დღეს ავტომობილის გამოგონების ოფიციალურ თარიღად ითვლება 1886 წლის 29 იანვარი, როდესაც კარლ ბენცმა თავისი ცნობილი „მოტორვაგენის“ პატენტი დაარეგისტრირა. ბენცის მემკვიდრეობას დღეს Mercedes-Benz განასახიერებს და კომპანიამ სოციალურ ქსელებში არაერთი მილოცვა მიიღო – მათ შორის პირდაპირი კონკურენტებისგანაც. რა თქმა უნდა, ამ პროცესს იუმორის გარეშე არ ჩაუვლია.
BMW-ს მილოცვა
BMW-მ ასეთ დღესაც არ დაივიწყა თავისი ხუმრობები და მილოცვა ბავარიული ბრენდის მთავარ იმიჯურ ღირებულებას შეეხო.
„რამხელა იღბალია, რომ კარლ ბენცმა ავტომობილი გამოიგონა. ახლა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მართვისგან მიღებული სიამოვნება გამოვიგონოთ“, – ნათქვამია BMW-ს განცხადებაში, რომელიც კარლ ბენცის პორტრეტებთან ერთად ელექტრო კროსოვერის BMW iX3-ის ფოტოთია ილუსტრირებული.

Porsche-ს პოზიცია
Porsche-მ იუბილესთან დაკავშირებით უფრო პატივისცემით სავსე ტონი აირჩია და Mercedes-Benz-თან საერთო მემკვიდრეობა, ერთობლივი პროექტები, ავტოსპორტის ისტორია და საინჟინრო პარტნიორობა გაიხსენა.
„ჩვენ გვაერთიანებს ავტოსპორტის სიყვარული, გამარჯვების განცდა ყველაზე პრესტიჟულ რბოლებში. გვაერთიანებს წარუმატებლობებიც და მეგობრებიც. მაგრამ ყველაზე მთავარი – გვაერთიანებს ერთი რწმენა: ავტომობილები შექმნილია არა მხოლოდ სხეულის გადაადგილებისთვის, არამედ სულზე ზემოქმედებისთვის“, – ნათქვამია Porsche-ს გზავნილში, რომელიც Mercedes-Benz-ის სხვადასხვა მოდელის გამოსახულებებითაა გაფორმებული.

სხვა მილოცვები და Mercedes-Benz-ის პასუხი
Mercedes-Benz-ს იუბილე მიულოცეს ასევე – Audi-მ, Cadillac-მა, Volvo-მ და რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ, მათ შორისაა Geely, Xiaomi, Lixiang და Nio.
თავად Mercedes-Benz-მა იუბილესთან დაკავშირებით წარმოადგინა განახლებული ფლაგმანური S-კლასი. გარდა შეცვლილი დიზაინისა, მოდელმა მიიღო გაფართოებული ძრავების ხაზი ახალი V8 ძრავით, განახლებები სავალი ნაწილისა და მულტიმედიური ტექნოლოგიების მხრივ.