LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„და-ძმის ტანდემი კიდევ სხვა არის, რაღაც სხვა სიყვარული, სხვა შეხმატკბილებაა… ბორიკოსთან შესრულებული დუეტი განსაკუთრებულია. ჩემთვის ის ძალიან დიდი მუსიკოსია…“ – სოფო ბედია პრემიერით „არ დაიდარდოში“

163
სოფო-ბედია

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ სოფო ბედია სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ძმასთან, ბორის ბედიასთან ერთად შექმნილი ალექსანდრე ბასილაიას სიმღერების პოპური წარუდგინა.

სოფო, ვისაუბროთ შენი და ბორისის ალექსანდრე ბასილაიას სიმღერების პოპურზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს პოპური გახლავთ ალექსანდრე ბასილაიას სიმღერები მულტფილმებიდან, ეს არ არის სტუდიური ჩანაწერი, ეს არის ლაივ შესრულება. რამდენიმე წლის წინ, მერაბ სეფაშვილთან ვიყავით გადაცემაში სტუმრად და ბატონ დავით მაზანაშვილის ბენდთან ერთად შევასრულეთ ეს სიმღერები.

ბორისთან ერთად სხვა ყველასთვის ცნობილი ჰიტების გაცოცხლებას და ახალი ვერსიების შექმნას ხომ არ გეგმავ?

ბორიკოს რაც შეეხება, იმიტომ არა, რომ ჩემი ძმა არის, ჩემთვის ის ძალიან დიდი მომღერალი, მუსიკოსია. და-ძმის ტანდემი კიდევ სხვა არის, რაღაც სხვა სიყვარული, სხვა შეხმატკბილებაა. ჩვენი ხმები ერთმანეთს უხდება. მე ბევრ ძალიან მაგარ მომღერალთან მაქვს დუეტი ნამღერი, ყველათი ვამაყობ, მაგრამ არავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ბორიკოსთან შესრულებული დუეტი მაინც განსაკუთრებულია.

რა თქმა უნდა, იდეაში გვაქვს დუეტი. ჩვენ საკმაოდ დაგვიგროვდა საერთო სიმღერები.

ვფიქრობ, ძალიან გაგიმართლათ, ორივე ასეთი წარმატებულები, საოცრად ნიჭიერები ხართ…

წარმატების კოდი დიდი შრომაა. მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერი ხარ, თუ ამაში დიდი შრომა არ ჩადე, თუ ის დაბრკოლებები, წინააღმდეგობები, რომელიც ჩვენს სფეროშია  თავშეკავებულად, ადამიანურად არ გადალახე, წარმატებას ვერ მიაღწევ.

ვიცი, რომ მაისში გქონდა მუსიკალური კონკურსი და ასევე, ძალიან საინტერესო კონკურსი იგეგმება ამ თვის ბოლოს და მოგვიყევი ამ ყველაფრის შესახებ.

10 მაისს, „კულტურის სამინისტროს“ და „თბილისის მერიის“ მხარდაჭერით შედგა ჩემი პროექტი, მე ვიყავი იდეის ავტორი და ორგანიზატორი. ჩავატარეთ „ქართული ხმა“, რომელიც მხოლოდ ქართული სიმღერის კონკურსი იყო და იყო ასაკობრივი, მხოლოდ 8-დან 21 წლამდე. იმდენი ბავშვი მოვიდა ქასთინგზე, ალბათ, 1000-მდე. მე კი სულ 50 უნდა შემერჩია, ამიტომ ამ ბავშვებს დავპირდი, რომ ახლო მომავალში, კიდევ გავაკეთებდი კონკურსს და ავასრულე ეს დაპირება. რაც შეეხება მომავალ კონკურსს, არ იქნება ასაკობრივი შეზღუდვა. 27-28 სექტემბერს მქონდა ქასთინგები. კონკურსში 80-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას.  მონაწილეები ასაკობრივ ჯგუფებად დავყავი, ყველაზე დიდი მონაწილე 54 წლისაა. 26 ოქტომბერს, „თბილისი არტ ჰოლში“ 12:00 საათიდან დაიწყება ჩვენი კონკურსი. დაჯილდოება 19:00 საათზე დაიწყება. სიმბოლურად დავაწესეთ ფულადი ჯილდოები, პირველი ადგილი 500 ლარია, მეორე – 400 ლარი, მესამე – 300 ლარი. ასევე, იქნება უამრავი ნომინაცია და ნომინაციის გარეშე, არცერთი მონაწილე არ წავა დარბაზიდან. ზეიმის, ბედნიერების დღე უნდა იყოს. ეს არ უნდა იყოს გაჯიბრება, პირიქით, ერთმანეთს უნდა უგულშემატკივრონ. დაიმახსოვრეთ, რომ პირველი ადგილი, მეორე ადგილი, გრანპრი, ძალიან კარგია და ყველას გაუხარდება, მაგრამ ჩემი კონკურსების ძალიან დიდი გამოცდილებით, ყოფილა ისე, რომ ფინალში გავსულვარ და საერთოდ არანაირი ადგილი არ ამიღია, ზოგჯერ მომიგია. ეს არის გამოცდილება.

რადგან კონკურენცია ვახსენეთ, ალბათ, საკმაოდ რთული იქნებოდა ის გზა, რომელიც გაიარე.

კი, თუმცა არცერთ ეტაპზე არ გავბოროტებულვარ, არცერთ ეტაპზე არ გავჩერებულვარ, პირიქით, ეს ჩემთვის მოტივაცია, გამოცდილება იყო, რომ სულ მემუშავა ჩემს თავზე და ჩემი საკუთარი რეპერტუარი შემექმნა.

რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

მაქვს სამი ახალი სიმღერა, რომელიც ახლო მომავალში გამოვა, ასევე, 2 კლიპი. ერთი საახალწლო სიმღერაა, მეორე კი არაბულ მოტივებზეა.

სოფო ბედია & ბორის ბედია – ალექსანდრე ბასილაიას პოპური

გადაცემის აუდიოჩანაწერი

სოფო ბედია. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები