განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული, ანუ უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება ღამის 03:00 საათზე და გაგრძელდება დილის 10:00 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ამცირებს კონცენტრაციასა და ყურადღებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.
დღეიდან 20 მარტამდე გონების, კომუნიკაციისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული, ანუ უკუმავალი ხდება. მისი ზეგავლენა მნიშვნელოვნად შეაფერხებს მოლაპარაკებებს, ახალი საქმის დაწყებასა და საჭირო ინფორმაციის მოძიებას. შესაძლოა გაიზარდოს სატრანსპორტო შეფერხებები და ტექნიკის სფეროშიც გამოვლინდეს გარკვეული სირთულეები.
ამავდროულად, ეს პერიოდი მოითხოვს მეტ სიფრთხილეს, რადგან ხელს უწყობს ძველი, არასწორად განვითარებული იდეებისა და საქმეების გადახედვას, გაანალიზებასა და გამოსწორებას. შესაძლებელია ძველი კონტაქტების აღდგენა, მათი ხელახალი გააზრება და ზოგიერთ შემთხვევაში ახლებურად განვითარებაც. ეს არის დრო, რომელიც გვაბრუნებს წარსულში და გვაძლევს შესაძლებლობას გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ შეცდომები. ახალი საქმეების დაწყება 20 მარტამდე რეკომენდებული არ არის.
დღის რეკომენდაცია – დღეს დაგვიანების ალბათობა მატულობს, ამიტომ დროულად დაიჭირეთ თადარიგი. ყურადღებით მოისმინეთ სხვათა რჩევები. დღის მეორე ნახევარში პარტნიორების დარწმუნება უფრო მარტივი იქნება.
ჯანმრთელობა – შედეგიანია კბილების, ძვლების, სახსრებისა და მუხლების მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კუჭს, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ნიგოზი, ბოსტნეული, ხილი და რძის ნაწარმი.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – რთული დღეა ქორწინებისთვის, საცხოვრებელი ადგილის, მათ შორის ბინის შეცვლისთვის და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. არ არის სასურველი სესხის აღება და დაპირებების გაცემა. ფინანსურ დოკუმენტებს ხელის მოწერამდე ყურადღებით გადაამოწმეთ. დღე კარგია ტრადიციებში ჩასაღრმავებლად, ახლობლებთან კონტაქტისთვის, ვაჭრობისა და კულინარიისთვის. ხელს უწყობს ფოტოგრაფიას, მცენარეების გადარგვას და ხალხურ შემოქმედებას.
დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ზურმუხტი, აქატი, ოპალი და მარგალიტი. ფერებიდან რეკომენდებულია მწვანე, თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი და ბეჟი ტონები, რომლებიც აძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება ქალწულის, მორიელისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.