LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti Chiron-ის ლეგენდარული W16 ძრავი ხელოვნების ნიმუშად გადააქციეს და ყიდიან

105
1428x1428 (5)

ბრიტანულ ონლაინ პლატფორმა PistonHeads-ზე გასაყიდად გამოჩნდა ავტომოყვარულებისთვის მართლაც უნიკალური ექსპონატი – Bugatti Chiron-ის W16 ძრავი და გადაცემათა კოლოფი, რომლებიც სპეციალურ სტენდზეა დამონტაჟებული.

ეს ჩვეულებრივი ტექნიკური აგრეგატი არ არის. საუბარია მსოფლიოში არსებული მხოლოდ 12 ოფიციალურ საგამოფენო ნიმუშიდან ერთ-ერთზე, რომლებიც Bugatti-მ ავტოშოუებისა და სადილერო ცენტრებისათვის დაამზადა. ლოტი წარმოდგენილია როგორც ხელოვნების ნიმუში, რომელიც კერძო კოლექციებისთვის ან საავტომობილო მუზეუმებისთვის არის განკუთვნილი.

ამჟამინდელმა მფლობელმა ექსპონატი უშუალოდ მწარმოებლისგან შეიძინა. 8.0 ლიტრიანი, ოთხტურბინიანი W16 ძრავი, რომელიც გადაცემათა კოლოფთან ერთად დაახლოებით 560 კილოგრამს იწონის, სრულად არის აღჭურვილი ორიგინალი სენსორებით, ელექტრონული მართვის ბლოკებით, მილსადენებითა და სხვა ქარხნული კომპონენტებით.

ძრავი სპეციალურ მოძრავ პლატფორმაზეა განთავსებული. სტენდს ინტეგრირებული განათება და უნივერსალური კვების ადაპტერები აქვს, რაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ელექტროქსელთან დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა. კომპლექტაციაში ასევე შედის ორიგინალი სატრანსპორტო კონტეინერი და შესაბამისი დოკუმენტაცია.

გამყიდველი ექსპონატის ფასს საჯაროდ არ ასახელებს და მას მხოლოდ დაინტერესებულ მყიდველებს აცნობს. თუმცა შედარებისთვის ცნობილია, რომ ახალი W16 ძრავის შეცვლა Bugatti Chiron-ში 850 ათას დოლარზე მეტი ღირს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სრული კომპლექტაციისა, საგამოფენო ძრავისა და ტრანსმისიის ავტომობილში დაყენება შეუძლებელია. ამის მიზეზი განცხადებაში არ არის განმარტებული, თუმცა სავარაუდოდ ექსპონატი მხოლოდ სადემონსტრაციო მიზნებისთვის შეიქმნა და არა რეალურ ექსპლუატაციაში გამოსაყენებლად.

W16 ძრავი საავტომობილო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საინჟინრო ქმნილებად მიიჩნევა. სწორედ ამ აგრეგატმა აქცია Bugatti Chiron პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ტექნოლოგიურად შთამბეჭდავ ავტომობილად, რის გამოც მისი საგამოფენო ვერსიაც კოლექციონერებისთვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები