LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოდიში, მაგრამ მუშაობის გარეშე ქალაქის განვითარება შეუძლებელია

45
2 (2)

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში თბილისში გადაადგილების პრობლემა და საცობების მატება შეინიშნება, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის გამოწვეული.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დისკომფორტის გარეშე მსგავსი პროექტების განხორციელება შეუძლებელია, რადგან ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს.

„საკმაოდ აქტუალურია დედაქალაქში საცობების საკითხი და ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რა ხდება და რატომ არის ასეთი ვითარება, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში. პასუხი მარტივია – ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება, რომელსაც ბოლო ათწლეულებია არავინ შეხებია. ჩვენ ვიცოდით რას ვაკეთებდით, რამდენად მძიმე თემა იყო. მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო, ცენტრალურ ქუჩებში საცობებია და გადაადგილება გართულებულია. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიწყო, ორ მნიშვნელოვან გამზირზე – მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის. არაერთხელ ვთქვით, რომ სადაც შევდივართ სამუშაოებით, გვინდა, რომ ყველაფერი მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამას თან ახლავს დისკომფორტი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ამ გამზირებზე მცხოვრებ ხალხს, რადგან კარგად ვიცი, თუ რა პირობებში გაატარეს ზაფხული. აქ დღე და ღამე მიმდინარეობდა სამუშაოები. იყო ხმაური, მტვერი, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა მათ. ისინი ამ ყველაფერს გაგებით ეკიდებოდნენ, რადგან იციან, ეს კეთდება ჩვენი ქალაქის და ჩვენი შვილებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წერეთლის გამზირის განახლება დაიწყება.

„ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო და იმის ფუფუნება, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქუჩის და გამზირის რეაბილიტაცია განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კოლაფსიც არ უნდა მოხდეს, მაგრამ ამ პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც ამ გამზირებს დავასრულებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ვიწყებთ. მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი დაპირება, რაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა, შესრულდა და თბილისს სრულად განახლებული, ევროპული ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს, შემდეგ ეტაპზე კი მოქალაქეებმა ამ ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ უნდა შეძლონ.

„როდესაც სატრანსპორტო რეფორმასა და პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ვართ თანმიმდევრულები. პირველი გავაკეთეთ ის, რომ დაპირება შესრულდა – საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა და ახალი, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები გვყავს. ეს ეტაპი წარმატებით დასრულდა. როგორც ქალაქის მერს, მეამაყება, რომ დედაქალაქს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული ტრანსპორტი ჰყავს. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ ამ ტრანსპორტით მოქალაქეებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ, ასევე, მოცდის დრო შემცირდეს. ეს ყველაფერი გაკეთდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით. ქალაქში შესაბამისი საავტობუსო ზოლები თუ არ გაჩნდება, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება. ცხადია, ყველა ქუჩაზე ეს ვერ მოხერხდება, მაგრამ იმ კონკრეტულ გამზირებზე, სადაც კვლევები გვიჩვენებს, რომ აუცილებელი და შესაძლებელია, ყველგან გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ჩვენ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გარეშე, შეუძლებელია ქალაქის განვითარება. მესმის, რომ არის დისკომფორტი და სირთულეები. თუ ვინმე გვასწავლის, როგორ უნდა მოხდეს ქუჩების რეაბილიტაცია ისე, რომ გადათხრა არ მოგვიწიოს, რჩევებს მივიღებთ. ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ და როცა სამუშაოები დასრულდება, ჩვენი ქალაქი ყველანაირად მოწესრიგებული იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.