LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ავტომოგზაურობა: მოიძებნება კი ვინმე, რომელიც მზად იქნება მანძილი პარიზიდან პეკინამდე დაფაროს…

149
s-l1200

ამერიკელი ჩარლზ გელიდენი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ავტომობილით მოგზაურობა გადაწყვიტა. 1902-1907 წლებში „ნაპიერის” მოდელით ჯერ აზიის ქვეყნები, შემდეგ ავსტრალია და ახალი ზელანდია მოიარა. ჯამში მან მსოფლიოს 35 ქვეყანაში 80 ათასი კილომეტრი გაიარა. მიუხედავად ამისა, მისი ვოიაჟი საქვეყნოდ ცნობილი ვერ გახდა.

აი, პირველმა ტრანსკონტინენტალურმა მოგზაურობამ კი მთელი მსოფლიო აალაპარაკა, რადგან ამ მოგზაურობას ორგანიზება ცნობილმა ფრანგულმა გაზეთმა „ლე მატინ”-მა გაუკეთა. 1907 წელს გაზეთმა განცხადება გამოაქვეყნა:
„მოიძებნება კი ვინმე ისეთი, რომელიც მზად იქნება მანძილი პარიზიდან პეკინამდე ამ ზაფხულს დაფაროს. ეს იქნებოდა ავტომობილისთვის გრანდიოზული გამოცდა, რაც კი ოდესმე მოუწყვიათ”, – ეწერა გაზეთში.
12 ათასი კილომეტრის დაფარვის შემთხვევაში გამარჯვებული 12 ათას ფრანკს მიიღებდა.

გაზეთს პირველი ავტოქარხნის მფლობელი და საფრანგეთში საავტომობილო ფედერაციის დამაარსებელი მარკიზ დე დიონი გამოეხმაურა. დიონს იმაზე ფიქრი არ ასვენებდა, რომ ასეთ შესანიშნავ თავგადასავალში კონკურენტს ვერ იპოვიდა. მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა, პირველი კონკურენტი სულ მალე გამოჩნდა, ეს იყო იტალიელი თავადი შიპიონ ბორგეზე, რომელმაც შორეული მოგზაურობისთვის ავტომობილი ფირმა „იტალა”-ს შეუკვეთა. საბოლოოდ 5 ეკიპაჟი, 4 ავტომობილი და ერთი ტრიციკლი შეგროვდა.

მარცხნივ ბორგეზე და მარჯვნივ ბარძინი

ყველა ფორმალური მხარის მოგვარების შემდეგ სტარტი ჩინეთის დედაქალაქში 1907 წლის 10 ივლისს დაინიშნა. პეკინიდან სპორტსმენებს ევროპელი დიპლომატები, ხელისუფლება და ხალხის დიდი მასა მიაცილებდა.

ბორგეზეს კურსი პეკინიდან პარიზამდე

პირველი დანაკარგი სტარტიდან სულ მალე გამოჩნდა. ტრიციკლს უგზოობის გამო სიარული აღარ შეეძლო და ბრძოლას გამოეთიშა. ავტომობილები კი მუდმივად იმსხვრეოდნენ და გზადაგზა ადგილობრივი ხელოსნები არემონტებდნენ.
შეჯიბრებაში მალევე დაწინაურდა “იტალა”, დანარჩენი მონაწილეები მას მთელი 2 კვირით ჩამორჩნენ. შეჯიბრის უმეტესი ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, სტარტიდან 18 დღის შემდეგ თავადი შიპიონე ბორგეზე მოსკოვში იყო, 10 აგვისტოს კი ტაშს უკვე პარიზში უკრავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები