LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას – ივანე ქებაძე შსს-ს კანონპროექტის განხილვის შესახებ

24

21 იანვარს საქართველოს პარლამენტმა შსს-ს კანონპროექტის პირველი განხილვის ფარგლებში ოპონირების საშუალება არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ქართული საავტომობილო კლუბების წევრებს მისცა.

კანონპროექტის განხილვას ესწრებოდა JDM Club Georgia-ს ვიცე პრეზიდენტი ივანე ქებაძეც, რომელმაც შეთავაზებულ იდეებზე, განხილვებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ექსკლუზიურად ”ავტორადიო”-სთან ისაუბრა.

 

კმაყოფილი ხარ თუ არა პირველი განხილვის შედეგებით და რა შთაბეჭდილება დაგრჩა მიმდინარეობისას?

ჯერჯერობით განხილვამ შედეგი გამოიღო თუ არა ვერ გეტყვით, რადგან უამრავი ხარვეზის მიუხედავად, რაც ამ კანონპროექტში ვიპოვნეთ, მაინც უპრობლემოდ გაიარა კომიტეტი. ჩვენ შეგვპირდნენ, რომ გაითვალისწინებდნენ ჩვენს აზრს, შეცვლიდნენ კანონპროექტში რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს და გაივლიდნენ კონსულტაციებს, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ არავინ გამოსულა კონტაქტზე.

 

იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი ამოქმედდება, ხომ არ ხედავთ იმის საფრთხეს რომ ქვეყანაში დარჩენილ მარჯვენასაჭიან ავტომობილებსაც შეექმნებათ გარკვეული პრობლემები?

მოქალაქის საკუთრების უფლებიდან გამომდინარე, ვერანაირად ვერ უნდა შეუქმნან პრობლემა საქართველოში უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს, მაგრამ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება და უნდა ჰქონდეს იმის შანსიც, რომ აირჩიოს ის ავტომობილი, რომელიც მას სურს. შსს-ს მიერ წარდგენილი კანონპროექტი კი მოქალაქეებს ამ უფლებას ართმევს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რეგისტრირებულ მარჯვენასაჭიანი ავტომობილებს არ გაყიდვის და არც გადაფორმების, ან ჩამოწერისა და ხელახალი რეგისტრაციის დროს, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.

 

კანონპროექტის ოპონირების პირობებში, თუ მოხდა რაიმე კონკრეტული იდეის ან პროგრამის შეთავაზება?

რა თქმა უნდა შეთავაზებებისა და ჩვენი იდეების გაცნობა განხილვის პირობებში მოხდა. მაგალითისთვის: 100 ქულიანი სისტემით მართვის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში მართვის მოწმობის გამოცდაზე პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება და არა თეორიულის. აგრეთვე მართვის მოწმობის გამოცდების გართულება და სავალდებულო ტექდათვალიერება. რაც შეეხება უშუალოდ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქცენტირებულ შეთავაზებას, ჩვენ ჩვენის მხრივ მარცხენასაჭიანი ავტომობილების პოპულარიზაციისა და წახალისების მიზნით, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე გადასახადის გაზრდაზე ვისაუბრეთ, მაგრამ კვლავაც წინააღმდეგნი ვრჩებით მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის.

 

როდის არის დაგეგმილი რიგით მეორე განხილვა და იქნებით თუ არა ჩართული კანონპროექტის შემდგომ განხილვებშიც?

განხილვის მეორე ნაწილი 27იანვარს იყო ჩანიშნული, მაგრამ დროებით გადაიდო. რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას, კანონპროექტის ოპონირება აუცილებლად გაგრძელდება, როგორც სამოქალაქო, აგრეთვე საკანონმდებლო რეჟიმში.

 

JDM Club Georgia-ს სახელით თუ იგეგმება რაიმე შემეცნებითი, ან საპროტესტო გამოსვლები?

ამ ეტაპზე ველოდებით მთავრობის რეაგირებას ჩვენს შეთავაზებაზე კონსულტაციებთან დაკავშირებით. თუ არ იქნება ჩვენი აზრი გათვალისწინებული, ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები