LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში ყოველი მეოთხე მოქალაქე საშობაო საჩუქარს აბრუნებს ან ცვლის

107
vitaly-gariev-vtrxnebpkna-unsplash

საშობაო არდადეგების დასრულებისთანავე დანიაში მაღაზიებში განსაკუთრებული აქტიურობა იწყება – მოქალაქეები მიღებულ საჩუქრებს აბრუნებენ ან სხვა ნივთებზე ცვლიან. არსებული მონაცემებით, ასე ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 25 პროცენტი იქცევა, წერს The Local-ი.

დანიის სავაჭრო პალატის პროგნოზის მიხედვით, წელს დაბრუნებული საშობაო საჩუქრების საერთო ღირებულება დაახლოებით 600 მილიონ კრონს მიაღწევს, რაც 83 მილიონ ევროზე მეტია.

ექსპერტები ამ ტენდენციას დანიელების პრაქტიკულ მიდგომას უკავშირებენ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია შეიძინონ საჭირო ნივთი, ვიდრე სახლში შეინახონ უსარგებლო საჩუქარი, რომელიც რეალურად არ გამოადგებათ.

ყველაზე ხშირად მაღაზიებში ბრუნდება ტანსაცმელი – დაბრუნებული ნივთების 40 პროცენტზე მეტი სწორედ ამ კატეგორიაზე მოდის. ასევე ხშირია სახლის აქსესუარების, ელექტრონიკის, ფეხსაცმლისა და კოსმეტიკის დაბრუნება.

საჩუქრების დაბრუნების პროცესი დანიაში საკმაოდ მარტივია. ხშირ შემთხვევაში, ნივთებს სპეციალური ეტიკეტით – ე.წ. byttemærke-თ ჩუქნიან, რომელიც მიმღებს აძლევს საშუალებას გაიგოს, რომელ მაღაზიაშია ნაყიდი პროდუქტი და რა ვადაში შეუძლია მისი დაბრუნება ან გაცვლა.

დანიაში ეს პრაქტიკა უკვე დიდი ხანია კულტურის ნაწილად იქცა და არც გამყიდველებს, არც მყიდველებს განსაკუთრებულ დისკომფორტს არ უქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები