LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში გახდომის მსურველებს თითოეული დაკლებული კილოგრამის სანაცვლოდ ხორცს სთავაზობენ

133
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ჩინეთის ერთ-ერთ რაიონში უჩვეულო აქცია დაიწყო – ადგილობრივ მოსახლეობას დაკლებული კილოგრამების სანაცვლოდ ხორცს ურიგებენ. ამის შესახებ  South China Morning Post წერს.

აქციის პირობების მიხედვით, რომელიც  ლიანსის რაიონში ტარდება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ნახევარი კილოგრამი საქონლის პროდუქტი ყოველი დაკლებული ნახევარი კილოგრამის სანაცვლოდ. მონაწილეებს სთავაზობენ საქონლის ენას, კუჭს ან კუდს, ხოლო ყველაზე აქტიურები უფრო ძვირად ღირებულ ნაჭრებსაც მიიღებენ. პროგრამის დაწყებიდან, რომელიც 9 მარტს გამოცხადდა, პირველივე სამ დღეში განაცხადი 2400-ზე მეტმა ადამიანმა შეიტანა.

აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც იხდიან სადაზღვევო შენატანებს ან ფლობენ სამედიცინო დაზღვევის პოლისს ამ რაიონში. მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ კრიტერიუმებს: სხეულის მასის ინდექსი უნდა აღემატებოდეს 23-ს, ხოლო წელის გარშემოწერილობა უნდა იყოს 80 სმ-ზე მეტი ქალებისთვის და 90 სმ-ზე მეტი მამაკაცებისთვის. პირველი გაზომვა 27 მარტამდე ჩატარდება. განმეორებითი აწონვა და „ჯილდოს“ მიღება კი 2027 წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი.

ინიციატივამ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია – ჩინეთის სხვა რეგიონების მომხმარებლები წერენ, რომ სიამოვნებით გადავიდოდნენ ამ რაიონში მხოლოდ ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიმართონ ექსტრემალურ დიეტებს და ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას. ორგანიზატორების თქმით, აქციის მთავარი მიზანი ადამიანების მოტივაციაა – იცხოვრონ უფრო აქტიურად და იკვებონ სწორად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები