ულამაზესი არხებისა და შუასაუკუნეების ხიდების წყალობით დასავლეთ ფლანდრიის მთავარ ქალაქს ხშირად “ჩრდილოეთის ვენეციასაც” უწოდებენ. გთავაზობთ ბელგიის პატარა, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ქალაქის – ბრიუგეს ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობებს.
შოკოლადის მუზეუმი Choco-story – ლეგენდის თანახმად, სწორედ ბელგიაში გადაწყვიტა უცნობმა აფთიაქარმა ხველის ახალი მიქსტურის გამოგონება, თუმცა საბოლოოდ შოკოლადი მიიღო. ქვეყნის ნაციონალური სიამაყის – შოკოლადის მუზეუმი XVII საუკუნის ციხე-სიმაგრეში Castle of Harzé-შია მოთავსებული და დამთვარიელებელს უგემრიელესი ტკბილეულის ისტორიაზე, სარგებელსა და რეცეპტებზე მოუთხრობს. სხვათაშორის, მუზეუმს საკუთარი სადეგუსტაციო დარბაზი და სუვენირების მაღაზიაც აქვს.
ბელფორტის საგუშაგო კოშკი – XII საუკუნეში აგებული კოშკის სამრეკლო, რომლის სიმაღლე 83 მეტრს შეადგენს და 366 საფეხურს ითვლის, რამდენიმე საუკუნეა მთელი მეტრით მარცხნივაა დახრილი. სხვათაშორის, სწორედ ბელფორტის სამრეკლოდან ხტება ფილმის “ბრიუგეში” (In Bruges) ერთ-ერთი პერსონაჟი ქალაქის მთავარ მოედანზე.
ხიდები და არხები – იტალიური ვენეციის მსგავსად, ბელგიის ულამაზესი ქალაქიც მდიდარია არხებით და ხიდებით. ბრიუგეში 50-ზე მეტი ხიდია, რომელთა უმრავლესობა თავისუფლად იხსნება.
ღვთისმშობლის ტაძარი – XII—XIII საუკუნეებში აგებული გოთიკურ ტაძარი შუასაუკუნეების რაინდთა 30-ზე მეტ ღერბს ინახავს, მის მთავარ ღირსშესანიშნაობას კი, მიქელანჯელოს მიერ შექმნილი სკულპტურა “ღვთისმშობელი ჩვილით” წარმოადგენს. ტაძარში არიან დაკრძალული ბურგნდიის ჰერცოგი კარლ “მამაცი” და მისი ქალიშვილი მარია ბურგუნდიელი.
ბაზრობის მოედანი – შუასაუკუნეების ბრიუგეს მთავარი მოედანი განსაკუთრებით დეკემბრის დასაწყისში ცოცხლება, როცა უზარმაზარი წინასაშობაო ბაზრობა და საციგურაო მოედანი ეწყობა.