საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გამთენიისას თბილისში ჩამოვიდა. “ბორჯღალოსნებს” აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
“ბორჯღალოსნებმა” გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადეს და სამახსოვროდ ავტოგრაფებიანი ბურთებიც აჩუქეს.
თავად ქართველი მორაგბეები მსოფლიო თასზე გამოსვლას დადებითად აფასებენ.
“ბორჯღალოსნებს” აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც დახვდნენ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ორი გამარჯვება მოიპოვა.
ჯერ ტონგას მოვუგეთ 17:10, შემდეგ დავთმეთ შეხვედრა არგენტინასთან 9:54, რასაც ახალ ზელანდიასთან 10:43 წაგება მოყვა და ბოლოს, ნამიბიას ვაჯობეთ 17:16.
საქართველოს ნაკრები სამშობლოში არასრული შემადგენლობით ჩამოვიდა, რადგან რამდენიმე მორაგბე – მამუკა გორგოძე, დავით ზირაქიშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან დათუნაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, ლაშა მალაღურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი და კოტე მიქაუტაძე – ბრიტანეთიდან პირდაპირ საფრანგეთში გაფრინდა, სადაც კლუბებს შეუერთდებიან.
მოიპოვებს თუ არა საქართველო მომდევნო მსოფლიო თასის საგზურს დღეს გაირკვევა. ამ საღამოს (თბილისის დროით 23:00 სთ) ახალი ზელანდია ტონგას ხვდება და თუ მოუგო, ჩვენები ჯგუფში მესამე ადგილზე დარჩებიან, რაც 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურს ავტომატურად მოგვიტანს.