„ტესლას“ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლები აქვს. გასულ წელს კომპანიამ 936 172 ელექტროქარის რეალიზება შეძლო, რაც ბრენდის ისტორიაში ნამდვილად საგულისხმო ციფრია. 2022 წლის პირველ კვარტალში კი უკვე 310 048 „ტესლა“ გაიყიდა. მიუხედავად ამისა, BMW-ს გაყიდვების დანაყოფის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ამერიკელებმა უნიკალურობა დაკარგეს და კონკურენტთა მომრავლებასთან ერთად მათი გაყიდვებიც საგრძნობლად შემცირდება. თავად BMW ამ ყველაფერში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ბავარიელებს იმედი აქვთ, რომ ელექტროქარების სფეროში Audi-ს, Jaguar-ს, Lexus-სა და Mercedes-Benz-საც აჯობებენ. მიზნის მისაღწევად კონცერნი აქტიურად მუშაობს და უკვე გამოუშვა რამდენიმე ელემენტიანი მოდელიც. 2022 წლის ბოლომდე წარმოადგენს კომპაქტურ კროსოვერს iX1-ს, შემდეგ წელს კი სიას შეუერთდება Mini countryman EV და Rolls-Royce Spectre.
BMW-ში დარწმუნებული არიან, რომ ელექტრონულ მოდელებზე მოთხოვნა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ტრადიციულ აგრეგატზე უარის თქმასაც ჯერ-ჯერობით არ აპირებენ.