LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის აბსოლუტურად უცნობმა ადამიანმა მომძებნა და მთხოვა, რომ მისთვის რაღაც შემექმნა… მარტო ამ სიმღერად ღირდა ეს წელი“ – ეკა გოგოლაძე და დავით ბენდელიანი სტუმრად „არ დაიდარდოში“

280
ეკა-გოგოლაძე-და-დავით-ბენდელიანი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ეკა გოგოლაძე და დავით ბენდელიანი სტუმრობდნენ, რომლებმაც მსმენელს ერთობლივი ნამუშევარი – „სიყვარულის ღმერთო“ წარუდგინეს.

ეკა, რატომ იყო შენს შემოქმედებაში, კარიერაში რამდენიმეწლიანი პაუზა?

ეკა: მე არ ვჩერდები, უბრალოდ, რაღაც ჩრდილში დავდექი, თუმცა როგორც ვხვდები, ჩემი ჩრდილში დგომა არ შეიძლება.

დათომ, ჩემთვის აბსოლუტურად უცნობმა ადამიანმა, მუსიკოსმა მომძებნა და ზუსტად ამ ჩემი შემოქმედების გამო, მთხოვა, რომ მისთვის რაღაც შემექმნა და მასთან ერთად გავაკეთე სიმღერა.

დათო, მოგვიყევით თქვენს ახალ ნამუშევარზე „სიყვარულის ღმერთო“, როგორ დაიწყო თქვენი და ეკას თანამშრომლობა, რომელმა სიმღერამ გაგიჩინა მასთან კოლაბორაციის სურვილი?

დათო: ეკა ინტერნეტის მეშვეობით მოვიძიე.

რაც შეეხება სიმღერებს, თუნდაც „მაჭრობის თვე“, „ასე რატომ შემიყვარე“. მგონი, ეს ორი სიმღერა საკმარისია იმისთვის, რომ კომპოზიტორზე შეგექმნას წარმოდგენა, თუ რა შესაძლებლობები აქვს და როგორი მუსიკის შექმნა შეუძლია. შესაბამისად, შევეხმიანეთ ქალბატონ ეკას.

ალბათ, გააგრძელებთ ხომ თანამშრომლობას?

დათო: რა თქმა უნდა.

ეკა: კი, აუცილებლად.

დათო: ჩემთვის ეკას შემოქმედებაში ყველაზე მომნუსხველი არის ის, რომ სხვა სტილისაა, სხვანაირი გადასვლა აქვს სიმღერას, სხვანაირად ვითარდება. ეკა სხვანაირად წერს სიმღერის ტექსტებს, სულ რომ არ იმღერო და ლექსად წაიკითხო, უკვე აღძრავს ემოციებს. არანჟირება კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო ხატავს და ალამაზებს. ჩვენი სიმღერის არანჟირება შოთიკო ბანძელაძემ გააკეთა.

როგორია სამომავლო გეგმები?

ეკა: ახლა, ტრიო „სამანი“ აკეთებს ჩემს სიმღერას ახალ წელზე. შესანიშნავად მიდის მუშაობის პროცესი, რაც მოვისმინე ძალიან კმაყოფილი ვარ და ხალისი მომეცა, რომ გავაგრძელო მუშაობა, არ გავჩერდე და კიდევ და კიდევ წამოვიდეს ახალი სამუშაო პროცესი, ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად. ძალიან მალე, „რუსთაველის თეატრში“ გაჟღერდება „მაჭრობის თვე“ „ტრიო ალილოს“ შესრულებით.

როდის დაიწერა „მაჭრობის თვე“?

ეკა: ეს სიმღერა 12-13 წლის წინ დავწერე და პირველად ტრიომ „აკორდი“ შეასრულა. მანამდე, მარიკო კვალიაშვილმა მოისმინა და მითხრა, ეკა, შესანიშნავი არის და შენ თვითონ დადექი სცენაზე და იმღერე, მე ამაში დაგეხმარებიო. მაშინ ვუთხარი, ქალბატონო მარიკო, მე სცენისთვის არ ვივარგებ, საკუთარი ტექსტები, რომლებსაც ვწერ, შეიძლება, დამავიწყდეს-მეთქი.

სად ხვდებით ახალ წელს, რაიმე ტრადიცია თუ გაქვთ?

ეკა: ახალი წელი ძალიან მიყვარს. ძალიან კარგი ფეხი მაქვს და ხშირად, მეკვლე ვარ ხოლმე. ისეთი სურვილები უსრულდებათ ხოლმე, წარმოუდგენელი. საუკეთესო მეკვლე ვარ. ერთად ვიკრიბებით ხოლმე ოჯახი. აუცილებლად ვიფიქრებ სურვილს, სანთლით ხელში. ვლოცულობ და მადლობას ვუხდი ღმერთს ყველაფრისთვის.

დათო: ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ახალ წელს ბოლოს როდის შევხვდი სახლში, არ მახსოვს. „ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში“ ვმოღვაწეობ და ჩვენ, 12 საათზე, ქუთაისის მთავარი მოედნიდან, სცენიდან „მრავალჟამიერით“ მივულოცავთ მთელს საქართველოს ახალი წლის შემობრძანებას.

როგორ შეაჯამებდით 2025 წელს?

ეკა: რადგან შემოქმედებით ასპარეზზე რაღაცები ისევ დაიძრა და წინ მიდის და მარტო ოცნება, სურვილი არ არის ეს ყველაფერი, ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი წელი იყო და უფრო კარგ წელსაც ველოდები მომავალში, რადგან ეს ყველაფერი თავისით მოვიდა და ალბათ, ამას ვერ შეაჩერებ.

დათო: რამდენი ხანია ვმღერი და სულ მინდოდა, რომ ყოფილიყო სიმღერა, რომელსაც პირველად მე შევასრულებდი და ზუსტად ამ წელს მოხდა ეს. კიდევ მზადდება ერთი ახალი სიმღერა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამ სიმღერად ღირდა ეს წელი.

დავით ბენდელიანი – სიყვარულის ღმერთო

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ეკა გოგოლაძე & დავით ბენდელიანი – მაჭრობის თვე. Live

ეკა გოგოლაძე & დავით ბენდელიანი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები