ბერლინის შტეგლიცის რაიონში უზარმაზარი საცხოვრებელი კვარტალის მშენებლობა განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა – მიზეზი იშვიათი სახეობის ჭიანჭველების ბუდე გახდა. The Berliner-ის ინფორმაციით, საუბარი ე.წ. ტყის ჭიანჭველაზეა.
ეს სახეობა, რომელსაც ბეწვის არ ქონის გამო „შიშველ ჭიანჭველასაც“ უწოდებენ, გერმანიაში გადაშენების საფრთხის წინაშეა.
დეველოპერი სამშენებლო მოედნების გაწმენდას სექტემბერში გეგმავდა. ახალი კვარტლის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად – ელექტროენერგიის, ინტერნეტის, ტელეფონის, წყლისა და კანალიზაციის ხაზების გასაყვანად – ეს აუცილებელი იყო. თუმცა სამუშაოების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ტერიტორიაზე ჭიანჭველების ბუდე აღმოაჩინეს.
მწერების გადასახლების მოთხოვნა გარემოს დაცვის უწყებამ უარყო. აღმოჩნდა, რომ ბუდის გადატანისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდეა. თუ მათ მანამდე გადაასახლებენ, ზამთრისთვის მზადებას ვერ მოასწრებენ. სანამ ჭიანჭველები სამშენებლო ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მათთან 25 მეტრზე ახლოს მისვლა აკრძალულია. ბუდის გადატანას სპეციალური კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც ამას ხელით შეასრულებს.
ახლა მშენებლობის დაწყება მინიმუმ ერთი წლით გადაიწევს. საქმე იმაშია, რომ მარტიდან სექტემბრამდე ასევე აკრძალულია მშენებლობა, რადგან ეს ფრინველების ბუდობისა და შთამომავლობის გამოყვანის პერიოდია.