LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურაში საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს საპატრიარქო არ ეთანხმება

311

ჭიათურაში საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია შეფერხებულია. ფრანგული კომპანიის მიერ წარმოდგენილ ექსკლუზიურ ნახაზს, რომელიც საბაგირო გზების მიმართულებას განსაზღვრავს, საპატრიარქო არ ეთანხმება.

როგორც ”ფორტუნას“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ განუცხადა, საპატრიარქო იმ მიმართულებას ეწინააღმდგებოდა, რომელსაც ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ეკლესიის საკურთხეველთან უნდა გაევლო.

”სადგურის განთავსებაზე საპატრიარქომ უარი გვითხრა, ამიტომ პროექტის კორექტირება გახდა საჭირო, რამაც სამუშაოები შეაფერხა. სამ მშენებარე საბაგირო გზას კიდევ მეოთხე მიმართულება უნდა დამატებოდა, ოთხივე საბაგიროს კი ერთი სასტარტო სადგური ჰქონოდა.” – განმარტა თურმანიძემ.

მისივე თქმით, სადავოა საბაგიროს მეოთხე მიმართულება, რომელსაც ბუხაძის ქუჩის მიმართულებით უნდა ემოძრავა. ფრანგულ მხარესთან დანარჩენი სამი მიმართულების საბაგიროს მშნებლობა უკვე შეთანხმებულია და მისი რეკონსტრუქცია 2016 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ჭიათურაში ამ დროისთვის თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებას ელოდებიან და ძველი საბაგიროების დემონტაჟის დაწყებას გეგმავენ. სამშენებლო სამუშაოები  კი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ვარაუდობს, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოქალაქეებისთვის მგზავრობის საფასური – 20 თეთრი იგივე დარჩება. გაზრდის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი სუბსიდირების მექანიზმის გამოყენებას აპირებს.

”ჭიათურაში დღეისათვის 15 მოქმედი საბაგირო გზაა. აქედან ოთხი, რომლის მოდერნიზებაც იგეგმება, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. დანარჩენი 11 კი კომპანია ”ჯორჯიან მარგანეცს” ეკუთვნის. ამ კომპანიის საბაგირო გზებით სარგებლობა უფასოა. მუნიციპალური კი 20 თეთრი ღირს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ღირებულება დარჩეს იგივე. თუ დამატება დასჭირდება მუნიციპალიტეტი მზად არის სუბსიდირება გააკეთოს” – აღნიშნა მახათაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჭიათურაში საბაგირო გზების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მშენებლობას საფრანგეთის მთავრობა 13 მლნ ევროთი დააფინანსებს. პროექტის მიხედვით, სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მიმართულებაზე ჩატარდება, რომლის ჯამური სიგრძე 2480 მეტრია. ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს. საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლუატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. ბაგირ-გზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები