მსოფლიო სადოპინგო სააგენტოს (WADA) სპეციალური კომისია რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაციისა და მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის ინიციატივით გამოვიდა. კომისიის 323-გვერდიანი ანგარიშის თანახმად, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიამ 2014 წელს 1417 დოპინგ-სინჯი გაანადგურა და რუსი სპორტსმენების მხრიდან დარღვევების ფაქტები დამალა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მანიპულაციები რუსეთის სპორტის მინისტრის ვიტალი მუტკოს ბრძანებით ხდებოდა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური კი, ქვეყანაში დოპინგის სისტემატური გამოყენების ფაქტებს მალავდა და ანტისადოპინგო ლაბორატორიის საქმიანობაში ერეოდა.
კომისია ასევე ხუთი რუსი სპორტსმენისა და ხუთი მწვრთნელის სამუდამო დისკვალიფიკაციის ინიციატივით გამოვიდა.
მსოფლიო სადოპინტო სააგენტო წლის ბოლომდე აღნიშნულ საკითხზე კიდევ ორი ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს. სააგენტოს ბრალდებებს მოსკოვში პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ სააგენტოს კომისიას სპორტსმნების დისკვალიფიკაციის უფლებამოსილება არა აქვს.