ევროპა ლიგაზე ორმა ქართულმა გუნდმა კარგი შედეგი აჩვენა. „ჩიხურას“ მოგებაც შეეძლო და გულის სიღრმეში დასანანია, რომ ფრეს გამორჩა, თუმცა ვაღიაროთ, რომ თამაში თანაბარი იყო და ფრე უფრო სამართლიანი შედეგია, მით უმეტეს, რომ მეორე ტაიმში შოტლანდიელები უკეთ გამოიყურებოდნენ. „აბერდინი“ ისევ ფავორიტია და აქედანვე ჩანს, რომ ჩვენებს ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ „ჩიხურა“ მებრძოლი და გულიანად მოთამაშე გუნდია და იმედია ერთ დროს ალექს ფერგიუსონის გუნდს პრობლემებს შეუქმნის. აქ მთავარი ერთი რამაა – ფიზიკური მომზადება, რომ მატჩის ბოლომდე შეგვრჩეს ბრძოლის უნარი.
თბილისი. “დინამო არენა”
ჩიხურა – აბერდინი 1:1
გოლები: 0:1 კორიფაძე (41, პენ), 1:1 კოსგროუვი (68, პენ)
ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი (ჩიხლაძე 74), კორიფაძე, კაშია, მაისაშვილი, მამასახლისი, ლექვთაძე (ფანცულაია 76), ერგემლიძე, დეკანოიძე, ჩიკვაიძე, სარდალიშვილი
აბერდინი: ლუისი, ლოგანი, კონსაიდინი, მაქქენა, მაქგინი, ჰეიჯსი, ტეილორი (ბრაისონი 18), კოსგროუი, ფერგიუსონი, გალაჰერი (უილსონი 82), ოიო
სოსო ფრუიძე:
“ერთადერთი, რითაც ამ გუნდთან წარმატების მიღწევა შეგვეძლო, იყო ბურთის კონტროლი, შეტევების მიმართულებების ცვლა, მცველებს უკან პასები და გამართლების შემთხვევაში, შეიძლებოდა უკეთესი შედეგი მიგვეღო.
სამწუხარო ის გახლავთ, რომ ასეთ გუნდებთან ფიზიკაში ვაგებთ. დიდი ძალა წაიღო ჯანიან მცველებთან და თავდამსხმელებთან ბრძოლებმა.
პენალტებს რაც შეეხება, მსაჯს შეეძლო დაენიშნა, შეეძლო – არა. თუმცა მე ვფიქრობ, ერგემლიძის მომენტში ყველაზე მეტად უნდა დაენიშნა თერთმეტმეტრიანი”, – თქვა სოსო ფრუიძემ.
დერეკ მაკინესი („აბერდინის” მთავარი მწვრთნელი):
“არ იყო საუკეთესო თამაში, არც საუკეთესო შედეგი. თუმცა, გარემოებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგი მაინც დადებითია.
ჩვენს კარში პენალტი არ უნდა დაენიშნათ, შეხება არ ყოფილა. ჩვენ სასარგებლოდ დანიშნული პენალტი კი სრულად სამართლიანი გახლდათ, რადგან იქ ხელით თამაში იყო. დაპირისპირების მხოლოდ ერთი ნაწილი დასრულდა და შეიძლება უპირატესობა მივიღეთ, თუმცა ყველაფერი აბერდინში გადაწყდება.
მე არ მსმენია, რომ ვინმეს “ჩიხურასთვის” სოფლის გუნდი ეწოდებინოს. თუ ასე თქვა ვინმემ, ეს არასწორია და ასე არ ვთვლით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია. შევისწავლეთ გუნდი, ასეთი განწყობა გვქონდა თამაშის წინ და ახლაც იმავეს ვფიქრობთ. “აბერდინი” “ჩიხურას” პატივს სცემს”.
თბილისის „დინამო“ კი ცალი ფეხით მომდევნო ეტაპზეა. რაც ბოლო დროს აზერბაიჯანულ გუნდებთან ვთამაშობთ, სულ ვაგებთ და როგორც იქნა ეს ნავსი ტყდება. „დინამომ“ გასვლაზე კომფორტულად და ულაპარაკოდ მოიგო და რა უნდა მოხდეს, რომ როტერდამში წასვლა არ მოუხდეს „ფეიენოორდთან“ სათამაშოდ.
გაბალა. “საჰარი”
გაბალა – დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 კუტალია (41), 0:2 დაფე (87)
დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, იაშვილი, პაპავა, ნინუა, ქავთარაძე (დაფე 74), შენგელია (კარიკარი 86), კუხიანიძე (ქარდავა 65), კუტალია
ფელის ვისენტე („დინამოს” მთავარი მწვრთნელი):
“საუკეთესო ფეხბურთელს ვერ გამოვარჩევ. მთელი გუნდი, ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი სიძლიერე – გუნდური თამაში.
კარგი მატჩი იყო, შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა თბილისში არანაკლებ რთული შეხვედრა გვექნება. ეს ევროტურნირებია და ბოლომდე თამაშს ვაპირებთ. დღევანდელი შედეგი არ არის ის, რითაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია.
საპასუხო მატჩი 1 აგვისტოს “დინამო არენაზე” გაიმართება.