ბრიუსელში გაიხსნა უნიკალური ზოოპარკი, სადაც ცხოველებს გალიებში არ უწევთ ყოფნა და ვიზიტორებს მათი ნახვა ბუნებრივ გარემოში შეუძლიათ. სინამდვილეში, იქ არც ერთი პინგვინი, ჟირაფი ან ორანგუტანგი არ ცხოვრობს: ზოოპარკის ყველა „ბინადარი“ მხოლოდ ციფრულ ფორმატში არსებობს. სიახლის შესახებ Brussels Times წერს.
სტუმრებს ურიგებენ ვირტუალური რეალობის სპეციალურ ჩაფხუტებს, რომელთა მეშვეობითაც დეტალურად აღდგენილ ლანდშაფტებში მოგზაურობაა შესაძლებელი, ასევე მათ შეუძლიათ მოუსმინონ გიდს და გაიგონ მეტი ცხოველთა ინტელექტის, მათი ბუნებრივი გარემოსა და ქცევის შესახებ.
პროექტი „ზოოპარკი მომავლიდან“, რომელიც ბრიუსელის ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია GAIA-მ წამოიწყო, მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ტრადიციული ზოოპარკებისადმი და იმ პირობებისკენ, რომლებშიც ცხოველები ცხოვრობენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკები ყველაფერს აკეთებენ ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, ეს არასოდეს არის საკმარისი,“ – ნათქვამია ორგანიზაციის პრესრელიზში. – „ველური ცხოველების ტყვეობაში ყოფნა ძირითადად გასართობ მიზნებს ემსახურება და არა სახეობების დაცვას ან საგანმანათლებლო საქმიანობას.“