LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი გამოუსწორებელი საქართველო (ვიდეო)

21

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი წააგო ტალინში ესტონეთთან – 0:3. ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის და რამდენიმე იმედიანი თამაშის შემდეგ კიდევ ერთხელ დაიწყო გულზე ხელის ბრაგუნი, რას ქვია შესარჩევის დაძლევა არ შეგვიძლია და ფეხბურთელები არ გვყავსო. საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ძველი საქართველო არსად გამქრალა, წარსულს არ ჩაბარებია. საქართველო არის ხასიათის გუნდი, ეთამაშება გრანდებს ღირსეულად და კონცენტრაცია უჭირს შედარებით ნაკლებმნიშვნელოვან შეხვედრებზე. ასეთ დროს ნაკრების ძირითადის წევრები ბავშვურ შეცდომებს უშვებენ. გოლის გაშვების შემდეგ ჩვენი გუნდისთვის თამაში სრულდება და ფეხბურთელებმა აღარ იციან რა აკეთონ. საქართველო მარტივ სათამაშო ეპიზოდებშიც კი იხლართება და ზოგჯერ ელემენტარულ ორ-სამ პასს ვერ აბამს ერთმანეთს. ბუნებრივია ასეთ დროს გაწყვეტილია კავშირი რგოლებს შორის, გუნდს ვერ ლიდერობს ვერავინ, შეცვლაზე შემოსასვლელიც ბევრი არავინაა, არ ვიცით თამაშის მიმდინარეობისას გადაწყობა მეტოქის სტილის მიხედვით, ერთხელ მოშლილი მართლა მოშლილია და ერთადერთი შვება მატჩის მალე დასრულებაა.

ესტონეთი ცუდი გუნდი რომ არ არის მისი შედეგებიდანაც ჩანს. განვლილ შესარჩევში, შინ, მხოლოდ ინგლისთან და შვეიცარიასთან წააგო, ისიც მხოლოდ 0:1, სლოვენიას და სხვებს კი მოუგო – თუმცა გატანა თავადაც უჭირს და ერთ გოლზე მეტს არც უშვებს და არც (ვერც) იტანს. საქართველოს კი აგერ ერთბაშად სამჯერ გაუტანა.

რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ძირითადის ფეხბურთელები გვაკლდა, ჯერ ერთი ნაკრებში გამოძახებულმა ნებისმიერმა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს ზუსტი პასი და სწორ ადგილზე დგომა, ნაკრების ფეხბურთელი ხომ მთელი წელი რომელიმე გუნდში ვარჯიშობს მაინც და რა გახდა ფლანგიდან ისე ჩაწოდება, ბურთი საპირისპირო მხარეს რომ არ გადავარდეს სადღაც მოუსავლეთში. იმას ვამბობდით, რომ გოლების გაშვება ძირითადის ფეხბურთელების შეცდომებს მოყვა. პირველ გოლზე ამისულაშვილი და კანკავა გაბითურდნენ (კაშიასაც მართებდა უკეთ მოგერიება), მეორე გოლზე კაშიას და ამისულაშვილს ისევ შეეძლოთ გადარჩენა. თუმცა მეორე გოლს თუ კიდევ ნახავთ, დააკვირდით სად დგას ჩვენი მარჯვენა მცველი კაკაბაძე – სანამ ესტონელი ფეხბურთელი საგოლე პასს გააკეთებდა, კაკაბაძე იმის ნაცვლად ფეხზე დაჯდომოდა, სასეირნო დისტანცია დაუტოვა. მესამე გოლზეც კაკაბაძე ჩავარდა. მოკლედ, სათქმელი ერთია – ესტონეთთან 0:3-ს არ უნდა აგებდე, გუნდი ყოველთვის გუნდი უნდა იყოს, გერმანიას ეთამაშები თუ ამხანაგურს თამაშობ სკოლის ბავშვებთან.

კახი ცხადაძე ალბათ უფრო მყარად დაეშვება მიწაზე და მიხვდება, რომ მის ხელთ ის გუნდი არ არის, მუდამ რომ მომართულია და ყოველთვის ღირსეულად თამაშობს. კახის და ბიჭებს წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა ისიც ცხადია, რომ ცხადაძეს ერთ-ერთი ყველაზე რთული სამსახური აქვს საქართველოში.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ამისულაშვილი, გრიგალავა (68, ჰუფნაგელი), ნავალოვსკი (68, ფოფხაძე), კანკავა, ცინცაძე (73, დაუშვილი), კობახიძე (45, ჭანტურია), ყაზაიშვილი (79, ბეგლარიშვილი), ვაწაძე (45, ცხადაძე).

გოლები: პურიე, 60. პიკი, 65. გუსევი, 88.
საქართველოს ნაკრები ახლა ალბანეთში გადაინაცვლებს, სადაც მორიგ ამხანაგურ მატჩს ევროპის პირველობაზე გასულ ალბანეთთან ორშაბათს, 16 ნოემბერს ჩაატარებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები