბრიოლეტი Bentley Continental GT და Continental GTC პირველად დაამუშავა ტიუნინგ ატელიე Brabus-მა. პროგრამა მოიცავს ძრავის გაძლიერებას 900 ცხენის ძალამდე, კარბონის აეროდინამიკურ კიტს, ინტერიერის ტყავის მოპირკეთებას და Bentley-ის ემბლემების Brabus-ის ნიშნებით ჩანაცვლებას. სამუშაოების ღირებულება შეფასებულია დაახლოებით 200 ათას ევროდ.
სრულად ნახშირბოჭკოსგან დამზადებულ კონცეპტში შედის წინა სპლიტერი, უკანა დიფუზორი, საბარგულის სახურავზე დამონტაჟებული სპოილერი და გამონაბოლქვის მილის ოთხი დაბოლოება. ასევე დაყენებულია Brabus-ის ემბლემები Bentley-ის ჰერალდიკის ნაცვლად. ავტომობილები აღჭურვილია 22 დუიმიანი Monoblock ZM Platinum დისკებით.
გამოქვეყნებულ ფოტოებზე ორივე ავტომობილის ინტერიერი შავ ფერშია შესრულებული. ბუნებრივი ტყავი – პერფორირებული ან ნაკერებით დამუშავებული, ფაქტობრივად მთელ სალონს ფარავს. ბევრ ელემენტზე დატოვებულია მხოლოდ ასო B, რაც ორმაგ ინტერპრეტაციას ტოვებს – Bentley თუ Brabus.

ჰიბრიდული ძალოვანი დანადგარი, რომელიც დაფუძნებულია 4.0 ლიტრიან ბიტურბო V8 ძრავზე, გაძლიერდა 782 ცხენის ძალიდან 900 ცხენის ძალამდე. აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე გაუმჯობესდა და შეადგენს 2,9 წამს, მაშინ როცა სტანდარტული კუპე 3,2 წამში, ხოლო კაბრიოლეტი – 3,4 წამში აღწევს ამ მაჩვენებელს. მაქსიმალური სიჩქარე არ შეცვლილა და შეადგენს შესაბამისად 335 კმ/სთ-ს კუპესთვის და 285 კმ/სთ-ს კაბრიოლეტისთვის.
დამუშავება იდენტურია როგორც Continental GT კუპესთვის, ასევე Continental GTC კაბრიოლეტისთვის. ტიუნინგის შეკვეთა შესაძლებელია „გასაღების ჩაბარების“ პრინციპით – ამ შემთხვევაში Brabus თავად შეიძენს ავტომობილს გადაკეთებისთვის ან არსებული Bentley-ის მოდიფიკაციით. პირველი ვარიანტის საწყისი ფასი შეადგენს 489 ათას ევროს კუპესთვის და 539 ათას ევროს კაბრიოლეტისთვის.