ადამიანის ფიზიკურ შეხებას – განსაკუთრებით ჩახუტებას, მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა აქვს როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ The Independent წერს.
მეცნიერების მიხედვით, შეხება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა. ჩახუტების დროს აქტიურდება კანის სპეციალური ნერვული რეცეპტორები, რომლებიც ტვინს „დამამშვიდებელ სიგნალს“ უგზავნის და ააქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას. შედეგად გამოიყოფა ოქსიტოცინი – „კავშირის ჰორმონი“, ასევე ენდორფინები, რომლებიც კეთილდღეობის შეგრძნებას იწვევს.
ექსპერტების თქმით, შეხებას პირდაპირი გავლენა აქვს ტვინის იმ ნაწილებზე, რომლებიც პასუხისმგებელია ემოციებსა და უსაფრთხოების განცდაზე. ამიტომ ჩახუტება შეიძლება თითქმის მყისიერად ამშვიდებდეს ადამიანს.
კვლევები აჩვენებს, რომ ჩახუტებას კონკრეტული ფიზიოლოგიური სარგებელიც აქვს:
დაახლოებით 10 წამიანი ჩახუტება აუმჯობესებს ყურადღებას, ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში და ამცირებს დეპრესიის რისკს;
უფრო ხანგრძლივი ჩახუტება კი ამცირებს სტრესის დონეს და არტერიულ წნევას, რაც გულისთვისაც სასარგებლოა.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ჩახუტება ამცირებს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის დონეს. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილე ადამიანებს, რომლებიც სტრესამდე ჩახუტებას ასწრებდნენ, კორტიზოლის დონე მნიშვნელოვნად ნაკლებად ჰქონდათ.
გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულებები, რომ ფიზიკური შეხება იმუნურ სისტემაზეც მოქმედებს. ერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად ეხუტებიან ერთმანეთს, ნაკლებად ინფიცირდებიან გაციებით და ავადმყოფობასაც უფრო მსუბუქად იტანენ.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ შეხების მნიშვნელობა ბავშვობიდან იწყება – კანის კონტაქტი ახალშობილებში არეგულირებს გულისცემას, სუნთქვასა და ტემპერატურას, ხოლო ზრდასრულ ასაკში ჩახუტება რჩება ნდობისა და ემოციური მხარდაჭერის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და ეფექტურ ფორმად.

ამასთან, კვლევები მიუთითებს, რომ დადებითი ეფექტი შესაძლებელია მაშინაც კი, როცა შეხება ახლო ადამიანთან არ არის – ნაზი და მშვიდი შეხება უცხოსგანაც კი ამცირებს სოციალური იზოლაციის განცდას.
ექსპერტების დასკვნით, ჩახუტება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი გზაა სტრესის შესამცირებლად, ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.